ვისაც სალონური შეკრებები, ჯაზის მოსმენა და ჭიქა ღვინოსთან ერთად მშვიდი საღამოების გატარება გიყვართ, ამ სტატიას ჩაუსხედით, რადგან ორი ვარიანტია – ან უკვე თქვენთვის ნაცნობ მუსიკოსს უფრო ახლოდან გაიცნობთ, ან თუ ჯერ არ აღმოგიჩენიათ მარიამ გალოგრე, გილოცავთ, დოჩანაშვილის გმირის არ იყოს, წინ გელით მისი მუსიკის, შესრულების მანერისა და სცენურობის გაცნობის სიამოვნება.
მარიამის მუსიკალური მოგზაურობა ბავშვობიდან იწყება, როდესაც მამამ პირველად ლეგენდარული ჯგუფის, The Beatles-ის სიმღერა “Strawberry Fields Forever” მოასმენინა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ იყო ეს სიმღერა ტექნიკურად შექმნილი, გაუჩნდა ემოცია, რომელმაც მიახვედრა, რომ თავადაც უნდოდა, ყოფილიყო მუსიკის ნაწილი.
დღესდღეობით მარიამ გალოგრე თავის ბენდთან ერთად მღერის, რომლის წევრებიც არიან: საბა ოკუჯავა კლავიშზე, ზუკა სიმონიშვილი გიტარაზე, ირაკლი ჭოლაძე დრამზე და ლუკა ქიტიაშვილი ბასზე.
მარიამ გალოგრე:
თავიდან, ბავშვობაში ვმღეროდი ძირითადად ჩემთვის, ჩემს ოთახში და ვიყავი საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი. მაშინ არ მიფიქრია, რომ იმ სიმღერებს, რომლებსაც ვუსმენდი ან მარტო ვმღეროდი, რამდენიმე წელიწადში საკუთარ ჯაზბენდთან ერთად ცოცხლად შევასრულებდი უამრავი ადამიანის წინაშე.
დაახლოებით 18 წლის ვიყავი, როდესაც ბენდ „ოდეტამოსთან” ერთად დავიწყე მუშაობა Pink Floyd-ის tribute შოუზე, რაც არც ისე პატარა განაცხადი იყო დამწყები მუსიკოსებისგან, თუმცა ლაივების ამ სერიამ ძალიან კარგად ჩაიარა. უდიდეს შრომასთან ერთად ეს იმის დამსახურებაც მგონია, რომ ერთმანეთთან სწორი კომუნიკაცია და ემოცური კავშირი გვქონდა. მგონია, რომ ნებისმიერი სახის ბენდში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორედ ეს ორი.
ამის შემდეგ იყო Project A, ზაზა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით და ამავე პერიოდში სასიმღერო ანსამბლში ჩავეწერე, სადაც მქონდა პატივი, შემსრულებინა „ქუთაისური სერენადა” და მიმეღო საოცარი გამოცდილება.
დღეს კი საკუთარი ჯაზბენდით ვარ წარმოდგენილი – მარიამ გალოგრეს კვინტენტი.
M: მარიამ, თქვენი შემოქმედებითი პროცესის დეტალებიც გაგვიზიარეთ…
შემოქმედებით პროცესში ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტია დაწყება, რადგან არასდროს ვიცი, რა შემომეწერება, თუმცა სასიამოვნოსთან ერთად ცოტა რთულიც არის ხოლმე. ეს სირთულე მოდის ჩემი ხასიათიდან, რომლის მიხედვითაც, სულ მაქვს მოთხოვილება, რომ ყველაფერი ყოველთვის დამოუკიდებლად უნდა გავაკეთო, რაც, საბოლოო ჯამში, ზოგჯერ მაფერხებდა ხოლმე, თუმცა სხვადასხვა მუსიკოსთან კოლაბორაციის შემდეგ ეს დამოკიდებულებაც შემეცვალა.
შემოქმედებითი პროცესი ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ საავტორო მუსიკაზე მუშაობას, არამედ ეს შეიძლება იყოს უკვე არსებულის ჩემეული ვერსიის შექმნაც, როცა შენი რაღაც უნდა ჩადო ამ პროცესში და ლაივზე ის ემოცია შესთავაზო მსმენელს, რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩენს შენს თავს.
ერთი სიტყვით, დღითიდღე უფრო ვრწმუნდები, რომ მუსიკა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვიყო ნამდვილი „მე”. ამაზე დიდი ბედნიერება ამ ეტაპზე არ მეგულება.
M: თქვენ ბევრი საინტერესო კოლაბორაცია გაქვთ სხვა არტისტებთან, გაგვიზიარეთ ეს გამოცდილებაც…
ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც შემიძლია, გავიხსენო, იყო დათო კაკულიას Seaside Melody და გიორგი ჩაგელიშვილის საავტორო სიმღერა “Rhythm In Time”.
M: თქვენ უკრავთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე და მღერით კიდეც. როგორია ბალანსის დაცვა, როცა ერთდროულად ამდენ რამეს აკეთებ მუსიკაში?
საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა და ვერ ვიტყვი, რომ არ მიჭირს. მთავარი სირთულე ისაა, რომ ვერ ვჩერდები ერთ ადგილას კონკრეტულ ინსტრუმენტზე, ისიც მინდა, ვისწავლო, ესეც და, საბოლოო ჯამში, არჩევანს ვერ ვაკეთებ.
თუმცა მინდა, ვთქვა, რომ ჩემი პირველი მთავარი ინსტრუმენტი, ესაა ვოკალი. ამის გარდა ვუკრავ კლავიშზეც, ბასგიტარაზეც, ოღონდ არა იმდენად პროფესიონალურად, უფრო თვითნასწავლის დონეზე.
M: თქვენ ახსენეთ საავტორო მუსიკა და უკვე არსებულის არანჟირება. რა განსხვავებაა შემოქმედებითად ამ ორ საქმეს შორის?
მუსიკაზე, რომელიც სხვა ადამიანის დაწერილია და შენ უნდა გადააკეთო, იმ ადამიანის ენერგეტიკა გადმოდის, რომელიც უნდა გაითავისო და შენეულად მიიტანო მსმენელამდე.
საავტორო სრულიად სხვა სამყაროა, რომელსაც ვერ გაიმეორებ, ერთია, შენია და ძალიან ძვირფასია.
M: რა არის მუსიკაში ისეთი საინტერესო, რის გამოც არასოდეს გენდომებათ მის გარეშე ცხოვრება?
ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მიყვარს ის ერთიანობა და ენერგეტიკა, რომელიც ჩემსა და ბენდის სხვა წევრების, ან სხვა მუსიკოსებს შორის იქმნება. ყველა ლაივი მნიშვნელოვანია ჩემთვის, როცა ბენდთან ერთად ვგრძნობ ამ ემოციურ თანხვედრას და ვგრძნობ, რომ თითოეული ჩვენგანი სიამოვნებას იღებს ამ პროცესით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი მუხტი მსმენელსაც მიეწოდება და ეს ენერგიაა ის, რის გამოც ალბათ უარს ვერასოდეს ვიტყოდი მუსიკაზე.
M: როგორ შეაფასებდით მუსიკალურ ინდუსტრიას საქართველოში?
დავიწყებ იმით, რომ საავტორო მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი კეთდება, თუმცა პრობლემად ყოველთვის გვესახება ცნობადობის გაზრდა. ვფიქრობ, რომ ბევრი მუსიკოსია დაუფასებელი. და, ასევე, უმეტესწილად, ყველგან არის ე.წ. საუნდის პრობლემა.
M: რაზე მუშაობთ ახლა და როგორია თქვენი მიმდინარე გეგმები?
ამჟამად ვმუშაობ ჩემს დაუსრულებელ პროექტებზე, რომლებსაც მინდა, რომ საბოლოო ფორმა მივცე. უკვე დაწერილი მაქვს ორი ტრეკი ემბიენთ ჟანრში და მსურს, სრულ ალბომად ვაქციო.
ასევე, ჩემს ჯაზკვინტეტთან ერთად ვგეგმავ საინტერესო პროექტებს, რაც გულისხმობს განსხვავებული არანჟირების გაკეთებას და საავტორო მუსიკის შექმნასაც, რომლის ძირითადი ჟანრიც იქნება ჯაზი, სოული, არენბი…
6-7-8 ივნისს გაიმართება „ზაფხულის ღამის ჯაზის ფესტივალი”, რომელშიც ვმონაწილეობ. ამ ფესტივალში ადრეც მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ამჯერად ჩემი საკუთარი პროექტით გამოვდივარ, რაც ძალიან მახარებს.
M: მარიამ, და ბოლოს გკითხავთ – რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
ჩემთვის ერთ-ერთი საოცნებო ლაივიდან ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკია ეს.
Enjoy!
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი