20
Jan
2020

მარი ლორთქიფანიძე – #პირველისამსახური

20 Jan 2020

ცხადად მახსოვს ჩემი პირველი სამუშაო დღე – 2008 წლის 1-ლი აგვისტო. თიბისიში, სერვის-ადმინისტრატორის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, პარალელურად, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მაშინაც და დღესაც ზუსტად ერთნაირი პროპორციით ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმის მიმართ, რასაც ვაკეთებ – მაშინ ფლაერებს ვაწესრიგებდი, ფილიალში შემოსული მომხმარებლის საჭიროებას ვადგენდი და შესაბამისად, ვეხმარებოდი. ახლა 100-ზე მეტ შემოქმედ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა – ეს თიბისის ციფრული კონტენტის შექმნის პროცესია.

დეტალების ნაცვლად, მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო: ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა მარკეტინგის დეპარტამენტში, ადმინისტრაციული განყოფილებიდან გადმოვედი და აბსოლუტურად ნულიდან მომიწია ყველაფრის სწავლა. ერთ-ერთმა ყოფილმა, უფროსმა კოლეგამ, როცა ჩემი მოკითხვა გადაწყვიტა და შეიტყო ცვლილების შესახებ, უცნაური ტონით მკითხა? – DO YOU HAVE DEGREE IN MARKETING?

ხოდა, არ მქონდა ეს “დიგრი” და მეტიც, ვთვლი, რომ წარმატების შაბლონური ფორმულა არ არსებობს (ეს დათქმაც შაბლონურია) და წარმატების გასაღებს ვერც პროფესიულ ლიტერატურაში იპოვი. მჯერა – თუ გრძნობ, რომ სწორ ადგილას ხარ, იმას აკეთებ, რასაც უნდა აკეთებდე, გაქვს ახალი ცოდნის მიღების ინტერესი და გარშემო ის ადამიანები გყავს, ვისგანაც მუდმივად სწავლობ – ყველაფერი შესაძლებელია.

უკვე მე-12 წელია თიბისიში ვმუშაობ და ბევრ ცვლილებასთან ერთად, მთელი ეს პროცესი ჩემთვის არის უწყვეტი შესაძლებლობა – ვაკეთო ის, რაც ჭეშმარიტად სასიამოვნოცაა და ამაღელვებელიც. ჩემთვის დიდი თუ პატარა საქმე დღემდე არის მისია და ზუსტად ვიცი, რომ სულ მყავს გვერდით გუნდის წევრები, ვინც “მაზღვევენ”.

This is Major Tom to Ground Control,
I’m feeling very still,
And I think my spaceship knows which way to go…

მარი ლორთქიფანიძე, თიბისის კონტენტის და კრეატიული პროექტების მენეჯერი.

განხილვა