in

მარიამ დიდებაშვილი – #პირველისამსახური

11 წელია მარკეტინგის სფეროში ვარ. ჩემი პირველი სამსახური, 21 წლის ასაკში, „ბანკი რესპუბლიკის“ ქოლ-ცენტრში სტაჟირება იყო. 5 თვე ვიმუშავე უხელფასოდ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მივხვდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო, მადლიერი ვარ,  კარიერის დასაწყისში სწორედ იქ რომ მოვხვდი. ბანკში გამომიმუშავდა ის პირველადი უნარები, რაც სამომავლოდ, პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარა.

ბანკიდან წამოსულმა ზუსტად არ ვიცოდი, რა მიმართულებით მინდოდა განვითარება, რადგან ჩემი უმაღლესი განათლება შედარებით ზოგადი იყო – ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი. 1 წელი დავუთმე ჩემს თავში ძიებას, გამერკვია, ზუსტად რა იქნებოდა ის პროფესია და საქმე, რასაც სამომავლოდ სიამოვნებით გავაკეთებდი, თავს კომფორტულად ვიგრძნობდი და არ მომბეზრდებოდა.

მივხვდი, ეს სფერო მარკეტინგი იყო. ცოდნის გაღრმავების მიზნით, მაგისტრატურაზე მარკეტინგის განხრით ჩავაბარე და სწავლის პარალელურად, მუშაობა სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში“ მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე დავიწყე. „ფრესკომ“ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მომცა მარკეტინგის სხვადასხვა ასპექტში. გავხდი კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე, ვისწავლე დეტალებზე ფოკუსირება, დროის მენეჯმენტი და შევიძინე ეფექტური კომუნიკაციის ის უნარები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს მომავალ კარიერულ ზრდას.

მარკეტინგის სფეროში მუშაობის დაწყებისას,  გავაანალიზე, რომ მიუხედავად ქოლ-ცენტრის და მარკეტინგის სფეროების განსხვავებული სპეციფიკისა, ის გამოცდილება და საბაზისო უნარები, რაც სტაჟირებისას შევიძინე, ძალიან დამეხმარა სამომავლოდ, ყოველდღიური საქმეების წარმართვაში. ამიტომ, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან დაიწყებთ, მთავარია, დაიწყოთ, დააგროვოთ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება, თუნდაც სხვადასხვა სფეროში.  ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ხვდები იქ, სადაც საჭიროა, მოხვდე, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში შეიძლება ფიქრობდე, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მიღებული გამოცდილება ფუჭია. ასე არ არის, არავინ იცის, ნებისმიერი გამოცდილება ცხოვრების რა ეტაპზე გამოგადგებათ.  

„ფრესკოს“ შემდეგ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, ახლა კი ბოლო 5 წელია, N1 დეველოპერულ კომპანია  –  m²-ში ვმუშაობ, ამჟამად მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. კომპანიამ, რომლის ლიდერობაც ბაზარზე განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით, მომცა შესაძლებლობა მიმეღო ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება, მემუშავა კომპანიაში შემავალ სხვადასხვა მიმართულებების მქონე კომპანიების ბრენდის შექმნაზე, მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა თუ განვითარებაზე, ჩემს გუნდთან ერთად წვლილი შემეტანა კომპანიის იმიჯის, გაყიდვებისა და პოზიციონირების ზრდაში, მქონოდა თანამშრომლობა ბაზარზე არსებულ ლიდერ კრეატიულ და სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. 

მარკეტინგის სფერო მუდმივად ვითარდება, ვითარდება ტექნოლოგიები, ტენდენციები და მომხმარებელთა ქცევები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის იყოთ განვითარებაზე ორიენტირებული და მარტივად ადაპტირდეთ ცვალებად გარემოში. ვფიქრობ, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თქვენი ხელმძღვანელი და მენტორი, როგორ შეგაყვარებთ სფეროს და რას ისწავლით მისგან. ვთვლი, რომ ამ კუთხით ძალიან გამიმართლა. მადლიერი ვარ ყველა ჩემი ხელმძღვანელის, ვისაც ჩემი ცოდნის გაღრმავებაში, გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში მიუძღვის წვლილი. რა თქმა უნდა თეორიულ ცოდნასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული გამოცდილება. დამწყებებს ვურჩევდი – მაქსიმალურად ეცადეთ, დააგროვოთ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება, დაამყაროთ კონტაქტები სფეროში მომუშავე ადამიანებთან, იყოთ კრეატიულები და ინოვაციურები. გჯეროდეთ საკუთარი თავის, გამოიყენეთ შესაძლებლობები, გარისკეთ, გადალახეთ დაბრკოლებები და გახსოვდეთ, რომ თუ ნამდვილად გსურთ პროფესიონალად ჩამოყალიბება, იმუშავეთ საკუთარ თავსა და მომავალზე: “The best way to predict the future is to create it.” – Peter Drucker.

მარიამ დიდებაშვილი – m²-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი

ადამიანები „სამუშაო აპოკალიფსის“ პირისპირ

ყინულის დნობა დედამიწის ბრუნვას ანელებს — კვლევა