12
Jun
2019

„მარდი ჰოლდინგი“ უძრავ ქონებას კრიპტოვალუტაში ყიდის  

12 Jun 2019

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „მარდი ჰოლდინგი“, მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – ნებისმიერ მსურველს შეუძლია, უძრავი ქონების საფასური კრიპტოვალუტაში გადაიხადოს. ანგარიშსწორება, ძირითადად, ბიტკოინით, ეთერიუმითა და ლაითკოინით ხდება.

„ამისათვის საჭიროა, ფიზიკურ პირს ჰქონდეს ელექტრონული საფულე და მისამართი, სადაც  განთავსებულია ციფრული ვალუტა. გარიგების პროცესში, ხდება ლართან მიმართებაში არსებული კურსის გათვალისწინებით  გადაცვლა, რის შემდეგაც, მომხმარებელი შეძლებს, მიღებული ლარები გადარიცხოს კომერციული ბანკის მიმდინარე ანგარიშზე“, – ამბობს „მარდი ჰოლდინგის“ ფინანსური დირექტორი თამარ დევაძე.

კრიპტპვალუტით უძრავი ქონების შეძენა ან ქირაობა ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში, „მარდი ჰოლდინგის“ მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებში შეიძლება.

„ჩვენი კომპანია უკვე 24 წელია, სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე ოპერირებს. გვაქვს ძალიან ბევრი დასრულებული პროექტი ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში. გარდა ამისა, რამოდენიმე მიმდინარე პროექტი. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართებს. ჩვენი ახალი პროდუქტია „აპარტ ოტელი“. ესეც სიახლეა ჩვენი ბაზრისთვის. ვეწევით სარესტორნო საქმიანობას, ვაწარმოებთ ღვინოს და საფირმო სიგარას. მსგავსი ტიპის მექანიზმის [კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება] მორგება შესაძლებელია ნებისმიერ ჩვენ პროექტზე“, – ამბობს თამარ დევაძე.

მისივე თქმით, სიახლე კომპანიაში ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და მოთხოვნებიდან გამომდინარე დაინერგა.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვუპასუხოთ ბაზრის გამოწვევებს, მოვერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მომხმარებელს გავუმარტივოთ პროცედურა. გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა არსებობს, შევეცადეთ შესაბამისად გვეპასუხა მიწოდებით“.

როგორც თამარ დევაძე ამბობს, კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება განსაკუთრებით ხელსაყრელია ტურისტებისთვის.

„საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში შეინიშნება ტურისტების ნაკადის ზრდა საქართველოში, განსაკუთრებით, ბათუმში. ასევე გაიზარდა მათი ინტერესი უძრავი ქონების მიმართ. ოფიციალური სტატისტიკით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა გაიზარდა საშუალოდ 25%-ით. გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად გლობალურ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა კრიპტოვალუტების მიმართ, ხშირად ჩვენი უცხოელი მომხმარებლები ითხოვდნენ, რომ ანგარიშსწორებისას გამოგვეყენებინა ციფრული ვალუტა. ეს არის ალტერნატიული გადახდის მექანიზმი სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება სულ რამდენიმე დღეა დავიწყეთ და ვფიქრობთ, ამ მომსახურებით ბევრი მომხმარებელი ისარგებლებს“.

 

განხილვა