in

უბრალოდ უნდა დაიწყო და სცადო – მარიამ გიგუაშვილმა გრაფიკული დიზაინის საავტორო კურსი შექმნა

გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფეროა. იგი დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, რადგან საკუთარ თავზე მუშაობა ამ სფეროში უპირველესია. მისი მნიშვნელობა ბრენდისთვის, და არა მხოლოდ ბრენდისთვის, განუზომელია, რადგან ადამიანები ვიზუალურად აღქმულ ინფორმაციას უფრო მეტად იმახსოვრებენ, ვიდრე დაწერილს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ვიზუალური ინფორმაცია იყოს მარტივი, დასამახსოვრებელი და სრულად ასახავდეს ბრენდის ღირებულებებს.

გვინდა ახლოს გაგაცნოთ სმარტ აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი მარიამ გიგუაშვილი.

მარიამს გრაფიკულ სფეროში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში მას უთანამშრომლია ისეთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Adjarabet, Axis Towers, Axis, Bank of Georgia, Galleria Tbilisi, Huawei.

2019 წელს იგი იყო ციფრული სააგენტო „რედბერის“ გრაფიკული დიზაინერი, ხოლო შემდგომ არტ დირექტორი. ახლა კი, ის Adjarabet-ის არტ დირექტორია და სმარტ აკადემიაში უძღვება გრაფიკული დიზაინის კურსს.

როდის დაინტერესდით გრაფიკული დიზაინით და რა დროს გააცნობიერეთ, რომ გრაფიკულ დიზაინერად გსურდათ მუშაობა?

ჩემი უშუალო პროფესია არქიტექტურაა. ძალიან საინტერესო იყო სწავლის პროცესი, თუმცა ბოლომდე ის კმაყოფილება არ მოჰქონდა, რა მოთხოვნაც პროფესიის მიმართ მქონდა. ალბათ, მთავარი გარდატეხა, ბაუჰაუსში სწავლისას მოხდა, როცა წლიური შემაჯამებელი გამოფენის დროს, მედიახელოვნების და ვიზუალური კომუნიკაციების სტუდენტების სტუდიებში მოვხვდი და მათი ნამუშევრები დავათვალიერე. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მართლა მინდოდა.

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

გერმანიიდან ახალი დაბრუნებული, ძალიან დაბნეული აღმოვჩნდი ჩემი პროფესიული მომავლის გამო. ვიცოდი, რომ არქიტექტურა აღარ მინდოდა, არც სხვა კონკრეტული პროფესია ან სამუშო გამოცდილება გამაჩნდა. ვიცოდი მხოლოდ გრაფიკული პროგრამები, მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. სწორედ იმ დროს, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ფრილანსერი დიზაინერი იყო, საერთო პროექტების აღება და ჰონორარის გაყოფა შემომთავაზა. პირველი რამდენიმე პროექტი ძალიან მარტივი იყო და ძირითადად, სოციალური მედიის კონტენტს მოიცავდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, უკვე გამოცდილი და თავდაჯერებული შევუერთდი რედბერის გუნდს.

როდესაც იწყებდით, წარმოიდგენდით რომ დიდ მწვერვალებს მიაღწევდით?

ამ პროფესიაში ფეხის შემოდგმის მომენტიდან, მაქვს შეგრძნება, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ეს არის ის სფერო, სადაც თავს კარგად ვგრძნობ, ვვითარდები და წარმატებებსაც ვაღწევ. ზოგადად, არ მგონია, რომ ამ პროფესიაში კონკრეტული მწვერვალი არსებობს. დაუსრულებელი გზაა, ძირითადად სულ მიდიხარ, მიდიხარ, უბრალოდ, ეს სიარული ძალიან სასიამოვნოა.

თქვენი ნამუშევრებიდან, რომელს  გამოარჩევდით?

ბოლო დროს ძირითადად ხელით ხატვამ გამიტაცა, თუმცა ძალიან მიყვარს გრადიენტებით შექმნილი კომპოზიციები.

საიდან იღებთ ინსპირაციას?

ჩემთვის ყოველდღიური დეტალები ყველაზე საინტერესოა, ერთი და იგივე ნივთები ან გარემო, რამდენნაირად შეგიძლია დაინახო, სხვადასხვა რაკურსით და განათებით. ქუჩაში სხვადასხვა ტექსტურა, შემთხვევითობით გვერდიგვერდ მოხვედრილი ფერები ან ხელნაკეთი აბრების ტიპოგრაფია, შეიძლება ახალი პროექტის დასაწყისი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, სულ აქეთ-იქით ვიყურები და ჩემთვის საინტერესო დეტალებს გამუდმებით სურათებს ვუღებ. მგონია, რომ ჩემი პერსონალური ხედვა, ყველაზე კარგად ჩემს ინსტაგრამზე ჩანს.

როგორ გრძნობთ თავს ლექტორის ამპლუაში?

ძალიან სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით როცა მოტივირებული სტუდენტები გხვდებიან და შესაძლებლობა გაქვს სრული რესურსით დაიხარჯო. ლექციების დრო ისე გადის, ვერც ვხვდები და სახლში ყოველთვის დადებითი ემოციებით სავსე ვბრუნდები.

რა გაითვალისწინეთ პროგრამის შედგენისას, როგორ და რის მიხედვით დაალაგეთ თემები?

პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა კომპონენტზე. დაყოფილია თემატურ კვირებად, მაგალითად: ფერების კვირა, სადაც ზოგადად ფერების გამოყენებას, კორექციას და პალიტრასთან მუშობას გავდივართ. ტიპოგრაფიის კვირა, სადაც წინ წამოწეულია ფონტებთან და ტექსტთან მუშობა. ბრენდის კვირა, სადაც განვიხილავთ ზოგადად ბრენდინგსა და ვიზუალურ იდენტობას და ვხსნით ბრენდბუქის სწორად გამოყენების წესებს. შესაბამისად, ერთდროულად ვმუშაობთ სხვადასხვა გრაფიკულ პროგრამაში და საშინაო დავალებებიც მაქსიმალურად გათვლილია მიღებული ცოდნის რეალურ პროექტებში გამოყენებაზე. საბოლოოდ, კურსის დასრულებისას, სტუდენტს მზად ექნება საკუთარი პორტფოლიო, რომლის პრეზენტირებასაც შეძლებს პოტენციური დამკვეთისა თუ დამსაქმებლისთვის.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გრაფიკული დიზაინით, თუმცა ვერ ბედავენ ახალი გამოწვევების მიღებას?

უბრალოდ უნდა დაიწყო და სცადო. ხოლო, თუ თავს კარგად იგრძნობ – გააგრძელო. მთავარია მზად იყო საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მუშაობისთვის, რათა დახვეწო გემოვნება, ტექნიკა და შემოქმედებითი აზროვნება. თუმცა, ამავდროულად, ეს შრომა ძალიან სასიამოვნო იქნება.

შენ კი, 36 საათიანი სალექციო კურსის შემდეგ გეცოდინება:

  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe InDesign პროგრამების საფუძვლები
  • საბეჭდი და ვებ-მასალების მომზადება
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტებზე მუშაობას
  • მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნას
  • დამოუკიდებლად საკუთარ პორტფოლიოზე მუშობის გაგრძელებას

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გარდა სერტიფიკატისა, ლექტორისგან მიიღებ წერილობით დახასიათებას/რეკომენდაციას, გაივლი 1 თვიან პრაქტიკას და ცოდნასა და გამოცდილებას კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებ.

რაც შეეხება დასაქმებას, სმარტ აკადემიას ჰყავს არაერთი პარტნიორი კომპანია, სადაც პერიოდულად ცხადდება აქტიური ვაკანსიები. ამ ვაკანტური ადგილების შესახებ კი პირველ რიგში ჩვენს ტოპ სტუდენტებს (90+ ქულა) ვატყობინებთ და ვუწევთ რეკომენდაციას, რომ მათ დაიწყონ სტაჟირება ან დასაქმდნენ დამწყებ სპეციალისტებად

გრაფიკული დიზაინის კურსზე სწავლა 8 ნოემბერს, ტერმინალში (ხორავაზე) იწყება, კურსზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს.

მარიამის პორტფოლიოს სანახავად კი გადადი ამ ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

ტექნოლოგია და სილამაზე – რა როლს ასრულებს ინოვაციები ესთეტიკის ინდუსტრიაში

Disney-მ საშობაო ტრილოგიის ბოლო ნაწილი გამოაქვეყნა