„პროკრედიტ ბანკს“ მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მიმართულება მარი აბულაძემ ჩაიბარა. მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება საბანკო სფეროს მარკეტინგში – „პროკრედიტამდე“ ჯერ „სფეის საქართველოს“ მარკეტინგის ლიდი იყო, კომპანიის გლობალურ ბაზარზე შემდეგ კი Space International-ის კომუნიკაციებს ჩაუდგა სათავეში. უფრო ადრე, ბოსტონში, Brandeis University-ში სწავლის პარალელურად, სააგენტო Hill Holliday-ში მუშაობდა. გამოცდილება დიდ ბრიტანეთშიც მიიღო, კომპანია Stemcor London-ში. ამჟამად, „პროკრედიტ ბანკის“ გუნდის შემადგენლობაშია და მარკეტერს ახალ პოზიციასა და გეგმებზე ესაუბრა.
M: ბანკიდან ბანკში. როგორ შეიძლება გაგრძელდეს „სფეისში“ დაგროვილი გამოცდილება „პროკრედიტ ბანკთან“ ერთად?
ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვიფიქრე და მიხარია, რომ ძალიან საინტერესო და ჯანსაღი კულტურის მქონე გარემოში აღმოვჩნდი. ზოგადად, საქართველოში საბანკო სფერო ძალიან განვითარებულია და მარკეტინგის კუთხით უამრავი რამის კეთების საშუალება გაქვს. თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ საზღვარგარეთულ საბანკო განვითარებას, სადაც საინტერესო პროექტები, აქტივობები, კამპანიები და კომუნიკაცია აქვთ. შესაბამისად, ჩემთვის კარიერის საბანკო ინდუსტრიაში გაგრძელება უკავშირდებოდა იმას, რომ მექნებოდა რესურსები კარგი საქმეების საკეთებლად, საინტერესო გზავნილების გასავრცელებლად საზოგადოებაში. მით უფრო, რომ „პროკრედიტ ბანკს“ ძალიან დიდი ისტორია აქვს და 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი. სრულად ევროპული ინვესტიციებით არის შექმნილი დღემდე და ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. შესაბამისად, ეს მაძლევს საშუალებას, რომ მომავალში ნამდვილად საინტერესო რაღაცები ვაკეთო. თანაც, ჩემი ამ პოზიციაზე გადმოსვლა „პროკრედიტ ბანკის“ საცალო გაყიდვებში დაბრუნებას დაემთხვა. ბანკში ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. პროდუქტების მრავალფეროვნებაც საშუალებას გვაძლევს, რომ განსხვავებულ სეგმენტებს მივწვდეთ ქვეყნის მასშტაბით და დადებითი ეფექტი შეიტანო.
განსხვავება დიდია ამ ორი ბანკის სპეციფიკას შორის, თუმცა ვფიქრობ, პროფესიონალიზმი სწორედ ესაა, რომ აირჩიო სტრატეგია და მას მიჰყვე. Space-ში სტრატეგია ზედმიწევნით შეისისხლხორცა ბრენდმა და მიხარია, რომ საზოგადოებასაც ზუსტად შთაბეჭდილება დარჩა, რისთვისაც ვმუშაობდით და გუნდის შიგნითაც იგივე ხდებოდა. „პროკრედიტ ბანკის“ შემთხვევაში, მას აქვს დიდი და ღირებული ნიშა და ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩემი მიზანია ადამიანებს დავაჯეროთ, რომ სანდო კომპანიასთან აქვთ ურთიერთობა, რომელსაც შეუძლიათ თვალდახუჭული ენდონ ცხოვრების ნებისმიერ მნიშვნელოვან ეტაპზე.
უკვე მერვე წელია საბანკო ინდუსტრიაში ვარ. სტაჟიორის პოზიციით დავიწყე და ძალიან ბევრი მიმართულებები დავფარე, მათ შორის, პრემიუმ სეგმენტი, თიბისის ტექ მიმართულება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და ოპერირების პრაქტიკა მარკეტინგის კუთხით და დრო იყო, დღეს ეს ყველაფერი ჩემი კომპერენციის ქვეშ განმევითარებინა.
M: რას მოიცავს შენი, როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელის როლი?
ჩემი როლი უკავშირდება რითეილის სეგმენტის განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და ამ ყველაფრის კომუნიკაციას, კრეატიულ გადაწყვეტებს… ბოლო წლების განმავლობაში, „პროკრედიტ ბანკი“ შედარებით ნაკლებად აქტიურობდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით, მხოლოდ ბიზნესის სფეროს ნაწილში იყო აქტიურად ჩართული და საცალო მომხმარებელზე არ იყო ორიენტირებული. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ბევრია სამუშაო, რომ საზოგადოებას გავაცნოთ პროდუქტები და ახალი შესაძლებლობები. ჩემთვის სწორედ ესაა გამოწვევა, რომ რაც აქამდე სხვადასხვა მიმართულებით მიკეთებია, კონცენტრირებულად განვავითარო და ახლებური მიდგომა გამოვიყენო.
ეს ეტაპი მნიშვნელოვანი და გარდამტეხია „პროკრედიტისთვისაც“, რადგან ბანკის სტრატეგია შეიცვალა და გვაქვს ამბიცია, რომ ახლო პერიოდში საქართველოში ზომით მესამე ბანკი გავხდეთ. ამას კი თანმიმდევრული მუშაობა და იმ პროექტების განხორციელება სჭირდება, რაც გვაქვს ჩაფიქრებული.
M: საბანკო სფეროს პარალელურად, სტარტაპ UpWay-ის თანადამფუძნებელი ხარ. როგორ გეგმავ ამ ორი მიმართულების შეთავსებას?
ამ ეტაპზე, UpWay-ის განვითარებაში აქტიურად არ ვარ ჩართული, რადგან „პროკრედიტ ბანკის“ მარკეტინგის გუნდის მართვაზე ვარ ორიენტირებული. ამ კუთხით, საინტერესო ამბები გელით და მალე გიამბობთ.
M: როგორია ხედვა, გეგმები და მოლოდინები „პროკრედიტ ბანკის“ გუნდთან ერთად?
გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ბანკი კომუნიკაციის კუთხით პასიურობდა და ბოლო პერიოდში გააქტიურდა, უპირველეს მიზნად მიმაჩნია, რომ მომხმარებელს საჭიროების შემთხვევაში, Top of Mind-ში ჰყავდეს „პროკრედიტ ბანკი“ და განიხილოს თავის ერთ-ერთ გადაწყვეტად.
ესაა კომპანია და გუნდი, რომელიც ბევრს აკეთებს გარემოზე ზრუნვისთვის და გულწრფელად დგამს ამ ნაბიჯებს. საინტერესოა თანამშრომლებთან ზრუნვის ასპექტიც, თუ რამხელა რესურსი იდება გუნდის წევრების ზრდასა და განვითარებაში და რამდენად კარგად აქვთ აწყობილი განათლების სისტემა, არამხოლოდ საბანკო, არამედ სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენი მიზანია მომხმარებელი გრძნობდეს, რომ „პროკრედიტი“ მისი მხარდამჭერი და პარტნიორია და ეს დაპირება მივიტანოთ სამიზნე აუდიტორიამდე. ჩემი მოლოდინია, რომ მარკეტინგითა და კომუნიკაციებით გაჯერებულ ბაზარზე ახალ სიტყვას ვიტყვით. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან ბაზარზე თამასა საკმაოდ მაღალია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი













