in

როგორ მოხვდა მარი როსტიაშვილი ArtCenter-ში, რომელსაც „მსოფლიო დიზაინის ჰარვარდს“ უწოდებენ

„დიზაინის სფეროს ჰარვარდად“ წოდებულ ArtCenter-ში მოხვედრა ნებისმიერი არტისტისთვის კარიერული ტრამპლინია. მარი როსტიაშვილმა ექვსწლიანი გამოცდილებისა და გრაფიკულ დიზაინში წარმატებული კარიერის მიუხედავად, ყველაფრის ნულიდან დაწყება გადაწყვიტა და სფეროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში ჩააბარა. აკადემიური ხატვის გამოცდილების არქონას მისთვის ხელი არ შეუშლია. დაუღალავი შრომითა და დისციპლინით Visual Development-ის მიმართულება აითვისა და მალევე საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა. მარის ნამუშევარი პრესტიჟული Concept Art Awards-ის ფინალისტებს შორის მოხვდა, თავად კი მსოფლიოს N1 დიზაინის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

რა გზა გაიარა MIRA-მ თბილისიდან კალიფორნიამდე და რატომ არის მისი განათლება მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოში ანიმაციის ინდუსტრიის ზრდის ხელშესაწყობად – დეტალებს ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: გაგვეცანი და გვიამბე, როგორ გადაწყვიტე, რომ დიზაინისადმი ინტერესი პროფესიად გექცია?

მე მარი ვარ, თუმცა კრეატიულ ინდუსტრიაში MIRA-ს სახელით მიცნობენ – ეს ფსევდონიმი ჩემს უფრო თავისუფალ და გამბედავ მხარეს გამოხატავს. ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა ამ ნიჭის პროფესიად ქცევაზე სერიოზულად მხოლოდ აბიტურიენტობისას დავფიქრდი. რადგან აკადემიური ხატვის გამოცდილება არ მქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საბოლოოდ თავს ციფრულ ფერწერაში ვიპოვიდი – ამის აღმოსაჩენად საკმაოდ გრძელი გზა გავიარე.

დიზაინის სფეროში უკვე ექვსი წელია, რაც აქტიურად ვარ ჩართული. გასულ წელს დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს პროფესია ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცა. ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი დიზაინერად სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოსა თუ ბანკში, ხოლო ბოლო ერთი წელია, დამოუკიდებელ ილუსტრატორად და Visual Development არტისტად ვპოზიციონირებ, თბილისსა და ნიუ-იორკში.

თავდაპირველად, უნივერსიტეტის პარალელურად, UI/UX დიზაინით დავინტერესდი. მართალია, ვებ-დიზაინის კუთხით კარგი გამოცდილება მივიღე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემთვის ზედმეტად სწორხაზოვანი იყო. შემდეგ ძალები გრაფიკულ დიზაინში გამოვცადე, სადაც არა მხოლოდ დავიხვეწე და საჭირო კონტაქტები შევიძინე, არამედ განვავითარე ილუსტრაციის ჩემეული სტილიც. სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი ჩემს ფრილანს-კარიერას ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში, რაც საბოლოოდ ArtCenter-ში ჩაბარებით დაგვირგვინდა.

M: გრაფიკული დიზაინიდან Visual Development-მდე საინტერესო ტრანსფორმაცია გქონდა. რატომ გადაწყვიტე სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება და რატომ ამ მიმართულებით?

გავაცნობიერე, რომ Visual Development იყო ის, რაც რეალურად მანიჭებდა ბედნიერებას. დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტე პასუხისმგებლობა ამეღო იმაზე, რაც გულწრფელად მიყვარს. მივატოვე გრაფიკოსი დიზაინერის საკმაოდ წარმატებული კარიერა და ყველაფრის ნულიდან შენება დავიწყე.

ვინაიდან, არასდროს მისწავლია ფუნდამენტურად აკადემიური ხატვა, თანამედროვე Visual Development არტისტებისთვის კონკურენცია რომ გამეწია, ამიტომ საკუთარ თავზე სამმაგი მუშაობა მჭირდებოდა. ხელახლა ვისწავლე ხატვის საფუძვლები, გონებაში შევქმენი ვიზუალური ბიბლიოთეკა და 24/7-ზე ვქმნიდი ჩანახატებს. ამგვარმა თვითდისციპლინამ განაპირობა ჩემი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კალიფორნიაში – კოლაბორაცია Warrior Painters გილდიის მხატვრებთან და ჟურნალ Curbed-ისთვის (New York) Chelsea Piers-ის ილუსტრაციის შექმნა. ამის შემდეგ, ჩემსა და ჩემს ოცნებას შორის არსებული რკინის კარის გაღება გაცილებით რეალური გახდა.

სწორედ ამ პატარ-პატარა გამარჯვებებმა შემმატა გამბედაობა, რომ შემდეგი დიდი გამოწვევისთვისაც გამესწორებინა თვალი – ჩამებარებინა დიზაინის მსოფლიოში #1 უნივერსიტეტში, ArtCenter-ში. როდესაც კრეატიულ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მაშინ გავიგე ამ სასწავლებლის შესახებ. ვიცოდი, რომ იქ მხოლოდ საუკეთესოები ხვდებოდნენ. ეს არის „ჰარვარდი“ არტისტებისთვის, სადაც ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები იზრდებიან. შესაბამისად, ArtCenter-ში განათლების მიღება არის გზა, რომელიც გავლად ღირს, რომ საუკუთესო გახდე.

M: ქართველი არტისტი მსოფლიოს წამყვან დიზაინის უნივერსიტეტში – როგორ აღმოჩნდი ArtCenter-ში და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს პროცესი?

სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ მჯერა, თითქოს სიზმარში ვარ. ArtCenter ყოველთვის იყო ის მიუწვდომელი ოცნება, რომელსაც გულის სიღრმეში ვინახავდი, თუმცა შორიდან სულ ვადევნებდი თვალს.
აპლიკაციის გაგზავნა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. არ ყოფილა ისე, რომ თვეების განმავლობაში ვგეგმავდი – უბრალოდ სწორი დრო იყო. იმ პერიოდში ნიუ-იორკში უკვე რამდენიმე ფრილანს-პროექტზე ვმუშაობდი და პორტფოლიოც სავსე მქონდა საამაყო ნამუშევრებით. ვფიქრობ, როცა სწორი დრო დგება, ყველაფერი თავის ადგილს პოულობს. ჩემ შემთხვევაში, გადამწყვეტი აღმოჩნდა Concept Art Award-ის ფინალისტად დასახელება Character Art-ის კატეგორიაში. სწორედ მაშინ გაჩნდა ის მოუსვენარი „იქნებ…“ და მიუღწეველი ოცნება ხელშესახებ მიზნად იქცა.

ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ, ქართველ არტისტებს, ორმაგი შრომა გვჭირდება გლობალურ ასპარეზზე თავის დასამკვიდრებლად. ArtCenter-ში მოხვედრაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული – კონკურენცია მთელი მსოფლიოს ტალანტებთან გიწევს, ადგილები კი ძალიან შეზღუდულია. ამას ემატება ბიუროკრატიული პროცესები: საბუთების შეგროვება, GRE და DET ტესტების ჩაბარება. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი სიჯიუტე და ჟინი გჭირდება, რომ შუა გზაში არ გაჩერდე.

ძალიან მინდა, მომავალში ArtCenter-ში მეტი ქართველი ვიხილო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ვარ, ვინც აქ ილუსტრაციის მიმართულებით მოხვდა, რაც ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა.

M: შენი ნამუშევარი Concept Art Awards-ის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. რას ნიშნავს ეს აღიარება შენთვის?

როგორც აღვნიშნე, Concept Art Award-ის ფინალისტობა გახდა ის მთავარი ბიძგი, რის გამოც ArtCenter-ში საბუთები გავგზავნე. ეს არის კალიფორნიის პრესტიჟული დაჯილდოება – ერთგვარი „ოსკარი“ ანიმაციისა და ციფრული თამაშების სფეროში. ჩემი ილუსტრაციის, “Right People, Wrong Time”, Character Art-ის კატეგორიაში მოხვედრა უდიდესი სიურპრიზი იყო. თითქოს ინდუსტრიის წამყვანმა არტისტებმა მომცეს ის დასტური, რომელიც იმ მომენტში ძალიან მჭირდებოდა.

ათენიდან ვბრუნდებოდი, როდესაც მეილი გავხსენი. თვალებს ვერ ვუჯერებდი. თავიდან სპამი მეგონა, მაგრამ როცა წავიკითხე, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – მაშინვე ოჯახს ვახარე! ეს იყო ჩემი პირველი მონაწილეობა ამ კონკურსში და პირველი ნომინაციაც. მიხარია, ასეთი პროფესიონალი ტალანტების გვერდით რომ მომიწია დგომა.

M: რას შეცვლის ArtCenter-ში მიღებული ცოდნა შენს კარიერაში და როგორ აპირებ ამ გამოცდილების ქართული რეალობისთვის გაზიარებას?

ArtCenter-ში სწავლა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა იქნება – არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ ამერიკის კრეატიულ ინდუსტრიასთან პირდაპირი კავშირის დამყარების კუთხით. ეს გამოცდილება დამეხმარება, რომ მომავალში საქართველოში ანიმაციების ინდუსტრიის განვითარებას შევუწყო ხელი.
სამწუხაროდ, საქართველოში ანიმაციისა და Visual Development-ის სფერო ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. მიუხედავად ცალკეული სტუდიებისა და ინიციატივებისა, ბაზარი იმდენად მცირეა, რომ ახალგაზრდა არტისტებს სტაბილური განვითარების საშუალებას ნაკლებად აძლევს. ამიტომაც, ნიჭიერი ადამიანების უმეტესობა, ჩემი ჩათვლით, იძულებულია კარიერა საერთაშორისო ბაზარზე გააგრძელოს.
ჩემი მიზანია, სხვა ქართველ არტისტებთან ერთად, ხელი შევუწყო ამ სფეროს გაძლიერებას საქართველოში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარების რეალური პერსპექტივა ქვეყანაშივე. ამასთანავე, გავუმარტივო გზა მათ, ვისაც საერთაშორისო ანიმაციის სფეროში თავის დამკვიდრება სურს.

M: რა არის შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და შემოქმედებითი ენერგიის წყარო?

ერთადერთი სიტყვა, რომელიც ჩემს შემოქმედებით ენერგიას აღწერს, არის – ჟინი. ეს არის წყურვილი, შექმნა რაღაც არაფრისგან. ჩემს ილუსტრაციებში ხშირად შეხვდებით ადამიანებისადმი სიყვარულს; ჩემთვის საინტერესოა როგორც მათი, ისე იმ ადგილების ხატვა, სადაც ისინი კვალს ტოვებენ.

მთლიანობაში, ცხოვრებაში ძალას მაძლევს სიყვარული – ჩემი გზისა და თავად შემოქმედების მიმართ. ეს არის მდგომარეობა, სადაც ყველაზე უკეთ მესმის საკუთარი თავის. ჩემთვის შექმნა ისეთივე ბუნებრივი პროცესია, როგორც სუნთქვა.

ჩემი ნამუშევრების ნახვა marirost.com-ზე ან ინსტაგრამზე შეგიძლიათ.

M: რა გამოწვევების წინაშე დგახარ ახლა და როგორი სახის მხარდაჭერა გჭირდება მიზნის მისაღწევად?

ამ ეტაპზე ჩემი მთავარი გამოწვევა ArtCenter-ში სწავლის დასაწყებად მომზადებაა. ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც სერიოზულ დაგეგმვასა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. აქტიურად ვეძებ დაფინანსებას, სტიპენდიებსა და საგრანტო პროგრამებს, რომლებიც რომლებიც ხელს შემიწყობენ როგორც საცხოვრებელი ხარჯების, ისე სწავლასთან დაკავშირებული ფინანსების დაფარვაში, სანამ კალიფორნიაში დავიწყებ სწავლას.

შესაბამისად, ვეძებ მხარდაჭერას, რომელიც ატარებს საინვესტიციო შინაარსს – ეს არის ინვესტიცია, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, დაიკავონ ღირსეული ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე და საბოლოოდ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავის ქვეყანას მოახმარონ.

[R]

როგორ ვმართოთ სტრესი სამსახურში? — 9 რჩევა

აგროჰაბის ახალი ფილიალი ქუთაისში გაიხსნა