in

„პროფესიულ კარიერაზე უარი ვთქვით და ქართული ხელნაკეთი საპნის წარმოება დავიწყეთ. ასე შეიქმნა „მარგი“

Startauperi
Startauperi

„წარმატების ნამდვილი გასაღები ენთუზიაზმია“. /უოლტერ კრაისლერი/

ქართული საპნის წარმოება ლაშა ლომიძემ და ლევან ლომთაძემ ოთხი წლის წინ გადაწყვიტეს. სურდათ ქართული ხარისხიანი პროდუქტი შეექმნათ, რომელსაც ადგილობრივ ბაზარსაც მოაწონებდნენ და ექსპორტზეც გაიტანდნენ. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მეგობრები ხელნაკეთი საპნის შექმნამდე მივიდნენ. იდეამ იმდენად შთააგონათ, რომ პროფესიით იურისტმა და ეკონომისტმა, კერძო კომპანიებში მუშაობას თავი დაანებეს და ენთუზიაზმით შეუდგნენ მათთვის სრულიად უცნობი სფეროს საფუძვლიან შესწავლას. მეგობრებმა, სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავეს რეცეპტურა და დღეს, „მარგის“ ბრენდის ქართულ ხელნაკეთ საპონს სააფთიაქო ქსელებში შეხვდებით…

M: თქვენი პროფესიების გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ სწორედ საპნის ბიზნესმა დაგაინტერესათ. რა პერსპექტივა დაინახეთ ამ საქმეში?

საპონზე მუშაობა მეგობრის ბებომ გადაგვაწყვეტინა. ის გვიყვებოდა საბჭოთა კავშირში ცხოვრების შესახებ. იხსნებდა, როგორ უჭირდათ დღესდღეობით ამ მარტივად მისაწვდომი პროდუქტის – საპნის შოვნა და როგორ ცდილობდნენ მის დამზადებას საკუთარი ხელებით. მოვიძიეთ ლიტერატურა საპნის წარმოების შესახებ და აღმოჩნდა, რომ მივაგენით საკმაოდ საინტერესო პროდუქტს – ხელნაკეთ საპონს, რომელიც ძირეულად განსხვავდებოდა ქარხნულისგან და ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს იყო ის, რაც შესაბამისობაში მოდიოდა ჩვენს იდეასთან. ამასთან, სიახლეს წარმოადგენდა ქართულ ბაზარზე და კონკურენტუნარიანი იქნებოდა იმპორტირებულ პროდუქტებთან.

M: Soap.ge-ს დახმარებით, რა პრობლემა გსურდათ გადაგეჭრათ მომხმარებლისთვის?

ერთი შეხედვით უმნიშვნელო საშუალებას – საპონს შეუძლია სერიოზულად ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას, ან პირიქით, გახდეს მისი დაცვის ერთ-ერთი გარანტი. ადამიანები საპონს ყოველდღიურად იყენებენ, თუმცა არ იციან მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ. მათ არ აქვთ ინფორმაცია საპნის შემადგენლობაზე, არ არსებობს კვლევები ქართულ ენაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ჩვეულებრივი ქარხნული საპონი ადამიანის სიცოცხლეს და რა ზიანი მოაქვს გარემოსთვის. მაგალითისთვის, ამერიკის საკვებისა და წამლის კონტროლის ადმინისტრაციამ აკრძალა საპონში 19 ნივთიერების შემცველობა, მათგან ერთ-ერთი საშიში ნივთიერება იყო ტრიკლოზანი, რომელსაც შეიცავს თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საპონი და რომელიც მთავარ კანცეროგენს წარმოადგენს. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც თავისუფალი იქნებოდა მავნე ნივთიერებებისგან და გამორჩეული – სამკურნალო თვისებებით.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ საქმე?

მიუხედავად იმისა, რომ მოტივი, მიზანი და მონდომება პროდუქტის წარმოების  მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არსებობს კიდევ ერთი აუცილებელი ფაქტორი – ცოდნა და  გამოცდილება, რომელიც საწყის ეტაპზე ფაქტობრივად ნულოვანი გვქონდა. ვეცადეთ ჩვენი ინტუიციით გაგვეკეთებინა პროდუქტი, რომელსაც ვტესტავდით საკუთარ თავზე, რის გამოც კანის სხვადასხვა დაზიანებებიც კი მივიღეთ. თუმცა, სადაც მონდომებაა, იქ შეუძლებელი არაფერია. დავიწყეთ ამ საკითხზე სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა. მოვძებნეთ  სფეროში გათვითცნობიერებული ქართველი და უცხოელი ქიმიკოსები, რომელთა დახმარებითაც შევქმენით ინდივიდუალური, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, საკუთარი რეცეპტით დამზადებული ხელნაკეთი საპონი. პროდუქტმა წარმატებით გაიარა ლაბორატორიული ტესტირება და დღესდღეობით, ქართულ სააფთიაქო ქსელებში იყიდება.

M: როგორ შეძელით კონკურენტუნარიანობის მოპოვება?

მას შემდეგ, რაც შევქმენით პლატფორმა soap.ge და სარეალიზაციო პროდუქტი MarGI, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ფიქრი ბაზრის ათვისებაზე, რაც კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. დავინახეთ, რომ ქართული პროდუქტის მიმართ სანდოობა იყო ძალიან დაბალი და არჩევანს მყიდველი მაინც უცხოურზე აკეთებდა. ასე იქცეოდნენ მაღაზიისა თუ სხვადასხვა ქსელების მენეჯერებიც, რომლებსაც არ სურდათ ჩვენი პროდუქტი გასაყიდად განეთავსებინათ. ფაქტობრივად, მთელი შრომა წყალში გვეყრებოდა და არავინ ინტერესდებოდა საპნის დადებითი თვისებებით. ყველას აინტერესებდა ფასი, რამდენად ცნობადები ვიყავით ბაზარზე და სწორედ ამის მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებას საპნის თავის ქსელში განთავსების თაობაზე.

იმ დროს, სტუდენტები ვიყავით, არ გვქონდა დიდი ფინანსური სარეკლამო რესურსი. ეს გვირთულებდა საქმეს. თუმცა, ისევ ენთუზიაზმი დაგვეხმარა, რომელიც დაწყების დღიდან, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, არ დაგვიკარგავს. ასევე, სტიმულს გვაძლევდა სრულიად  უცხო ადამიანების დადებითი შეფასებები, რომლებმაც ჩვენი პროდუქტი გამოიყენეს. მონდომებამ და დაუზარელმა შრომამ საბოლოოდ მაინც გამოიღო შედეგი და საპნით დაინტერესდა  ჯიპისის და ფარმადეპოს ქსელები. თავდაპირველად, „მარგი“ იყიდებოდა რამდენიმე ფილიალში, თუმცა დღესდღეობით, მომხარებელთა სურვილის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი პროდუქტი იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში.

M: რა არის თქვენი პროდუქტის კონკურენტული უპირატესობა?

საპონი მზადდება ე.წ. ცივი დამზადების მეთოდით, მასში გამოყენებულია ნატურალური გასუფთავებული ზეთები და ეთერზეთები, არ აქვს დამატებული კოსმეტიკური მავნე სურნელები, რის გამოც არ გამოირჩევა მძაფრი გამაღიზიანებელი სუნით. საპნის კეთების დროს  წარმოიქმნება ბუნებრივი გლიცერინი, რომელიც განსაკუთრებულობას სძენს. მასში შემავალი  ვიტამინები აღადგენენ, აუმჯობესებენ და აახალგაზრდავებენ კანს. ეფექტურად მოქმედებენ სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, როგორებიცაა: აკნე, ფსორიაზი, დერმატიტი და ა.შ.  პროდუქტი ბიოდეგრადირებადია, რის გამოც, ის საფრთხეს არ უქმნის გარემოს და მასში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე?

ჩვენთვის „მარგი“ არ არის მხოლოდ მატერიალური შემოსავლის წყარო, გვაქვს ძალიან მჭიდრო ემოციური კავშირი, რადგან მის შექმნაში უდიდესი ძალისხმევა და მორალური რესურსი დაიხარჯა. ჩვენთვის მთავარი მოტივატორი არის მოხმარებლების დადებითი შეფასებები და დერმატოლოგიური შედეგები, რომლებიც საბედნიეროდ ძალიან ბევრია. ენთუზიაზმი  არ გაქრება მანამდე, სანამ ერთი კმაყოფილი მომხმარებელი მაინც ეყოლება ჩვენს კომპანიას. სამომავლოდ იგეგმება თავდაპირველად ხსენებული  იდეის ბოლომდე გამართვა. ჯერ გვსურს სრულყოფილად ავითვისოთ ქართული ბაზარი, რის შემდგომაც დავიწყებთ მუშაობას პროდუქტის მასშტაბურ რეალიზაციაზე საზღვარგარეთ, თუმცა ამ მხრივ, მცირე ნაბიჯები ახლაც გვაქვს გადადგმული და „მარგის“ საპონი რამდენიმე ქვეყანაში, მცირე მასშტაბით, უკვე იყიდება. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მუდმივ განვითარებაზე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ხარისხი, რომლითაც შევედით ქართულ ბაზარზე. ვინაიდან ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით და ასევე, ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა ეკონომიკური ფენისთვის, ვთვლით, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანია სხვა პროდუქტების მიმართ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Cisco-მ გაფართოებული რეალობის შეხვედრების სერვისი წარადგინა

ტრეი იანგი ამტკიცებს, რომ “შეუძლებელი არაფერია” – Adidas-ის ახალი სარეკლამო რგოლი