in ,

მარი ნაკანი : “გააკეთე უფრო მეტი , ვიდრე გაქვს ჩანაფიქრში”

დღეს მარკეტერის სტუმარია ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი – მარი ნაკანი. მარი გვესაუბრა თავის ბავშვობაზე, საინტერესო გამოცდილებასა და სარეკლამო ფოტოგრაფიის მდგომარეობაზე საქართველოში. მან გაგვიზიარა, თუ საიდან იღებს ინსპირაციას, როგორია მისი მსოფლმხედეველობა და რა თვისებებმა განაპირობეს მისი წარმატება. ეს არის ინტერვიუ, რომლის წაკითხვის შემდეგ გაუფრთხილდები დროს, შენი მოტივაციის დონე საზღვრებს გასცდება და ეცდები ყოველი წამი კარგ საქმეს დაუთმო.

396032_10150492519302768_1212417688_n

M: მარი ნაკანის თვალით დანახული მარი ნაკანი:

ჩემი თვალით დანახული ჩემი თავი, რაღაც მარცვალია, რომელიც ჯერ არ აღმოცენებულა. ვუვლი, წყალს ვუსხამ, წვიმას ველოდები ხოლმე და მზეს.

M: ბავშვობიდან დავიწყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, ვისი დამსახურებითაც დღეს შენ – შენ ხარ:

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი არის ბაბუაჩემი (ცნობილი არქიტექტორი ტონი (ოთარ) კალანდარიშვილი). ყველგან ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი. იმასთან ერთად, რომ სერიოზული პროფესიონალი, ცნობილი არქიტექტორი იყო, ის იყო ჯადოქარი ბაბუა. სულ მეთამაშებოდა. ისეთ რაღაცეებს იგონებდა, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ხდება. უნდოდა მრავალფეროვნება შეემატა ჩემი ცხოვრებისთვის. უბრალო მაგალითს მოვყვები, მართალია ბევრია ეგეთი: დილაობით, პურზე მისმევდა კარაქს და დანით მიხატავდა გემებს, თოლიებს და შაქარს მოაყრიდა ხოლმე, ვითომ ქვიშის სანაპირო იყო. ასეთ პატარ-პატარა დეტალებში საინტერესო და რომანტიკულ რაღაცეებს აკეთებდა. საოცარი ადამიანი იყო.

დაბადების დღეებზე ყოველთვის მიწყობდა კონკურსებს, ვიქტორინებს. ჩემ მეგობრებს ისე უყვარდათ, სანტა-კლაუსი ეგონათ. გავდა კიდეც, თეთრი წვერი ჰქონდა. მისი დამსახურებით, ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო და ფერადი იყო. ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე.

toni

როცა ხაზავდა, გვერდით დამისვამდა, მესაუბრებოდა, მეგობარივით მექცეოდა. ყველაზე აღსანიშნავი ისაა, რომ ძალიან სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. საოცრად დიდი იმედი და რწმენა ჰქონდა ჩემი. ამ იმედით მოვდივარ დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოესწრო, ფეხზე რომ დავდექი. ჩემი მოტივაცია დღემდე ის არის, რომ ჩემი შესაძლებლობების სჯეროდა.

მგონია, რომ მთავარია, ბავშვებს ვენდოთ, მივცეთ გეზი და სულ ვუთხრათ, რომ მაგარი ხარ! შენ გამოგივა! ვიცი, რომ ყველაფერს შეძლებ! ამ ნდობას ისინი ვეღარ ღალატობენ. ეს უფრო მოქმედებს, ვიდრე შენიშვნები.

 M: მოგვიყევი, როგორ იპოვნა ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა საკუთარი თავი?

ჩავაბარე ვატო წერეთლის „MAF”-ში (Media Art Farm – მედია არტ ფერმა). ლექციებს გვიკითხავდნენ გიგა ზედანია, ზაზა შათირიშვილი, ხათუნა ხაბულიანი. მხოლოდ ფოტოგრაფიას არ ვსწავლობდით. კინოსა და ხელოვნების ისტორიის გარდა ვეუფლებოდით სოციოლოგიას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას. ლექციების არსი, იმის გარდა, რომ განათლებას ვიღებდით, იყო ამ საოცარი ადამიანების გამოცდილებისა და ენერგიის გაზიარება. თემები, რომლებზეც ვსაუბრობდით, ჩვენთვის ძალიან დიდი ინსპირაცია იყო. ენერგიების გაცვლა ხდებოდა.

tonyლექცია, ზოგადად, საინტერესო რამაა, რასაც ვერ ახსნი. ჯადონსური რაღაც ხდება ამ დროს. ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც, როგორი ჟესტებით საუბრობს შენი ლექტორი,როგორი მიმიკა აქვს საუბრისას, როგორი ნაოჭები. ყველაფერი ხომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. ამ ყველაფერს რომ უყურებ და აღიქვამ, შენც ამ საოცარი პროცესის ნაწილი ხდები. იქ ძალიან ბევრ რამეს ჩაეყარა საფუძველი. თითქოს გაზის პედალს რომ დააჭერ და წახვალ სწორი მიმართულებით.

შემდეგ უცნაურად დაემთხვა, შეგვიძლია იღბალიც ვუწოდოთ, გამიმართლა. პირველივე კურსზე ბრიტანეთის საბჭოს ფოტოგრაფი გავხდი. მერე „მაგთიმ“ ამიყვანა მთავარ ფოტოგრაფად. „ბატა“, „ბამბინო“, „ფეხსაცმლის გალერეა“ და სხვა. – თითქმის ყველა დიდი სავაჭრო ქსელი მე მიკვეთავდა სარეკლამო ფოტოებს. დიდი მოტივაცია მქონდა. ვიღებდი ხელფასს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ საქმეში მატერიალუარადაც დაგაფასონ. დავიწყე საკუთარი თავის დაფინანსება.

ბაბუაჩემი შემპირდა, ჩააბარე ფოტოგრაფიაზე და მე გადაგიხდი სწავლის საფასურსო. რომ ვაბარებდი, გარდაიცვალა. მეხის დაცემასავით იყო ეს ჩემთვის. მას ძალიან უხაროდა და უნდოდა ფოტოგრაფიაზე ჩამებარებინა,მეც არ მოვდუნდი. მატრიალურად არანაირი შანსი არ მქონდა. შეკვეთები რომ გამიჩნდა, თვითონ ვაფინასებდი ჩემს სწავლებას მთელი 4 წელიწადი. თითქოს ბაბუაც დამეხმარა ციდან და იღბლიან ლიანდაგებზე დავდექი. ფოტოაპარატიც საკუთარი სახსრებით შევიძინე, შემდეგ – კომპიუტერი. მანამდე ფოტოებს მეგობრებთან ვამუშავებდი, ვისაც კომპიუტერი ჰქონდა. ეს იყო 11 წლის წინ. ძალიან დიდი მოტივაციაა ეს. როგორ შეიძლება ამ გზას გადავუხვიო და ყველაფერი დამავიწყდეს.

ძალიან ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში ფოტოგრაფიამ განაპირობა. წარმატება, გადაღების ძალიან ბევრი მხიარული და ნათელი დღე. მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა ჩემი ცხოვრება.

M: ფოტოგრაფია არის:

ფოტოგრაფია ჩემთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ მქონდა დაგეგმილი, ისე ვისწავლე მარკეტინგი „ჯიპაში“, სადაც შემდეგ ლექტორობა შემომთავაზეს. პარალელურად, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ვასწავლი ბავშვებს, უკვე ორი წელია. ფოტოგრაფიით ვარ გაჟღენთილი თავიდან ბოლომდე.

photo arch

M: რატომ აირჩიე სარეკლამო ფოტოგრაფია?

მე კი არ ამირჩევია, სარეკლამო ფოტოგრაფიამ ამირჩია მე. „მაგთიდან“ დაწყებული, როგორც გითხარი, უმსხვილესი კომპანიები მიკავშირდებოდნენ. წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა ნდობაზე დამყარებული მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა. ბევრი წლის განმავლობაში, მსგავსი კომპანიები გვერდში რომ გიდგანან, ვერ იტყვი, წავალ და სხვა რამეს გავაკეთებო. თუმცა, ყოველთვის მინდოდა რეპორტიორი ვყოფილიყავი. ძალიან მიზიდავს დოკუმენტალისტიკა. მგონია, გამომივიდოდა. ძალიან მიყვარს და მომწონს ეგ მიმდინარეობა. არასდროს არ არის გვიან. ვნახოთ.

6 b

M: რა მდგომარეობაა დღეს სარეკლამო ფოტოგრაფიის სფეროში?

11 წლის წინ ძალიან ცოტა იყო მსგავსი დაკვეთები. ბანერები და ბილბორდები თბილისში, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ერთ-ერთი პირველი ვარ, ვისი ფოტოებიც ბანერებად გამოიკრა. „ბალის“ კამპანიისთვის ააშენეს რამდენიმე ბილბორდი.

ახლა ქალაქი დახუნძლულია მსგავსი სარეკლამო ფოტოებით. ამდენი ჟურნალიც არ იყო. ახლა საგამომცემლო საქმეც განვითარდა და რეკლამის მოთხოვნაც გაიზარდა.

მე ყველაფერს ვიღებ: მოდასაც, კონცეპტუალურ პროექტებსაც ვაკეთებ. სულ ვიღებ. სარეკლამო ფოტოები უფრო ჩანს, უფრო მასობრივია. ერთი ნიშა არა მაქვს ათვისებული.

 M: რომელია შენი საყვარელი პროექტი?

კინოგადაღება იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტი. (რენი ჰარლინის „აგვისტოს ხუთი დღე“). არა იმიტომ, რომ ენდი გარსიას ვიღებდი და კირა ნაითლი გავიცანი, მართლა არა. არასდროს ვაქცევდი მსგავს რაღაცეებს ყურადღებას.

agvistos 5 dge 1

ჩემთვის უფრო სასიამოვნო და გულისამაჩუყებელია, რომ ოთარ ჭილაძის ბოლო პორტრეტი მე გადავიღე.

otar chiladze

კინოგადაღება იმ მხრივ იყო ძალიან საინტერესო, რომ მოვხვდი ამერიკელების არაჩვეულებრივად აწყობილ სისტემაში. მივხვდი, რა არის გამართული სისტემა და მუშაობა, როდესაც ყველა თავის ფუნქციას ასრულებს და შენ ერთ-ერთი ჭანჭიკი ხარ მთელ საათში. ამ სისტემაში გსიამოვნებს ყოფნა. იმდენად გამართული და აწყობილია. ხან ვერტმფრენში ვიჯექი და გაღებული კარიდან ვიღებდი აფეთქებებს, ხან – სახანძრო მანქანაში. თითქოს მეც კინოში ვცხოვრობდი.

M: საიდან იღებ ინსპირაციას?

ჩემი ინსპირაციის წყარო ფილმების ყურებაა.ზოგისთვის გართობა კლუბში ან რესტორანში მეგობრებთან ერთად წასვლაა. ესეც ძალიან კარგია. მაგრამ ჩემი პირადი კომფორტი და ბედნიერებაა, როდესაც სახლში მარტო ვარ, გავეხვევი პლედში, გავიკეთებ ყურსასმენებს და ახალ საავტორო ფილმს ვუყურებ. რასაც არტ ჰაუსს უწოდებენ. ბოლო პერიოდში ძალიან გამიტაცა ვეს ანდერსონის შემოქმედებამ. ჰანეკე, ჯიმ ჯარმუში, ვენდერსი – სულ მათ ძიებაში ვარ. ახლახან ძმები დარდენები აღმოვაჩინე. ძალიან მჭირდება ეს. ჩემი სულიერი საკვებია კინოა, და მუსიკა…

კარგ ფილმს რომ ვუყურებ, მერე ერთი კვირა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ახალი იდეები მომდის.

fashion

არ შემიძლია დრო უქმად გავატარო. ზოგაგად მგონია, რომ დრო და ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, რაც გვაქვს. ვერ გავატარებ საათებს კარგად ჭამასა და ცეკვაში. მაგის დრო არა მაქვს. მე ჩემი თავი უნდა აღვზარდო. ამიტომ ყველაზე დიდ ისნპირაციას საკუთარი თავის აღზრდაში ვიღებ.

M: რა რჩევას მისცემდი დამწყებ ფოტოგრაფებს?

camera-nakaniდამწყებ ფოტოგრაფებს ვურჩევდი, რომ თავიდან ფირზე გადაიღონ. არ არის აუცილებელი ძვირფასი კამერის ქონა. ფირთან მუშაობა სულ სხვა მაგიაა. იქ სწავლობ ძალიან კარგად, თუ რა არის ექსპოზიცია. სწავლობ, რამხელა იდუმალება აქვს გამჟღავნებასა და ბეჭდვას. ციფრულ კამერაში ეგრევე ვხედევათ შედეგს, რაც არც ისე კარგია. როდესაც ფირის ფოტოაპარატით მთელი კვირა იღებ, აღარ გახსოვს რაღაც კადრები, არ იცი, რა გამოვიდა. ამ მოლოდინს ძალიან დიდი რომანტიკა აქვს. აღმოჩენებს აკეთებ. შემდეგ ხვდები, თურმე როგორ უნდა გაგეკეთებინა. ძალიან საინტერესო პროცესია ფირთან ურთიერთობა.

M: დაასახელე სამი თვისება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარა.

ჩემი აქსიომა ცხოვრებაში არის – „რასაც დასთესავ, იმას მოიმკი“. ბავშვობიდან მიმაჩვია დედაჩემმა, ყოველი ძილის წინ საკუთარი თავისთვის მეკითხა ილიას სიტყვები : „ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“. ასე გამზარდეს.

თვისებად გამომიმუშავდა, რომ ყოველ საღამოს მეკითხა საკუთარი თავისთვის, რა გავაკეთე დღეს კარგი.

ჩემ შვილსაც გავუკეთე ფურცელი, სადაც თავისთავს უწერს ღიმილიან სახეს, თუ იმ დღეს რამე კარგი გააკეთა.

10624654_10152763774047768_4616772976813828788_n-1ზოგადად კარგია, თუ ერთმანეთს მივაჩვევთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვიცხოვროთ. ძალიან მოსაწყენია ასე ცხოვრება. სხვისთვისაც უნდა იყო სასარგებლო. ვცდილობ, ამ იდეით ვიცხოვრო და სულ ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდზე არის რაღაც ან ვიღაც, ვინც სულ მეხმარება. საოცარი შეგრძნებაა.

მეორე თვისება – ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. არ არსებობს, რომელიმე დაკვეთას უგულოდ მივუდგე. სულ რომ ავად ან ღამენათევი ვიყო, ან უამინდობა იყოს, აუცილებლად მიმყავს საქმე ბოლომდე.

ზოგადად პერფექციონისტი ვარ და მიყვარს, როდესაც ყველაფერი საუკეთესოდ არის შესრულებული.

მესამე – არასდროს ვუწესებ საკუთარ თავს ჩარჩოებს. იმაზე მეტი მინდა გავაკეთო, ვიდრე სცენარშია. იმპროვიზაციას ხშირად მივმართავ. ახალს ვიგონებ, ვამატებ. იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე დავალებული იყო. ეს არის ალბათ ჩემი წარმატების ფორმულა. გააკეთო უფრო მეტი , ვიდრე გაქვს ჩანაფიქრში.

M: შენ ბევრი სახე გაქვს. მარი ნაკანი – ფოტოგრაფი, ლექტორი/მასწავლებელი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ეხმარება. რომელ მდგომარეობაში ხარ ყველაზე ბედნიერი?

ახლახან მეუბნებოდა მეგობარი, შენში არის ცხრა ქალიო. ცხრავეს ერთხელ უნდა დაუჯდე და კარგად დაელაპარაკო, რომელი ერთი უნდა იყოო. ძალიან მიჭირს ამ ცხრა ქალთან ლაპარაკი. თან ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობენ და ბევრს. ყველა ლიდერია. ვერც ერთი ვერ დავაკნინე. რა ვიცი, ვართ ასე ჰარმონიულად.

M: მომავალი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს:

მარი ნაკანიჩემ ცხოვრებაში მომავალს თვითონ განვაპირობებ. ზოგადად ყველა ადამიანი, როგორც იცხოვრებს , ისე წარიმართება მისი ცხოვრება. არავის უნდა დავაბრალოთ რამე. როცა მივხვდებით, რომ მომავალი ჩვენი გადადგმული ნაბიჯების შედეგია, მაშინ დაიწყება ჩვენი სრულფასოვანი ცხოვრება.

ძალიან მინდა, საქართველოში ადამიანების თვითშეგნება მივიდეს იქამდე, რომ დაიწყონ საკუთარი ფანჯრის რაფების, ეზოების, სადარბაზოების მოვლა. ამას ტრაფარეტულად არ ვამბობ. გულწრფელად ასე ვფიქრობ.

სახლიდან რომ გამოხვალ და ხედავ, ქვემოთ ორი სართული კიბე ჭუჭყიანია, აიღე ცოცხი და გამოხვეტე. სხვას მიეცი მაგალითი. სადარბაზოში თუნდაც ათი ოჯახი ასე რომ მოიქცეს, შემდეგ ყველა ასე იზამს. ავშენდებით.

არასდროს უნდა ელოდო სახელმწიფოს, რომ მოვა და დაგილაგებს. ჩვენი სადარბაზოს კარიდან იწყება ყველაფერი. თუ მოვუვლით, მოვხატავთ, ყვავილებს დავდგამთ, სხვა ვეღარ შეგკადრებს დაბინძურებას. როგორც, ზრდილობიანად რომ ლაპარაკობ, ვერავინ გიბედავს უზრდელურად შეპასუხებას. ასევეა ჩვენი საქციელიც.

ჩვენ თუ მოვიქცევით ღირსეულად, გარშემომყოფთა პატივისცემას დავიმსახურებთ. პატივისცემა, კი, მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა..

ავტორი: ირინა საყვარელიძე



ტაილანდური რეკლამა, რომელიც სიყვარულის ძალაში დაგარწმუნებთ

“McDonalds”-ი გაძლევს უფლებას გადაიხადო ჩახუტებით ან ცეკვით! გენიალური ექსპერიმენტი