საქართველოს ბანკის ბრენდ მარკეტინგის განყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და მას მარიამ ცანავა ჩაუდგა სათავეში. ბრენდ მარკეტინგის ფარგლებში, ის წარმართავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ღონისძიებები, დიზაინი, მედია კომუნიკაცია და სხვა. ამჟამინდელ პოზიციამდე, მარიამ ცანავა VELI.store-ის ბრენდს ხელმძღვანელობდა, იქამდე კი – თიბისის მარკეტინგის გუნდის წევრი იყო. უკვე რამდენიმე წელია, ის კოლეგებთან და მეგობრებთან საკუთარ საგანმანათლებლო სტარტაპ UpWay-ს უძღვება, ახლა კი, საქართველოს ბანკის ბრენდ მარკეტინგთან დაკავშირებულ მიზნებს გვიზიარებს.
M: რას მოიცავს შენი ახალი როლი საქართველოს ბანკში და რა ფუნქციებთანაა დაკავშირებული?
ჩემი როლი აერთიანებს ბრენდ მარკეტინგის მიმართულებას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბრენდის, შიდა ჩართულობის, ივენთების, დიზაინის და მედია კომუნიკაციების მიმართულებებს.
M: შენი ხედვით, რა სჭირდება განვითარებისთვის საქართველოს ბანკს, როგორც ბრენდს?
როგორია შენი გეგმები საქართველოს ბანკის ბრენდ მარკეტინგისა და მასში შემავალი მიმართულებების განვითარებასთან დაკავშირებით?
საქართველოს ბანკი ქვეყანაში ყველაზე დიდი და შემდგარი ბრენდია, გამორჩეული თამამი ხასიათით. ჩემთვის, ამ ბრენდზე მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობა და საინტერესო გამოწვევაა. აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანი იქნება ბრენდის ხასიათის მაქსიმალური წარმოჩენა და მომხმარებლებთან შეხების ყველა წერტილში იმ ღირებულებების მაქსიმალური გადაცემა, რაც აქვს ბრენდს.
ამ მომენტში გამიჭირდება კონკრეტული გეგმების გაზიარება, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი იქნება, ერთი მხრივ, იმ ღირებულებების შენარჩუნება, რაც გამოარჩევს ბრენდს, მეორე მხრივ, მისი თანამედროვე სწრაფადცვალებად გარემოსთან და ადამიანებთან შესაბამისად მუდმივი განვითარება და „არგაჩერება“. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ ტემპში შესვლა და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.
M: მარკეტერობის პარალელურად, ხარ სტარტაპერი – როგორ გეგმავ ამ ორი საქმიანობის შეთავსებას, ახალი პოზიციის შემთხვევაში?
ჩემთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმის ერთმანეთთან შეთავსება უცხო არ არის, აქამდეც მქონია ეგ გამოცდილება. რაც შეეხება UpWay-სა და ახალი პოზიციის თანაარსებობას, ბოლო დროს, დაფინანსების მოპოვებამ გუნდის გაზრდის საშუალება მოგვცა. ორი როლის შეთავსება, უდავოდ, დიდი გამოწვევაა და მკაცრ დისციპლინას მოითხოვს, თუმცა ამას უკვე მიჩვეულიც ვარ. ერთიანი რესურსებით, ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი