სამხატვრო აკადემიაში სულ ახალი გახსნილი იყო გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი. PAINT-ში დიდი მაუსებით გვახატინებდნენ, რაც საკმაოდ სასაცილო იყო ჩემთვის, ამიტომ თვითგანათლებით დავკავდი. მეორე კურსზე მივხვდი, რომ ანაზღაურებადი საქმე მჭირდებოდა. მეგობრისგან ვითხოვე ფოტოაპარატი და ნანუკა ჟორჟოლიანის ბავშვთა გასართობ ცენტრში დავიწყე ფოტოგრაფად და გრაფიკოს დიზაინერად მუშაობა. ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე მიწევდა Gangnam Style-ის მოსმენა და მტირალი იუბილარი ბავშვების დაწყნარება იმისთვის, რომ ერთი სამახსოვრო ფოტო მაინც გამოსულიყო. მერე ამ ფოტოებს ვამუშავებდი, გრაფიკულად ვაფორმებდი და დისკზე ვუწერდი მშობლებს. საკმაოდ ცოტა ხანს გაუძლო ჩემმა ნერვებმა ამ საქმეს.
ამას მოჰყვა სამსახურები, სადაც ისეთ პოზიციებზე ვმუშაობდი, რომელთა დასახელებასაც ვერც ერთი ჩემი ოჯახის წევრი ვერ იმახსოვრებდა (ბებიაჩემს ახლაც ჰგონია, რომ კომპანიის დირექტორი ვარ და მეკითხება ხოლმე, რამდენი ადამიანი გაბარიაო).
WINDFOR’S-მდე 1 წელი „არტ-ვილა გარიყულაში“ (არტ რეზიდენციაში) ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ახლაც არ ვიცი, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა ჩემი მოვალეობები, უბრალოდ, მე და კიდევ რამოდენიმე ადამიანმა ვიცოდით, რომ ყველაზე კარგი ფესტივალი უნდა გაგვეკეთებინა ფესტინოვას ისტორიაში, მგონი ასეც მოხდა (Fest i Nova Garikula 2015).
სწორედ ფესტივალის გახსნაზე გავიცანი ბიბი ასათიანი, რომელმაც ჩემს თავში დიდი ხნის წინ გამჯდარი სურვილი – WINDFOR’S-ის არტ დირექტორად მუშაობა შემომთავაზა. მანდ მივხვდი რომ „რაღაც“ არსებობს. იმის მერე დაიწყო გრძელი ნათელი დღეები, ძალიან ბევრი გამოწვევით, სწრაფ-სწრაფი ნაბიჯებით და უსაზღვროდ საინტერესო გამოცდილებით, რომელიც ახლაც გრძელდება. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ კომპანიაში ამდენ ხანს შემეძლო გაჩერება, მაგრამ ფაქტია…
მარი სუხიშვილი – WINDFOR’S-ის აღმასრულებელი კრეატივ დირექტორი.