26
მარ
2018

კიდევ ერთი ქართველი ოკეანეს გადაღმა! – მარი ლეჟავას გამოცდილება და პერსპექტივები შტატებში

26 მარ 2018

„როდესაც გაქვთ მიზანი და ზუსტად იცით, რა გინდათ, რაც არ უნდა წარმოუდგენლად და მიუწვდომლად გეჩვენებოდეთ, დააკაკუნეთ ყველა კარზე და თქვენი კარი აუცილებლად გაიღება!“ – მარი ლეჟავა, Coldwell Banker-ის ბროკერი.

თავად მარის კარი, 2 წლის წინ, ცოტა შორს, 9 486.43 კმ-ის გადაღმა, ჩიკაგოში, ალგონკინელთა ენაზე „მეომრებს, მამაც ადამიანებს“ რომ ნიშნავს, იქ – ილინოისის შტატში გაიღო, ოჯახთან ერთად ბინა დაიდო, იქაური ცხოვრების წესს მოერგო და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელმა, სტუდენტობის გემო კიდევ ერთხელ გაიგო: „საოცარი ქვეყანაა, საოცრად დიდი შესაძლებლობებით. გამორიცხულია, მიზანი დაისახო და ვერ მიაღწიო, თუ მოინდომებ, შეუძლებელი თითქმის არაფერია. ერთი წელი ვისწავლე. თავიდან იმდენად უჩვეულო იყო ჩემთვის კიდევ ერთხელ სტუდენტობა, რომ აუდიტორიაში შესვლისას, მექანიკურად, ლექტორის მაგიდასთან მივდიოდი და პროექტორის ჩართვას ვიწყებდი დიდი მონდომებით“.

გამგზავრების დღემდე, მარი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში – მიწვეული ლექტორი იყო. კომერციისა და მარკეტინგის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე ასწავლიდა ამავე სფეროში სხვადასხვა საგანს.„აშშ-ში რომ ჩამოვედი, მეგონა, ლექციების წაკითხვის მეტი არაფერი შემეძლო და მეორე დღესვე გავგზავნე ჩემი დიპლომები აღიარებაზე. ზუსტად ორ კვირაში მომივიდა პასუხი და სრული შოკი იყო, დოქტორის ხარისხიც კი მიღიარეს ერთი ერთში“.

ყოველთვის უნდოდა, ბიზნესშიც მოესინჯა ძალები და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა. გასაუბრება გაიარა სხვადასხვა კომპანიაში, თუმცა იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომ მარკეტინგსა და გაყიდვებში, ძირითადად, სხვის იდეებზე უნდა ემუშავა ან სხვისი პროდუქტი გაეყიდა, გადაწყვიტა, ბროკერის ლიცენზია აეღო: „რამდენიმე, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არცთუ ისე ადვილი გამოცდის ჩაბარება მომიწია და ჯერ სერტიფიკატი, შემდეგ კი სახელმწიფო ლიცენზია ავიღე. ასე გავხდი ლიცენზირებული ბროკერი. ასევე, პარალელურად სამივე Local, State and National Boards of Realtors წევრი“.აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდი წილის მფლობელი 4 კომპანიის: RE/MAX, Coldwell Banker, Keller Williams, Berkshire Hathaway მენეჯერ-ბროკერებთან შეხვედრის შემდეგ არჩევანი Coldwell Banker-ზე შეაჩერა და სულ რაღაც ორი კვირაა, რაც საქმიანობას შეუდგა ბროკერის პოზიციაზე: „ჩემს კომპეტენციაში შედის უძრავი, კომერციული და Luxury ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება. ასევე, ჩემი კომპეტენციაა გასაყიდი პროდუქტის მარკეტინგული დაგეგმვა და ფრომოუშენი“.

გარდა იმისა, რომ აშშ-ში, სამუშაო რეჟიმი, საქართველოსგან საკმაოდ განსხვავებულია და საქმესა და სამსახურთან დაკავშირებულ ტელეფონის ზარსა და იმეილს თითქმის არავინ პასუხობს, საღამოს 6 საათის შემდეგ, უძრავი ქონების ქართული და ამერიკული ბაზარი ერთმანეთისგან არათუ განსხვავდება, არამედ საერთოც კი არაფერი აქვთ: „იმდენად დაცულია მყიდველის, გამყიდველისა და ბროკერის უფლებები, რომ ხშირად პროტესტიც კი მიჩნდება – ეს ხომ ელემენტარულია, რატომ არ ვართ ასეთი დაცული საქართველოში“.

მარი უახლოესი რამდენიმე წელი საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს. ჯერ ზუსტად არ იცის, როგორ გაგრძელდება მისი შემდგომი საქმიანობა ამ სფეროში, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებშიც მოსინჯავს ძალებს, რადგან: „ჩემი ახლობლებისა და მეგობრების შემდეგ ერთადერთი, რაც მენატრება და ვერ გადავლახე, არის ჩემი სტუდენტები და მათთან გატარებული ლექტორობის წლები, რომელიც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა და ეს დღემდე გრძელდება“.

განხილვა