ყველაფერი დაიწყო ტრადიციული ფიქრებით, მინდოდა ჟურნალისტობა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ არ ვიყავი სათანადოდ ჭკვიანი, ლამაზი, შესაბამისი ასაკის (17 წლის ვიყავი) და არც საკმარისი დრო მქონდა სამსახურის დასაწყებად, იმიტომ რომ ჯერ ვსწავლობდი. თუმცა პარალელურად მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ფინანსურად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული და მიმაჩნდა, რომ გავიმარჯვებდი, მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ შევძლებდი იმას, რაც სხვაზე დამოკიდებულს მაჩენდა. ამიტომაც, გავბედე, მივედი, ვცადე და გამიმართლა. ასე დაიწყო ჩემი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილებიც. ჩემი პირველი სამსახური და მიმდინარეც, არის გადაცემების ბიზნესკონტრაქტისა და საქამიანი დილის რეპორტიორობა. გამიმართლა, იმიტომ რომ თავდაპირველად, ჩემთვის არ მოუთხოვიათ არც დიპლომი და მით უფრო, არც მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება. დღემდე მახსოვს გასაუბრებაზე გიორგი ისაკაძის სიტყვები: “გამოცდილებას შენ ჩვენთან დააგროვებ.” თუმცა არც ასე მარტივად მომხდარა ყველაფერი. ის ფაქტი, რომ ყველაზე პატარა ვიყავი და ყველაზე გამოუცდელი, დასაწყისშივე მიკლავდა ჩემი დასაქმების პერსპექტივას, მაგრამ არა ამბიციას. ყოველთვის მჯეროდა რომ ადრე თუ გვიან მე ადამიანებს ამბებს მოვუყვებოდი ცისფერი ეკრანებიდან და დავაგროვებდი გარკვეულ ცოდნას\გამოცდილებას ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.

საბედნიეროდ მოვხვდი ადამიანებში, რომლებმაც მომცეს საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალება. ზოგჯერ მეგონა რომ მათ უფრო მეტად სჯეროდათ ჩემი, ვიდრე მე საკუთარი თავის. მითმობდნენ დროს და ენერგიას. ამიტომაც თავს ავუკრძალე სიზარმაცე, ავადმყოფობა, მასალის ვერ მომზადება, დაგვიანება და საბოლოოდ, პროფესია ცხოვრების წესად ვაქციე, რადგან ეს ნამდვილად იყო ჩემი ოცნების სამსახური და ის ფაქტი, რომ მე ტელევიზიაში ვმუშაობდი და ყოველ დილით ადამიანებს ეკრანიდან ვესალმებოდი უფრო მეტი იყო ვიდრე ოცნება. მე დღემდე ამ ადამიანების გარემოცვაში ვარ და მგონია რომ ძალიან ცოტას თუ უმართლებს გუნდში, ისე როგორც მე. უკვე სამი წელია რაც ამ ადამიანებმა ჩემი ყოველდღიურობა გადაალაგეს და დღეს უფრო ზუსტად და მყარად ვიცი, რომ მე ვარ ჟურნალისტი. მარიამ ადამია – TV “პირველის“ გადაცემა „ბიზნეკონტრაქტისა“ და „საქმიანი დილას“ ჟურნალისტი.













