in

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი – სხეულისა და გონების სიახლოვე


მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი 1994 წელს, დავით ჩიხლაძის ხელმძღვანელობით დაარსდა, სადაც წარმოდგენილი პერფორმანსები, თვითრეფლექსიური თხრობა, ერთის მხრივ, ანტითეატრსა და არალიტერატურულ, პოსტდრამატულ თეატრზე აქცენტირებს, მეორეს მხრივ კი, ჩვეული თეატრალური თხრობის ჩარჩოსა და ფორმის შენარჩუნებასაც გულისხმობს.

პანდემიის პირობებში კულტურული ცხოვრების ჩვეული სახით შენარჩუნება მართლაც რთულია, თუმცა პერფორმანსის თეატრის დასმა, გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, განაგრძო შემოქმედებითი ცხოვრება.  ადვილი არ ყოფილა ახალ რეალობასთან შეგუება, როცა მოულოდნელად ყველაფერი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ ყველანაირი წესებისა და რეგულაციების დაცვით მაინც განვაგრძობდით რეპეტიციებს” – მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის არტისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუცა იაშვილი.

თეატრის დასი აბსტრაქტული პერფორმანსების ინსპირაციის წყაროდ იყენებს როგორც მითოლოგიურ, ისე ლიტერატურულ სიუჟეტებს, რომელთა დეკონსტრუქციასაც ახდენენ არტისტები და მოძრაობების ფრაგმენტებში გადააქვთ. სიტყვებს გარდაქმნიან მოძრაობებად…„ჩვენი თეატრი მიმართავს კარნავალიზმის და დიალოგის მეთოდს, სხეულისა და გონების სიახლოვის მისაღწევად. ჩვენს შემთხვევაში სხეულის მოძრაობა, სხვადასხვა ჟესტიკულაცია და ნიშნები არ წარმოადგენს პანტომიმას ან სიმბოლურ ქორეოგრაფიას და ამ შემთხვევაში მათ რიტუალური დატვირთვა გააჩნია. ბუტოს ცეკვის ესთეტიკის მსგავსად, აქაც დიდია სპონტანური ექსპრესიის წილი. აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის სხვადასხვა რიტუალური იკონოგრაფია, როგორიცაა, მაგალითად, რომელიმე პლანეტის თაყვანისცემის ჟესტიკულაცია, პოზები ანდაც რიტუალური ნიშნები“.

გარდა მითოლოგიური და ლიტერატურული სიუჟეტებისა, დასის პერფორმანსები სცენოგრაფიულად მოიცავს ე.წ. ყოველდღიურ და ზედაპირული მგრძნობელობის მქონე სიუჟეტებსაც. ეს უფრო მეტად კაბარეს სიმსუბუქეს მოგვაგონებს. „სწორედ ამის მაგალითია: “ახალი საუკეთესო მარტივი ცხოვრება” – ეს გახლავთ ნაპოვნი წარწერა რეციკლირების დიდი შავი ცელოფნის ტომარაზე – რომელიც  დაიწყო რიჩარდ ფორმანის დღიურებით და მისი ერთ-ერთი ვიდეოც სწორედ გარიყულაში გადავიღეთ.” – ნუცა იაშვილი.

არტისტები პერფორმანსის ტანსაცმლისთვის იყენებენ მარტივ მასალას, მაგალითად, ცელოფანს, დიდი ზომის ტანსაცმელს. ასევე საქსოვ ძაფებს, გაზეთებს და სხვ. ამას გარდა, აქტუალურია ნიღბების, როგორც არტისტსა და აუდიტორიას შორის მყოფი მისტერიული გაშუალების მეთოდის გამოყენება. „ეს დიდ როლს ასრულებს იმპროვიზაციის დროს. არტისტი უფრო გაბედული, საინტერესო და ამავდროულად უშუალო ხდება, ერთგვარ იდუმალების ეფექტს ახდენს. ჩვენი ნიღბები ხანდახან მთლიანად სახეს ფარავს, მაგალითად ვიყენებთ ხოლმე ცხოველების ნიღბებს. ან შესაძლოა გამოვიყენოთ მხოლოდ მეტალის ცხვირები, ძაფებისგან გაკეთებული ნიღბები, რომლებიც აბსტრაქტულია, თან ფარავენ სახის ნაწილს და თან ერთგავრი უცნაური, ასიმეტრიული ფორმა აქვთ, რაც მაყურებელზე გავლენას ახდენს.“

ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე Fest I Nova 2020 – ARS GARIKULA მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის დასის კონტაქტ-იმპროვიზაციები გარკვეულწილად, იდეურად პანდემიის მიმართ პროტესტს ეხმიანებოდა. თავის მხრივ, კონტაქტი არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას, არამედ ადამიანებს შორის გძნობიერ, გონებრივ ურთიერთობას, რომლითაც ვიკვებებით ყოველდღიურად.

ფესტივალთან დაკავშირებით, ნუცა იაშვილი იხსენებს: სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო, პერფორმანსის ონლაინ რეჟიმში ჩვენება… ალბათ ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია პერფორმანსის დროს არტისტებსა და მაყურებლებს შორის ინტერაქცია – ეს არის ერთი მთლიანობა, როდესაც კავშირით წარმოქმნილი ენერგია განსაზღვრავს შედგა თუ არა პერფორმანსი. როდესაც თავად გასცემ ენერგიას, აუცილებლად იღებ მას დამსწრეებისგანაც. 

დასმა ფესტივალზე კონტაქტ-იმპროვიზაციების ფოტო და ვიდეო მასალა წარადგინა. “ლაივის” სახით აქამდე მხოლოდ მელვილის ფაბრიკის ღია რეპეტიციის ჩვენება მოხერხდა და არტისტები იმედოვნებენ, რომ მსგავს პანდემიურ სიტუაციაშიც შეძლებენ საკუთარი შემოქმედების საზოგადოებამდე მიტანას.

 

პერფორმანსის თეატრალურ დასს მრავალი წარმატება ახსოვს – 2015 წელს, მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრთან თანამშრომლობის შედეგად, ნიუ-იორკის საერთაშორისო კულტურის ლაბორატორიამ ნიუ-იორკში დააარსა ყოველწლიური თანამედროვე ექსპერიმენტული და ფიზიკური თეატრის ფესტივალი “კონი აილენდის რიტუალური კაბარე“. მანამდე კი, ჯერ კიდევ 1999 წლიდან პერფორმანსის თეატრი გასცდა საქართველოს საზღვრებს და არაერთი წარმოდგენა ჰქონდა ისეთ თეატრებში, როგორიცაა Chocolate Factory, Theater Et Al, Spirit Wind Performance Space და ასე შემდეგ.

2020 წლის იანვრიდან თეატრი, უკვე დასის ახალი შემადგენლობით, მუშაობას აგრძელებს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

ავტორი: ქეთია ბელქანია


ახალი კვლევა – როგორ მოქმედებს მარტოობა ჩვენს ტვინზე?

არტიატო – სამგანზომილებიანი ქანდაკების დასამზადებელი ნაკრები