in

მარი აბულაძე — შთაბეჭდილებები კანის ფესტივალიდან

2025 წლის კანის ფესტივალმა დიდებულად ჩაიარა. ვერცხლიც წამოვიღეთ და ისტორიაში პირველად კანის სცენიდან ქართველი სპიკერებსაც მოვუსმინეთ თემით Creative Fighters: World War for Values. დასწრების ფუფუნება რადგან ყველას არ ჰქონია, დიდი ინტერესი არსებობს კადრებს მიღმა არსებული ამბების მიმართ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ფესტივალის ქართველ დამსწრეებთან გვესაუბრა და თქვენთვის მათი შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა, გაგვეგო, რა გამოვტოვეთ კანში არყოფნით, ადგილზე, სადაც მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრია იკრიბება…

ამაზე მარკეტერს პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარი აბულაძე უყვება:

„წელს პირველად მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი კანის ლომების ფესტივალს. დიდი ხანია მაქვს ამის სურვილი და ყოველთვის ვადევნებდი თვალს ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულ იდეებს, კამპანიებსა და ინიციატივებს. მით უმეტეს, რომ მარკეტინგისა და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის განსაკუთრებული შთაგონების წყაროა, ამ ყველაფრის რეალურად ნახვა კი, კიდევ უფრო საინტერესო იყო.

ფესტივალს განსაკუთრებულს ბევრი რამ ხდის. პირველ რიგში, იმ ადამიანებთან პირადად შეხვედრა, ვისზეც აქამდე უბრალოდ გსმენია, მათ შესახებ სტატიები წაგიკითხავს, მათი შექმნილი კამპანიებით გიხელმძღვანელია ან მათი საქმიანობის შესახებ იცი, ხედავ და ხვდები, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეიძლება შენც ერთ დღეს შენივე საქმით შეძლო მნიშვნელოვანი გარდატეხა. მეორე შთამბეჭდავი რამ ფესტივალის ტერიტორია და ყველა იმ ბრენდის ერთ სივრცეში ნახვაა, რომლებიც სარეკლამო ინდუსტრიის ამინდს ქმნის, იმ ბრენდებისა და სააგენტოების, რომლებიც სამყაროს ტრენდებს კარნახობს. 

ფესტივალის განსაკუთრებული სირთულე არის FOMO — შიში, რომ რაიმეს გამოტოვებ — აპლიკაციის ჩამოწერის წამიდან ვცდილობდი, ამერჩია ისეთი სპიკერები და გამოსვლები, რომლებიც განსაკუთრებულად მაინტერესებდა, მაგრამ, პარალელურად, იმდენი საინტერესო რამ ხდება, რთულია, ყველაფერი მოასწრო, ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ვესწრებოდი, ვფიქრობდი, იქ მეორე სცენაზე რა გამოვტოვე ან სანაპიროზე Spotify-ის აქტივობას ხომ არ ჩამოვრჩი… თუმცა მესამე დღეს უკვე დავნებდი და ვცდილობდი ჩემი არჩევანით დავკმაყოფილებულიყავი, თან აღმოვაჩინე, რომ შემდეგ სპეციალურ პლატფორმაზე შემეძლო მომესმინა გამოტოვებული სფიჩებისთვის.

ჯამურად, ყველაზე სასარგებლო სფეროს ტენდენციებია, რასაც ყველას მოსმენის, ყველაფრის ნახვის შემდეგ, გონებაში აერთიანებ. წელს, ვფიქრობ, კანის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებითობას და ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა მაინც გამოწვევაა „კრეატიული სამყაროსთვის“, რადგან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და დაკოპირება მეტად ართულებს იდეის ორიგინალურობას, მეტი ფიქრისა და უფრო კარგი ინსაითების ძებნისკენ გვიბიძგებს. თუმცა, როგორც გვითხრეს:

სანერვიულო არაფერია.

გარდა ფესტივალის „ჰედლაინერებისა, როგორებიც იყვნენ ჯონ ჰეგარტი, სერენა უილიამსი, ჯიმი ფელონი, დეივიდ დროგა და ა.შ. ვცდილობდი, პატარა ბრენდების გამოსვლებს დავსწრებოდი — განსაკუთრებით დამამახსოვრდა Goodlers-ის ბრენდის CEO-ს სლაიდი: Fans not targets.

სამიზნე სეგმენტი თუ აუდიტორია, ალბათ, ის სიტყვებია, რომლებიც რეკლამის სფეროში მომუშავე ადამიანებს და მარკეტერებს ყოველდღიურად გვესმის, თუმცა რა მოხდება თუ მათ „სამიზნეს“ კი არა, არამედ ჩვენს გულშემატკივრებს დავუძახებთ?! რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამიზნე აუდიტორიას კი არ მივწვდეთ, არამედ ჩვენი პროდუქტის თუ სერვისის მომხმარებლები ჩვენსავე გულშემატკივრებად ვაქციოთ?! 

ფესტივალის დასკვნით დღეს კი ყველაზე საამაყო მომენტი იყო, როცა პირველად დაეთმოთ სცენა ქართველ სპიკერებს, თანაც ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ და რელევანტურ, განსაკუთრებულ თემაზე — ვატო ქავთარაძემ და სალომე ასათიანმა კანის ფესტივალის აუდიტორიას ქვეყნის მიმდინარე ვითარება გააცნეს და კრეატიული ინდუსტრიის როლზე ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი გადაწყვეტები მაშინ, როცა ქვეყანა მნიშვნელოვან, გარდამტეხ ქარტეხილებშია. პატარა ქვეყნისთვის კი ყველა ადამიანი, თითოეული ადამიანის გონება და ფიქრი გარემოს, საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.

წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მდგრადი განვითარება იყო. ამ საკითხის აქტუალობა ყოველ წელს იმატებს, თუმცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ჯერ ცოტა თუ ახერხებს რეალურად… ვფიქრობ, ჯერ ვერ ამოვხსენით და კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება ამ ამოცანისთვის, თუ როგორ მოვუაროთ გარემოს, გავაძლიეროთ უმცირესობები, ვებრძოლოთ შიმშილს და თან გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვენს მომხმარებლურ სამყაროში. თუმცა საკითხი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ბრენდებიც აქტიურად ცდილობენ ჩართვას და ეს ძალიან კარგია.

დაბოლოს, განსაკუთრებული ემოცია იყო ახალგაზრდა ქართველი ლომების ვერცხლი დიზაინში — კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ — ქართული დროშის სცენაზე დანახვა სულ სხვაგვარი სიამაყის შეგრძნება იყო.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„Talkpal AI-ში მოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა“ – ნანა კაიდარაშვილი

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება