მსოფლიოში მოწინავე FinTech კომპანია Klarna-ს, რომელიც 147 მილიონ მომხმარებელს გამარტივებულ ფინანსურ და სავაჭრო სერვისებს სთავაზობს და კორპორატიული კულტურითა თუ სამუშაო პროცესების მრავალფეროვნებით არის გამორჩეული, მარიამ გაგუა შეუერთდა და პროდუქტების მენეჯერის პოზიცია დაიკავა.
„ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების ძიებისას ძალიან გამიმართლა, რომ Klarna-მ მე ამირჩია, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ“.
პირველად ფინანსურ ტექნოლოგიებთან შეხება საქართველოს ბანკში, მობილური აპლიკაციის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას ჰქონდა. ხოლო მულტიკულტურული გამოცდილება ამერიკაში, San Diego State University-ში, ბაკალავრზე სწავლისას მიიღო.
Klarna-ში მოსახვედრად კი გასაუბრების 3 ეტაპი გაიარა:
- რეკრუტერთან ინტერვიუ და IQ ტესტი
- პროდუქტის მენეჯერის ტექნიკური და არატექნიკური ინტერვიუ
- Case study-ის ინტერვიუ, სადაც klarna-ს სამომავლო პროდუქტზე ბაზრის ანალიზი მოამზადა და წარმოადგინა, როგორი უნდა ყოფილიყო მობილურ აპლიკაციაში მომხმარებლის გამოცდილება, „როუდმეფი“, რა რისკები ახლდა პროდუქტის გაშვებას და როგორ უნდა დაეზღვიათ ისინი.
- დაბოლოს, გუნდის წევრებთან შეხვედრა, სადაც მენეჯერებმა გააცნეს ის სამი მიზეზი, რის გამოც არჩევანი მასზე შეაჩერეს:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერულ ინჟინერიაში, რაც ციფრული პროდუქტების მენეჯერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოცდილებად ითვლება.
- რელევანტური გამოცდილება საქართველოს ბანკში, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მობილური ბანკის აპლიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.
- გამოცდილება სოციალური მედია კონტენტის შექმნის მიმართულებით — მარიამმა 2 წლის წინ Fennec Tech Studio-ს Facebook community, YouTube და TikTok არხი შექმნა, სადაც ინფორმაციებს მომავლის პროფესიების შესახებ 20 000-ზე მეტ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანს აცნობდა.
საინტერესოა ისიც, რომ Klarna-ში 100-მდე ეროვნების 7000 ადამიანია დასაქმებული. თითოეული გუნდი კი ცალკეული სტარტაპის მსგავსად მუშაობს — ერთი პრობლემის გარშემო გაერთიანებული მცირე ჯგუფი პროდუქტს თავიდან ბოლომდე მართავს.
„ჩემი მიზანი ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაა, რომელსაც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გამოიყენებენ. ვთვლი, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოწინავე კომპანიებში საქმიანობა და მათი გამოცდილების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა“, — გვეუბნება მარიამი.
ბრიტანეთში ცხოვრებისა და Klarna-ში მიღებული გამოცდილების გამოყენებას კი ორი მიმართულებით გეგმავს. აქ საქართველოში ინოვაციური FinTech პროდუქტისა და YouTube-ზე არხის შექმნაზე საუბრობს, რითაც თავის ყოველდღიურ გამოცდილებასაც გაგვიზიარებს. ახალ არხს კი, როგორც გვეუბნება, სულ მალე დააანონსებს.