სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად, აშშ-ში გავემგზავრე, სადაც ბოსტონში, Brandeis University-ში ჩავაბარე. ზუსტად არ ვიცოდი, რა მიმართულებით მინდოდა პროფესიის არჩევა, ამიტომ პირველი ორი წლის განმავლობაში, ჩემი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ საგანს ვიღებდი. მეორე კურსზე გადავწყვიტე სამსახური დამეწყო და უნივერსიტეტის შიგნით გამოცხადებულ ვაკანსიაზე გავაგზავნე აპლიკაცია. კურსდამთავრებულთა კომუნის მენეჯერის პოზიციაზე მოხვედრას ბევრი სტუდენტი ცდილობდა. ჩვეულებრივად, გავიარე შესარჩევი ეტაპები და ამიყვანეს. ჩემს ფუნქციებში კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, შეხვედრების ორგანიზება, უნივერსიტეტის სიახლეების მოძიება და განთავსება იყო, რითაც საუნივერსიტეტო ცხოვრების პოპულარიზაციას ვუწყობდი ხელს. ამ პროცესში უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებმაც შემდეგ, რეკომენდაცია გამიწიეს. ამ სამსახურმა მომიტანა საკუთარი ფინანსების განცდა. მივხვდი, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი გარკვეულ პროცესში ჩართვა ადვილად გამომდიოდა. ფანდრაიზინგებსაც ვაკეთებდი, გუნდთან ერთად ვწყვეტდი, ვისთვის გადაგვეცა სტიპენდია. რთული ის გახლდათ, რომ რთული იყო კომუნიკაციის წამოწყება კურსდამთავრებულებთან, უცხო ადამიანებთან უნდა დამერეკა, გამეხსნა და თანამშრომლობის სურვილი გამეღვიძებინა. კულტურული სახესხვაობიდან გამომდინარე, ძნელი იყო, თუმცა ამ სამსახურმა მარკეტინგის სფეროსადმი ინტერესი გამიღვივა და ამ მიმართულებით გადავწყვიტე წასვლა.
შემდეგ, მესამე კურსზე გადავწყვიტე დიდ ბრიტანეთში მიმეღო გამოცდილება და ზაფხულში, ტრეიგინგ კომპანია Stemcor London-ში აღმოვჩნდი. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა აქ მუშაობისას მივხვდი, რა არ მაინტერესებდა.
აშშ-ში უნივერსიტეტის „გარეთ“ მუშაობა კომპანია Hill Holliday-ში დავიწყე. ეს ისეთი გამოცდილება იყო, რომელსაც დღემდე გამორჩეულად ვიხსენებ და ვაფასებ. კომპანიაში მუშაობის დაწყებისას, ყოველთვის ინტერესდებიან, რამდენად გაქვს სამუშაო ეთიკა გამომუშავებული. შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება ძალიან დამეხმარა მომდევნო სამსახურის პოვნაში. ხშირად დავდიოდი ხოლმე Job Fair-ებზე და ამ კომპანიის წარმომადგენლებიც მაშინ გავიცანი. ვუთხარი, რომ სულ მინდოდა მსგავს სააგენტოსთან მუშაობის სურვილი. Hill Holliday-ში ამერიკის ბანკის ექაუნთზე ვმუშაობდი. საოცარი გამოცდილება იყო. წარმოიდგინეთ, ისეთი კომპანიებიდან მოდიოდნენ და გვთხოვდნენ თანამშრომლობას, როგორიცაა Snapchat. სტაჟირების პროცესი სრულად ჰქონდათ გაწერილი, ყველას თავისი მენტორი ჰყავდა, რაც უმნიშვნელოვანესია. იქ სტაჟიორს სულ აკვირდებიან, დებენ ინვესტიციას, რომ ღირებულ თანამშრომლად გაგზარდონ. ასე აღმოვჩნდი საბანკო სფეროში.
მარი აბულაძე – Space International-ის კომუნიკაციების ლიდი.










