in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „რაღაც უნდა გაუშვა და დათმო, იმისთვის რომ ახალი მიიღო“ – მარიამ გუჯაბიძე

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე პროექტ Spend 4 Seasons In Georgia-ს თანადამფუძნებელი მარიამ გუჯაბიძე გვიყვება.

ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მიმიღია, რასაც თავიდან ბოლომდე ამოუტრიალებია ჩემი რეალობა, რეალურად ყოველთვის დაკავშირებული იყო საკუთარ თავთან და საკუთარ სურვილებთან დაბრუნებასთან. ისე ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყოველდღიურობის ქაოსში და მუდმივ გადარბენაში, ვშორდებით ჩვენს ნამდვილ სურვილებს და სხვისი, საზოგადოების, მეგობრის, კოლეგის თუ ოჯახის წევრების პრიზმიდან ვუყურებთ ჩვენივე თავებს, აზრმოხვეულები კი იშვიათად ვაცნობიერებთ იმას, ჩვენ რა გვსურს. ყველაზე დიდი გამბედაობა კი თურმე საკუთარი თავისთვის კითხვების დასმასა და სწორი პასუხების ძიებაშია,  აქედან იწყება ყველაზე დიდი და საინტერესო ბრძოლებიც.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი რადიკალურად განსხვავებული საქმით ვიყავი დაკავებული: ჩემი პირველადი პროფესიით – იურიდიული საქმიანობით, რასაც 18 წელი მივუძღვენი და ტურიზმით, რომელიც ძალიან მოულოდნელად და დაუგეგმავად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ და სრულიად განსხვავებული მხრიდან დამანახა ჩემი თავიც და შესაძლებლობებიც. ვხვდებოდი რომ ორივე საქმის ერთდროულად კეთება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ჩემგან, თუმცა არ მეთმობოდა პირველადი პროფესია, თითქოს ვერ ვბედავდი ამდენწლიან გამოცდილებაზე და შრომაზე უარის თქმას. 

შარშან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გავიარე პრაქტიკა, მთელ ჩემს დროს და რესურსს იმ სფეროს ვუთმობდი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მიზიდავდა. საქართველოში დაბრუნებულმა კი გავბედე საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა, რეალურად რომელ სფეროში მინდოდა დარჩენა. იმდენად ცალსახა და მკაფიო პასუხი მივიღე, რომ რამდენიმე დღეში დავწერე განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დავემშვიდობე იურიდიულ საქმიანობას.

ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ რაღაც უნდა გაუშვა და დათმო, იმისთვის რომ ახალი მიიღო.  ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც, ბოლო წელიწად-ნახევარში იმდენი საინტერესო შემოთავაზება მივიღე, არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორი თავად ვიყავი და რაც მთავარია, უამრავ შესანიშნავ ადამიანთან შევძელი მუშაობა, რომ ყველაზე კარგ ფიქრებშიც ვერ გავიფიქრებდი. 

ყველა ახალი პატარა თუ დიდი გადაწყვეტილება, ახალ სამყაროს აღმოგვაჩენინებს ხოლმე პირველ რიგში საკუთარ თავში, შემდგომ კი გარეგან სამყაროში. ამ გადაწყვეტილებამ მომცა შესაძლებლობა უფრო ხშირად ვუსმინო ჩემს თავს და სურვილებს, აღმოვაჩინო ძალა მუდმივად ახლის ძიებისა და შევიყვარო ყველა ახალი თავგადასავალი, რასაც ცხოვრება მთავაზობს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მასწავლა ამ გამოცდილებამ, სრული უფლება გვაქვს საკუთარ თავს ხშირად ვუთხრათ კი, თუნდაც მაშინ, როდესაც ეს ისეთ საქმესთან არის დაკავშირებული, რომელიც ძალიან გვაშინებს და წარმოუდგენელ დისკომფორტსაც გვიქმნის,  რადგან ბოლოს გაშვებულ შესაძლებლობებზე უფრო ვდარდობთ, ვიდრე დაშვებულ შეცდომებზე.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

ნახეთ: 2023 წლის საუკეთესო ფოტოები მთელი მსოფლიოდან

გაცნობის პირველი აპლიკაცია, რომლის იდეაც გარი კრემენს საკუთარი პარტნიორის ძიებისას მოუვიდა