28
Nov
2019

“პრობლემას და გამოსავალს ერთად ვხატავ” – მარიამ ბარდაძე #თაობა

28 Nov 2019

მარიამ ბარდაძე 26 წლის მხატვარია თბილისიდან. ერთი შეხედვით მინიმალისტურად ხატავს, თუმცა, მის ნამუშევრებში საკმაოდ ბევრი საინტერესო დეტალია თავმოყრილი. მარიამის შემოქმედება ყველაფერ იმის ნაზავია, რაც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა, მისი სტილია, ყველაფერ კარგად ნაცნობს განსხვავებული გამოხატვის ფორმა მოუძებნოს. შეიძლება, ამ წამს ვერ მიხვდეთ, რაზე მაქვს საუბარი, თუმცა, ქვემოთ მოცემული ნამუშევრები ჩემს ნათქვამში აუცილებლად დაგარწმუნებთ. #თაობა მარიამს მისი შემოქმედების შესახებ გაესაუბრა:

M: როდის გქონდა ხატვასთან პირველი შეხება?

როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი, მაგრამ ნახატით პირველი აღფრთოვანება სადღაც 8-9 წლის ასაკში მივიღე. სწორედ მაშინ, როცა ჩემზე ბევრად უფროსმა ბავშვმა მის მიერ დახატული ადამიანი-დათვების ოჯახი მანახა. ალბათ მაშინ მივხვდი, რომ შეგეძლო, მარტო ყვავლები და ხეები არ გეხატა, რომ არსებობდა თავისუფლება ხატვაში – გეხატა ის, რაც მოგინდებოდა, რომ თურმე არსებობდა წარმოსახვა.

M: რა განათლება გაქვს მიღებული ხატვის კუთხით?

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რეკლამის დიზაინი მაქვს დამთავრებული.

M: უმეტესწილად, რაში პოულობ ინსპირაციას?

ალბათ უფრო დადებითი რამეებიდან – სიმშვდიდან და სტაბილურობიდან.

M: შენი შემოქმედების მთავარი ობიექტები ძველი ბრენდები არიან. ხატავ იმას, რასაც ყოველდღიურად მოვიხმართ. რატომ/როგორ შეარჩიე ეს ობიექტები? რას გამოხატავენ ისინი? და ზოგადად, რას გამოხატავს შენი შემოქმედება?

ბრენდების სერიას რაც შეეხება, შემთხვევით დავიწყე, არ მიფიქრია, რატომ ვარჩევ კონკრეტულად ამა თუ იმ ბრენდს, ალბათ უფრო კლასიკაა, მარტივად იჭერს სხვისი თვალი და მეტ ყურადღებას აქცევენ მათ. ზოგი უბრალოდ ვიზუალურად მომწონს, როგორიცაა: Mcdonalds, Coca-cola, Nike, Nasa და ამერიკის დროშა. ამ სერიის მთავარი იდეა ალბათ იუმორია ისევ – რომ შეგიძლია, მაგიდას ნაიკის გადასაფარებელი გადააფარო და მაკდონალდსის ჭაღი გქონდეს.ზოგიერთ ნახატში ძირს, ხალიჩის მაგივრად ნაიკის მაისურია გაფენილი, ეს დეტალი მგონია, რომ ბევრს გვინახავს სახლში – როდესაც იატაკის ტილოს ძველი მაისურით ჩავანაცვლებთ რომელიც აღარ გვჭირდება. მოკლედ, ესაა წარმოსახვის თავისუფლება – უბრალოდ სეროზულად არ აღიქვა მსოფლიოს უდიდესი ბრენდებიც კი.

M: შენი სტილი მარტივი და, ამავდროულად, ბევრისმთქმელია.. სულ ამ სტილში ხატავდი თუ ოდესღაც აქამდე მიხვედი?

თავიდან აკადემიაში ჩაბარებისთვის ვსწვალობდი აკადემიურ ხატვას, რომელსაც საერთოდ ვერ ვაკავშირებ ჩემთან. სათქმელიდან გამომდინარეა ნაპოვნი უფრო ტექნიკა, ზოგი შემთხვევითობით, ზოგიც – განზრახ.

M: რას საქმიანობ დღესდღეობით ხატვის კუთხით?

დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ ვხატავ იმას, რაც მომინდება. არ ვარ დამოკიდებული არაფერზე და არავისზე. უმეტესად ამ ყველაფერს მატერიალური შემოსავალი ახლავს თან, თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს სფეროში თავისუფლად ყოფნაა.

M: როგორი უნდა იყოს, რომელშიც ხატავ?

როცა რამე ახალს ვიწყებ, მჭირდება, რომ მარტო ვიყო.

M: რა მიზანი აქვს შენ შემოქმედებას? რას გამოხატავს?

ჩემი ძირითადი მიზანი ისევ და ისევ ისაა, რომ ადამიანს თავისუფლად აზროვნების შეგრძნება მივცე და არა – მხოლოდ ვიზუალური ტკბობა. ჩემი შემოქმედება იუმორი და ამოცანაა ერთად, რომელიც ფანტაზიას ახალისებს.

M: როგორ ფიქრობ, რა არის ის მთავარი მახასიათებელი/მახასიათებლები, რაც მხოლოდ და მხოლოდ შენს შემოქმედებას ახასიათებს..

ჩემი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი ალბათ ისაა, რომ პრობლემას და გამოსავალს ერთად ვხატავ.

M: რომ არა ხატვა?

რომ არა ხატვა???

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა