„სტრატეგია ჩემი ცხოვრების ხერხემალია“ – საყვარელი ფრაზა ბევრს ამბობს მარკეტერზე, რომლის ნამუშევრებშიც მკაფიოდ იკითხება ის ძალისხმევა და სიყვარული, რასაც საქმისადმი ავლენს. ბრენდების შექმნა მარიამ ბებიაშვილისთვის ის საქმეა, რასთანაც ხშირად საკუთარ პიროვნებასაც კი აკავშირებს. საუბრისას ხშირად ახსენებდა, რომ შთააგონებს ისეთ ბრენდზე მუშაობა, რომელიც დროს გაუძლებს და ადამიანებს ეყვარებათ. ამის ნათელი მაგალითია „პური გულიანი“ და „რიგი“, რომლებიც მოკლე დროში იქცა სტუმრების საყვარელ ადგილად.
წლევანდელი წელი განსხვავებული მიმართულებით დაიწყო – კორპორაციული ცხოვრებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად შეუდგა ბრენდების გამოძერწვას და პროფესიას ფრენის სხვა სიმაღლიდან დახედა.
როგორც გვიყვება, სიბეჯითე, პასუხისმგებლობის გრძნობა და თანმიმდევრულობა ბავშვობიდან დაჰყვა. მათემატიკის სიყვარულს უკავშირებს სიზუსტის ჩვევას, რითაც ეკიდება ყოველ პროექტს. საქმისადმი თავდადების მისეული მაგალითიც ბავშვობიდანვე ჰყავდა:
„ჩემთვის სამაგალითო ადამიანია მამიდაჩემი. 90-იანები იყო. ერთად ვცხოვრობდით. ექიმია და ძალიან ბევრს მუშაობდა. საავადმყოფოდან ხშირად ურეკავდნენ, მე-9 საავადმყოფოში ათენებდა მორიგეობას. როლური მოდელივით იყო და ჩემს მეხსიერებასაც ასე შემორჩა, რომ მამიდაჩემი გმირია. ჩემთვის ორგანული იყო ის, რომ ქალი ასე შრომობს. ვფიქრობ, ის ჟინი, შრომისუნარიანობა და საქმისადმი თავდადება განსაკუთრებით მისგან მაქვს“.
სფეროსადმი სიყვარული უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მოვიდა, როდესაც მარკეტინგის შესახებ ლიტერატურაში გადაეშვა თავით. პროფესიული განვითარება „სანტედან“ დაიწყო, შემდეგ, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტიდან (Corvinus University of Budapest) დაბრუნებული „ჯიემთი ჯგუფს“ შეუერთდა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით არსებული ბრენდების შექმნას და განვითარებას შეუდგა. Vian-დან წამოსვლის შემდეგ, კორპორაციულ ცხოვრებას დამოუკიდებელი საქმიანობა არჩია და დღეს, კარიერულ გამოცდილებასთან ერთად, მარიამ ბებიაშვილი ამ სიახლის შესახებაც გვიყვება.
M: „რამე ჩემი უნდა მქონდეს“ ეტაპიდან მარკეტინგამდე…
მოზარდ ასაკში სულ ვფიქრობდი საკუთარ საქმეზე – „რამე ჩემი უნდა მქონდეს“. ამიტომ ალბათ არაა გასაკვირი, რომ პროფესიაც ბიზნესის მართვას დავუკავშირე. მენეჯმენტის განხრით ვსწავლობდი. მარკეტინგის მიმართ ინტერესი სწორედ უნივერსიტეტში გამიჩნდა. მახსოვს, „პარტიზანული მარკეტინგის“ კითხვა რომ დავიწყე, როგორ ჩამითრია სწავლამ და მთლიანად ჩავიძირე ამ სფეროში. დღემდე არ ვიცი, ასე რატომ დამაინტერესა მარკეტინგმა. დავიწყე და დღემდე, ერთი წუთითაც არ გადამიხვევია ამ გზისთვის. სულ ვცდილობდი რამე ახალი მესწავლა და განვვითარებულიყავი.
პირველი სამსახური „სანტეში“ დავიწყე. ერეკლე გამყრელიძე იყო ჩემი ხელმძღვანელი და მისი ძალიან მადლიერი ვარ. აღმოვჩნდი ცოცხალ პროცესში, როგორ იქმნებოდა ბრენდი, გრძელვადიანი სტრატეგიითა და სწორი პოზიციონირებით. იმ დროისათვის უკრაინის McCann-თან ვთანამშრომლობდით მაშინ შეიქმნა ბრენდები „სანებო“, „სანტინო“, „სანტისიმო ამორე“… ალბათ ამ პერიოდში „მოვიწამლე“ მარკეტინგით. პირველი ხელშესახები ეტაპი ეს იყო ჩემთვის, თუ როგორ ყალიბდება შენ თვალწინ ბრენდი.
M: რას ნიშნავს შენთვის მარკეტინგი – სფერო, რომელსაც საკუთარი პროფესია დაუკავშირე?
ფრთას რომ შლი, ალბათ, ეგ განცდაა, თვითექსპრესიაა. მთლიანად ამ პროცესში ვრეალიზდები და ვიხარჯები, წლების განმავლობაში. ძალიან დიდი აზარტიცაა და ყოველდღიური სწრაფვაც – ვმუშაობდე ბრენდზე და ვბადებდე რაღაც ახალს. ამ ახალთან ერთად კი, თავადაც ხელახლა ვიბადებოდე. ძალიან დიდი სიყვარული და შრომა სჭირდება, რომ შენ მიერ წარმოდგენილი ბრენდი საზოგადოებას შეაყვარო. როდესაც ამ ადგილს პირველად ვესტუმრე (დღევანდელი „პური გულიანი“), მშენებლობა იყო. ვიცოდით მხოლოდ სახელი, რა ერქმეოდა, სხვა არაფერი. ჩემი სტრატეგია იყო არ გაგვეხსნა მხოლოდ მორიგი კვების ობიექტი, არამედ ჩამოგვეყალიბებინა ბრენდი. ქართული ბრენდი, რომელიც გაუძლებდა დროს და ადამიანებს ეყვარებოდათ. საქმეში ალბათ სწორედ ესაა ამოსავალი წერტილი ჩემთვის – შევქმნა ღირებული ადამიანებისთვის. მე ვსაზრდოობ იდეით, რომ ჩემ მიერ შექმნილი ბრენდი გაუძლებს დროს.
მწამს, რომ მარკეტინგი ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. მარკეტინგი უნდა ქმნიდეს ბრენდს და ბრენდის სტრატეგიას მიჰყავდეს ბიზნესი. ვცდილობდი ეს მოდელი ყველგან დამენერგა.
ზოგადად, ცხოვრებით ენთუზიასტი ვარ. ჩემი ცხოვრების ყველა მოვლენიდან ვცდილობ რაღაც ვისწავლო. ვთვლი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ვცდილობ, ყოველი დღიდან, ყოველი ქმედებიდან საუკეთესო გამოცდილება წამოვიღო. მინდა სწორედ ასეთი განწყობა ჰქონდეთ ადამიანებს იმ ბრენდებთან ურთიერთობისას, რომელთა შექმნაზეც მე ვმუშაობ. ძალიან მიყვარს სიღრმეებსა და შინაარსში შესვლა. ალბათ, სწორედ ეს ქმნის ღირებულებას, რომელიც მჯერა, რეალურ და ავთენტურ დეტალებში მოიპოვება.
M: „სანტედან“ წასვლის შემდეგ, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში (Corvinus University of Budapest) ისწავლე. როგორ გაგრძელდა შენი კარიერა, საქართველოში დაბრუნებისას?
ბუდაპეშტიდან ჩამოსული აღმოვჩნდი ჯიემთი ჯგუფში, რომელიც ჩემს ოჯახად იქცა. ამ გუნდთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვიმუშავე. ბოლომდე მენდობოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენი სამსახური თავისუფლებას გაძლევს. ეს გიქმნის პირობას, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცე. ხუთი წლის მანძილზე, ბოლომდე „ვიცეკვე ჩემი ცეკვა“.
M: მიმოვიხილოთ, როგორ შეიქმნა „პური გულიანის“ პროექტი ზაარბრიუკენის მოედანზე… ზოგადად, როგორია ბრენდის შექმნის პროცესი?
ეს ბრენდი ნულიდან შევქმენით. ამომავალი წერტილი იყო, რომ შეგვექმნა ქართული ბრენდი, რომელიც გაუძლებდა დროს. მე ვიყავი მარკეტინგის ხელმძღვანელი, ხოლო ბრენდის შექმნაზე კვების საკონსულტაციო სააგენტო “გასტრონავტს” ვემუშავეთ. ბრენდის კონცეფცია, ვიზუალური იდენტობა, საკომუნიკაციო სტრატეგია მათ ეკუთვნით. შემდეგ იყო ყოველწლიური შრომა, რომ მარკეტინგული აქტივობებით ბრენდი გაგვეძლიერებინა და თავისი ნიშა დაეკავებინა. ჩვენი წარმოდგენით, ეს უნდა ყოფილიყო „აუცილებლად სანახავი ადგილი“ ყველასთვის, თანაც ქართული ხელწერით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „პური გულიანი“ დღემდე საყვარელი ადგილია ადამიანებისთვის.
პროცესი განსხვავებულია დამკვეთისა და შემსრულებელი სააგენტოს პოზიციიდან გამომდინარე. როდესაც წარმოვადგენდი ბრენდს, ვიყავი დამკვეთი, ვმუშაობდი სააგენტოსთან ერთად და მათ მიერ მოწოდებული კონცეფციის აღსრულებას ვიღებდი საკუთარ თავზე. ახლა აღმსრულებლის მხარეს ვარ და სრულად გადმოვინაცვლე შემოქმედებით ნაწილში, სადაც ჩემი გამოცდილება მიმიძღვის წინ. ძალიან საინტერესოა, ერთსა და იმავე პროცესთან სხვადასხვა მხრიდან რომ გაქვს შეხება.
M: კარიერის მომდევნო ეტაპზე, Vian-ის მარკეტინგს ხელმძღვანელობდი…
ძალიან საინტერესო პროცესი იყო. გაძლიერდა საერთაშორისო სააგენტოებთან მუშაობის ჩემი გამოცდილება. ამ პროექტში ბრენდის სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა ბრიტანეთის და იტალიის სააგენტოებთან ერთად გავაკეთეთ. ბრენდის სტრატეგიიდან დაწყებული, ბრენდის დაბადების კამპანიით დამთავრებული – მთელი ეს ციკლი ჩემთვის ძალიან ორგანულია. ბოლო 6 წელი ეს ვაკეთე. თითოეული ეს ეტაპი დიდ ენერგიასთან და აზარტთანაა დაკავშირებული.
M: შენი საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია სტრატეგია…
ჩემთვის, როგორც ბრენდის სტრატეგისთვის მთელი სამუშაო პროცესის თვალის მიდევნება და ასე ვთქვათ, უკანა ფონზე ყოფნა იმდენად კომფორტულია, რომ ხშირად, არ მჩვევია წინა ხაზზე გამოჩენა. ჩემი სტრატეგიაც სწორედ ესაა, ბრენდებმა ჩემს მაგივრად ილაპარაკონ. პროცესების დეტალებად დაშლა მიყვარს, რათა ყველა ელემენტსა თუ შეგრძნებაში გავერკვიო. მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებ სტრატეგიის დასახვას. სტრატეგია ჩემი ცხოვრების ხერხემალია – ეს ჩანაწერი ბუდაპეშტში ცხოვრების დროს გავაკეთე. მეცნიერულად ვეკიდები ამ პროცესს. მაქვს ჩემი სქემა, როგორ ვქმნი და ვავითარებ ბრენდს, როგორია ლოგიკური ჯაჭვი. საკუთარი სამუშაო ჩარჩო შევიმუშავე.
ბრენდზე მუშაობისას ყველაზე დიდი და საკვანძო როლი დამკვეთს აქვს – ხშირ შემთხვევაში, სწორედ მისგან ვიღებ ყველაზე ფასეულ შეგრძნებებს.
მთელი გულით მჯერა, რომ თუ გრძელვადიან შედეგებზე ვართ ორიენტირებული, პირველ რიგში, ბრენდის შექმნაზე, გაძლიერებაზე, განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ. ბიზნესპროცესები კი ბრენდის სტრატეგიის გამოძახილი უნდა იყოს – ეს ეხება მომხმარებლის გამოცდილებას, რეკრუტინგს, ყველაფერს… Put the brand first and business will follow – ეს არის ჩემი სამუშაო ფილოსოფია.
M: როგორ ხედავ სამომავლო განვითარებას?
ჯერჯერობით, კორპორაციული ცხოვრებისგან დამოუკიდებლად ვპოზიციონირებ. ამ დროისათვის ახალი ბრენდების შექმნის პროცესში ვარ და მთელი ჩემი შთაგონება აქეთ არის მიმართული.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი