3
Jul
2018

მარიამ ბაჯელიძე – #პირველისამსახური

3 Jul 2018

პირველი ოფიციალური სამსახური ნიუტონის თავისუფალი სკოლა იყო. მეორე კურსზე, ჩვენმა ლექტორმა, გიორგი მელაძემ, ლექციაზე მინიკონკურსი ჩაატარა, რომლის იდეაც წარმოსახვითი მოსწავლის მშობლის დარწმუნება იყო – ბავშვი ნიუტონში მოეყვანა. საბოლოოდ, 4 გოგო შეგვარჩია, ხელფასზეც იქვე, მარტივად შევთანხმდით. 240 ლარი გვექნებოდა (ხელზე ასაღები), რაც, ცხადია, ბევრი არ არის, მაგრამ მეორეკურსელი მარიამისთვის სრულიად საკმარისი იყო. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, რადგან ყველაფერი ნულიდან იწყებოდა, “სტაფი” და ადმინისტრაცია ფორმირების პროცესში იყო, თუმცა, ზუსტად ვიცოდით პრინციპები, რომლებსაც ვეყრდნობოდით – თავისუფლება, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა და ბავშვებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის შეთავაზება.

 

ვერ ვიტყვი, რომ საქმე, რასაც ვაკეთებდი ძალიან რთული იყო, ერთ დღეს შეიძლება ექსელში მემუშავა, მეორე დღეს მშობლებთან დამერეკა, მესამე დღეს მასწავლებლების გასაუბრებას დავსწრებოდი. ყველაზე საინტერესო სწორედ გასაუბრებებზე შესვლა იყო, რადგან მასწავლებლობის თითოეულ მსურველს მოსწავლეებად ვევლინებოდით როგორც ჩვენ, ასევე სკოლის დირექტორები და ადმინისტრაციის წევრები. საინტერესო გამოცდა იყო, როგორ შეძლებდნენ – მოგვდგომოდნენ როგორც პირველკლასელებს, რომელთაც მხოლოდ გართობა, თამაში და კლასელის ბლოკნოტი იტაცებდათ. ფაქტობრივად, მინისპექტაკლივით იყო, რომელიც გვარიან სამსახიობო ნიჭსაც ითხოვდა როლის უბადლოდ შესრულებისთვის.

მარიამ ბაჯელიძე – Socialsharks, დირექტორი.

განხილვა