17
Nov
2017

მარიამ ბებიაშვილი – #პირველისამსახური

17 Nov 2017

პირველი სამსახური „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში“ დავიწყე. მაშინ 20 წლის ვიყავი. ზღვა ენერგიითა და ოპტიმიზმით სავსე. ეს იყო ჩემთვის პირველი შეხება ზოგადად რეალურ ბიზნესთან, რეალურ პროდუქტთან და მომხამარებელთან. მარკეტინგით მოწამლული ვიყავი, მაგრამ შესაძლებლობა გამოჩნდა სანტეში საქმიანობა HR მენეჯერის ასისტენტად დამეწყო. მთვარია დაიწყო, მერე ყველაფერი გამოდის. HR დეპარტამენტმა გამინვითარა ძალიან ბევრი უნარ ჩვევა: ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ-კომუნიკაციური… მევალებოდა კომპანიაში არსებულ 500-ვე თანამშრომელთან კონტაქტი, მათი დოკუმენტების წარმოება. თითქმის ყველას სახელი/გვარი ვიცოდი, ვიცოდი მათი ისტორიები, დავდიოდი საბუთებით ხელში ზევით-ქვევით, ოფისიდან საამქროებში. ვეკონტაქტებოდი ყველას. მოდებული ვიყავი მთელ წარმოებას. მიყვარდა ყველაფერი რაც ჩემ საქმეს უკავშირდებოდა. HR  დეპარტამენტმა კარგად გამომწრთო და ჩამომაყალიბა, როგორც კადრი და პოტენციურ მარკეტერად მაქცია.

 

შემდეგ იწყება ახალი ერა, როცა თავს უფლება მივეცი სანტეს მარკეტინგის მენეჯერისთვის CV გადამეგზავნა თხოვნით, მარკეტინგის დეპარტამენტში გადავეყვანე. დამთანხმდნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როცა გენდობიან და წინ წაგწევენ. ზოგადად, სანტეში ძალიან ბევრ ჩემს წამოწყებას და შინაგან ძახილს მიეცა განხორციელების საშუალება. რაც ჩემი უშუალო მენეჯერების დამსახურება იყო. ჩემს მენეჯერს უკავშირდება ისიც, რომ სწორად წარმართა და გამოიყენა ჩემი შესაძლებლობები და მარკეტინგის ყველაზე დინამიურ და აქტიურ მიმართულებას, სავაჭრო მარკეტინგს მოარგო.

დაბრკოლება ბევრი იყო… როცა შენი საქმიანობის უშუალო შედეგი კომპანიის გაყიდვებზე მყისიერად აისახება და შედეგს კონკრეტული ციფრებით თვის ბოლოს ხედავ, ბუნებრივია ძალიან დიდ პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული. სიძნელეები და რთული პერიოდი ბევრი იყო, გამოუვალი მდგომარეობებიც, მაგრამ მთავარია შრომა არ დაგეზაროს და იფიქრო მეტი, გამოსავალს სულ იპოვი. ეს არის მთავარი ვნებაც, როცა მარკეტერი ხარ!

მარიამ ბებიაშვილი – ფუნიკულიორის კომპლექსის მარკეტინგის მენეჯერი

განხილვა