ზოგჯერ გვგონია, რომ პროფესიული პროფილის რადიკალურად შეცვლა უფრო ფილმური სიუჟეტის ნაწილია, თუმცა რეალური ამბები ბევრად უფრო შთამაგონებელია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც, მარიამ ჭიკაიძემ GIPA-ს სამართლის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ცხოვრების სრულიად სხვა ორბიტაზე გადასვლა გადაწყვიტა. ალბათ ბოლომდე თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე წელში მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (IUM) სტუდენტებს სრულიად ახალ კრეატიულ სტრატეგიებს შეასწავლიდა. ნიცაში გატარებული მაგისტრატურა, გრასის პარფიუმერულ კულისებში მიღებული პრაქტიკა და ისეთი გიგანტების გვერდით მუშაობა, როგორებიცაა Dior, YSL და L’Occitane – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი გამოცდილებისა, რომელმაც ფრანგი კოლეგების გაოცება და მონაკოს უნივერსიტეტიდან მოულოდნელი მიწვევის მიღება განაპირობა. როგორ შეაჩერა არჩევანი ევროპის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სასწავლებელმა ქართველ კანდიდატზე და როგორ ემზადება Luxury Event-ების სტრატეგიებზე სალექციო კურსისთვის – მარიამ ჭიკაიძე საკუთარ კარიერულ თავგადასავალზე თავად გვიამბობს.
M: პირველ რიგში, გაეცანი მკითხველს და გვიამბე, რას საქმიანობ…
ძვირფასო მკითხველო, ჩემს სამყაროში საინტერესო როლს თამაშობ. მარადიული, რიტორიკული შეკითხვაა – ვინ ვარ, რას ვსაქმიანობ, რას წარმოვადგენ. ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ მარიამი ვარ, მარიამ ჭიკაიძე – სამართლის კურსდამთავრებული და Flavour and Fragrance ინდუსტრიის მაგისტრი მარკეტინგის მიმართულებით. ჩემი გაცნობა თუ მოგესურვება, მკითხველო, ამ მარტივი შეკითხვით ფონს ვერ გახვალ, თუმცა საბაზისოდ ეს ინფორმაციაც საკმარისი იქნება – შესაცნობად უფრო მეტად, ვიდრე გასაცნობად.
M: შენი გამოცდილება განსხვავებულ სფეროებსა და ბრენდებს უკავშირდება – ამის შესახებ მოგვიყევი…
რა თქმა უნდა, თითოეული დამკვეთი თავისებურ კრეატივს ითხოვს, რაც ცალსახად შენი შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნებასაც იწვევს. თუმცა, ბუნებით ასეთი ადამიანი თუ ხარ, კრეატივის მიმართულებაში ბევრი რამ გაგიმარტივდება – მე იღბლიანი აღმოვჩნდი ამ ნაწილში. განსხვავებული სფეროების შერჩევა ჩემი არჩევანი იყო. რატომ არ უნდა გამოსცადო საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით – საგანმანათლებლო სექტორი, პარფიუმერია, სასმელები, ელექტრონული ტექნიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და თუნდაც ინფლუენსერობის კიბისკენ ჩვილი ნაბიჯების გადადგმა. ეს მრავალფეროვნება კი ბრენდების მრავალფეროვნებას იწვევს, კეთილი და კარგი ადამიანების გაცნობისკენ გიბიძგებს და ერთი შეხედვით ნორმალური დღე ექსტროვერტულ შადრევნად გადაიქცევა. და თუ ახლა ამას ჩემი რომელიმე ნაცნობი კითხულობს – და დარწმუნებული ვარ, კითხულობს – აუცილებლად ჩაეღიმება და მიხვდება, რა ჩემეული დახასიათებაა ერთი ჩვეულებრივი დღის.
ალბათ, ეს მიდგომა ყველაზე მეტად მაშინ გჭირდება, როდესაც პროფილს იცვლი. თან სამართლიდან კრეატივის სფერომდე მთლად ერთი ნაბიჯიც არ არის, ცოტა მეტია. „რაც გიწერია, ვერ აცდებიო“, ამბობენ. არც ავცდენილვარ და სწორედ ამიტომ ჩავაბარე მაგისტრატურაზე სამხრეთ საფრანგეთში, ნიცაში. GIPA-ს დასრულების შემდეგ პირდაპირ გავფრინდი – გამოუცდელი, პატარა და შეშინებული. აი, ბრენდებთან თანამშრომლობით თუ მიამაყია ოდესმე, სწორედ ამ შეშინებული მარიამის პროექტებია, დიდ წარმატებით რომ ხურავდა.
M: მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდი და რა მიმართულებით ხარ მიწვეული ლექტორად?
მაგისტრატურაზე შევიძინე ბევრი უფროსი მეგობარი, ერთ-ერთი იყო ჟიზელი – ჩემი ლექტორი, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ჩემს კანდიდატურას მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ჩემგან მალულად. ნიცაში მორიგი ვიზიტის დროს კი ეს სიახლე მამცნო – ხვდებით ხომ, რა დამემართებოდა. პირველად დედიკოს და ბიძაჩემს დავურეკე წინადადებით: „გიო, დე, დასხედით“… ახლა წარმოიდგინეთ, მათ რა დამართებოდათ.
ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ Luxury Event Communication and Experience Strategy-ს წავიკითხავ ორი მიმართულებით – Luxury და Sport სეგმენტზე. სასიამოვნო რატომ? თბილისში ბევრი დიდი ივენთის მიღმა მე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი კრეატიული სააგენტო „პინბოლი“ ვდგავართ, სადაც აუარებელი გამოცდილება დავაგროვე და რისი მადლიერიც მუდამ ვიქნები. თანაც, გრასში (როგორც ამბობენ, პარფიუმერიის დედაქალაქში), პრაქტიკის დროს, არაერთი ივენთის ორგანიზატორი ვიყავი. შესაბამისად, მხოლოდ სპორტის მიმართულება დარჩა გამოწვევად – თუმცა, მე ხომ უბრალოდ მარიამი ვარ, რომელიც გამოწვევებს უკვე აღარ უშინდება.
M: როგორი იყო შერჩევის პროცესი და რამ განაპირობა უნივერსიტეტის მხრიდან არჩევანის შენზე შეჩერება?
როგორც შემდეგ გავიგე, სამხრეთ საფრანგეთში ჩატარებულმა ჩემმა კამპანიებმა და პროექტებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. უნივერსიტეტის პერიოდში ისეთ დიდ ბრენდებთან ვთანამშრომლობდით კამპანიების დონეზე, როგორებიცაა: YSL, Dior Homme, L’Occitane, Penhaligon’s და სხვა. შესაბამისად, ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო კანდიდატი აღმოვჩნდი.
M: შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნარები და ცოდნა გამოგადგა ამ გზაზე ყველაზე მეტად?
პირველი, რაც გავიფიქრე, თავდაჯერებულობა იყო, თუმცა მოვერიდები ამხელა განაცხადის გაკეთებას, თუმცა უამისოდაც არაფერი გამოვა. ასევე – დაუღალავი კვლევა, ტრენდებთან ერთად ჩამოყალიბება და გაზრდა, საერთაშორისო თუ ლოკალური ბაზრის პერმანენტული მოკვლევა. თანაც, რადგან ამჟამად თბილისში, GIPA-ში სოციალური მედიის მენეჯერი და მარკეტინგის სპეციალისტი ვარ, მუდმივი კომუნიკაცია მაქვს სტუდენტებთან, აბიტურიენტებთან და საოცრად ნიჭიერ, პროფესიონალ, პრაქტიკოს ლექტორებთან, რომლებთანაც ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა დიალოგში ჩართვა.
მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ სამართლის ცოდნამ და გამოცდილებამ ხელი შემიშალა – პირიქით, სულ ერთი ან ორი ნაბიჯით წინ ვიყავი. გავკადნიერდები და ვიტყვი: როგორც GIPA-ს სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული, ალბათ სამი ნაბიჯითაც წინ ვიყავი.
M: რას ურჩევდი მათ, ვინც საერთაშორისო კარიერით არის დაინტერესებული?
წინ გრძელი აღმართია, ბევრი კიბითა და მოსახვევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გაჩერდე ან შეწყვიტო საკუთარი თავის შემეცნება, სწავლა თუ განათლების გაღრმავება. ადვილი არ არის და ვერც სიღრმისეული გამოცდილებით გეტყვით, რომ კენწეროში აუცილებლად გატკბილდება – მეც ჯერ კენწეროსთან ახლოსაც არ ვარ, მაგრამ ჩემს ორბიტაზე აუცილებლად დაგიმგზავრებთ.
M: საკუთარ კარიერულ განვითარებას როგორ ხედავ სამომავლოდ და რა როლს შეასრულებს IUM-ის გამოცდილება ამ კუთხით?
ჩემი დიდი სურვილია სამხრეთ საფრანგეთში რელოკაცია პიარისა და კომუნიკაციების მიმართულებით და ამ დიდი ოცნების ასასრულებლად მონაკოს უნივერსიტეტი პირველი – ჩემთვის გრანდიოზული, თუმცა ობიექტურად მცირე ნაბიჯია.
რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ბებია ძალიან ამაყობს ამ ობიექტურად მცირე ნაბიჯით და მეც მჯერა, რომ მისი „ალი-კვალი“ მხოლოდ ამით არ დასჯერდება.













