მარიამ ჭანიშვილი (Artist Name: Makoze) – 23 წლის მრავალმხრივი ნიჭის მქონე გოგოა თბილისიდან, რომელიც წერს მუსიკას, უკრავს საქასაფონსა და კლარნეტზე, მღერის და ა.შ. ის ამჟამად კონსერვატორიაში ჯაზის ხელოვნებაზე სწავლობს. #თაობა მისი საკმაოდ საინტერესო შემოქმედებით დაინტერესდა:
M: მოგვიყევი შენი და მუსიკის კავშირის შესახებ.. როდიდან შედგი ფეხი ამ სფეროში/როდიდან დაინტერესდი? როდის შექმენი პირველი ტრეკი?
მუსიკასთან კავშირი დიდი ხანია მაქვს, ოჯახიდან გამომდინარეც – ბებიაჩემი მუსიკოსი იყო, ასევე მამიდაჩემიც მუსიკოსია.
თავიდან პიანინოზე ვუკრავდი, შვიდწლედში შემიყვანეს, როგორც წესი იყო ხოლმე; თუმცა, მოგვიანებით დავიწყე საქსაფონის შესწავლა. პირველი ტრეკი 2015 წელს შევქმენი, როცა ჩემმა მეგობარმა, ლუკა დგებუაძემ (Mindstreaming) მაჩვენა, როგორ მუშაობს FL Studio. ლუკას ერთ-ერთ ტრეკში საქსაფონზე დავუკარი და მივხვდი, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო მუსიკის კეთება, პროდუქტს რომ თავი დავანებოთ. ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე მეგობრები მუსიკის მოსასმენად, დასაკრავად.. ჩემი პირველი ტრეკი საკმაოდ მარტივი და „უწყინარი“ იყო. ვოკალები და ინსტრუმენტები ტელეფონით ჩავწერე – არ მიიღებოდა ისეთი მიზეზები, როგორიცაა – ‘მიკროფონი არ მაქვს’ – მით უმეტეს, პირველ ეტაპზე.
M: შემდგომ როგორ განვითარდა შენი მუსიკალური საქმიანობა? მოგვიყევი განათლებაზე, პროექტებზე, რომლებშიც მონაწილეობა მიგიღია..
კონსერვატორიაში 2019 წელს ჩავაბარე და ახლა ვსწავლობ ზინგერის ფონდის დაფინანსებით, თუმცა 2019 წლამდე აქტიურად ვქმნიდი ტრეკებს, ვუკრავდი, ვმეცადინეობდი (ახლაც). 2019 წლის აგვისტოში მონაწილეობა მივიღე Sofar Sounds Tbilisi-ზე და პირველად დავუკარი ჩემი3 ტრეკი ლაივში. 2019 წელს ასევე გავხდი პრემია „იკას“ მუსიკალური ნომინაციის გამარჯვებული. პრემია “იკა” კულტურის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა, რადგან მონაწილეებს არ უწევთ თავად საკონკურსო ნამუშევრების გაგზავნა და ა.შ. მეტიც, მათ ბოლო მომენტამდე არაფერი იციან. ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო და სასიამოვნო, რადგან იმ პერიოდში განსაკუთრებულად მჭირდებოდა მოტივაცია. ჟიურის მოეწონა ჩემი ტრეკი Alone.
M: როგორია შენი მუსიკალური საქმიანობა დღესდღეობით?
აქტიური კოლაბორაცია სხვადასხვა არტისტთან, მეცადინეობა, ბევრი სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსის მოსმენა.. ძირითად, დროს ახლა მეცადინეობას ვუთმობ და როცა მაქვს იდეა ან რაიმე მიზანი, ან დედლაინი, რომელსაც ჩემს თავს ვუწესებ, ვმუშაობ კონკრეტულ ტრეკზე.
მაისში დავამთავრე ერთ-ერთ ტრეკზე მუშაობა – Butterfly, რომლის მიქსინგი და მასტერინგი ჩემმა მეგობარმა, ანუკა ყიფშიძემ გააკეთა, ილუსტრაცია კი – გიორგი სულაძემ.
მე და ჩემი მეგობარი, აზიკო ფილია, თითქმის მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ვუზიარებთ იდეებს და ტრეკებს, რომლებსაც ჩვენ ვქმნით და რამდენჯერმე საინტერესო კოლაბორაცია გამოგვივიდა. ახლაც ვმუშაობთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ტრეკზე, რომელსაც ინგლისური ტექსტი აქვს, ხოლო მუსიკაში ქართული მოტივებიც იგრძნობა.
M: ძირითადად, რა ჟანრში მოღვაწეობ?
Jazz, Soul, Chill-out music, Electronic.
M: როგორ ფიქრობ, საიდან მოდის შენთვის მუსიკის შექმნისთვის საჭირო ინსპირაცია?
მუსიკის შექმნის პროცესი ძალიან საინტერესოა, ზოგჯერ ტექსტის იდეა, ზოგჯერ კი ჰარმონია და აკორდები უსწრებს წინ. ძირითადად, ტრეკზე მუშაობას აკუსტიკურად ვიწყებ ხოლმე, პიანინოსთან ან – სრულიად უინსტრუმენტოდ. ვთვლი, რომ მუსიკოსს უნდა შეეძლოს, გარკვეულ დონემდე მიიყვანოს ტრეკი დამოუკიდებლად. მეც ბევრი რამ მაქვს სასწავლი ამისთვის, მაგრამ გარკვეულწილად ვახერხებ ხოლმე სრულფასოვანი პროდუქტის მიწოდებას მიქსინგისა და მასტერინგისთვის. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სრულფასოვანი პროდუქტის შექმნა შემეძლოს დამოუკიდებლად.
მუსიკის შექმნისთვის საჭირო ინსპირაცია შეიძლება რაიმეს მოსმენის შედეგად დაიბადოს ან კონკრეტული ემოციით, რომელიც მეუფლება.
თავიდან იმდენად მსიამოვნებდა შექმნის პროცესი, რომ დიდ ყურადღებას მიღებულ პროდუქტსა და მის ხარისხს არ ვანიჭებდი.
სინამდვილის ასახვა მუსიკალური ხერხებით ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესო პროცესია. ჩემი აზრით, არაა აუცილებელი, ყველასთვის გასაგები და მისაღები იყოს შენი მუსიკალური ჩანაფიქრი იმისათვის, რომ ვინმეს მოეწონოს. მე ყოველთვის ნაკლებად ვცდილობ მოვერგო სხვის საჭიროებებს მუსიკალური თვალსაზრისით და შევქმნა ის, რაც მსმენელს მოეწონება.
M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიმეცადინო განვითარების თვალსაზრისით, ვოკალზეც ვაპირებ მუშაობას. ასევე ხმის ინჟინერიის სწავლაც საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. არტისტებთან კოლაბორაციას ბევრი იდეა და სიახლე მოაქვს, ასე რომ, ვაპირებ ახალი რაღაცების ცდას.
M: მუსიკა შენი მთავარი საქმიანობაა თუ სხვა ჰობი/კარიერაც გაქვს?
2019 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი დავამთავრე და საერთოდ სხვა პროფესიას დავეუფლე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის. მე ყოველთვის მირჩევნია, ბევრი სხვადასხვა საქმე, ჟანრი, გარემო მოვსინჯო, ვიდრე მხოლოდ ერთი საქმე ვაკეთო მთელი ცხოვრება.
M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე