in

მარიამ კაპანაძის ანიმაციამ – “მიტოვებული სოფელი” ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა


ქართველი კინორეჟისორის, მარიამ კაპანაძის ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი“ იაპონელი კინოკრიტიკოსები და მაყურებლები ასე აფასებენ: „ეს იყო ნამდვილად ამბიციური და ესთეტიკურად ლამაზი ნამუშევარი.“

სულ ცოტა ხნის წინ მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციამ, რომელიც “სტუდია კვალი XXI”, კინოცენტრი “ქართული ფილმი აფხაზეთისა” და “საქართველოს ეროვნული კინოცენტრის” მხარდაჭერით შეიქმნა, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე 2000-ზე მეტი ფილმი იყო გაგზავნილი. ქართველი რეჟისორის ნამუშევარი კი 90-ს შორის მოხვდა.

კინორეჟისორ მარიამ კაპანაძისთვის და მხატვარ, ირაკლი ტოკლიკიშვილისთვის ეს ანიმაცია სადებიუტო ნამუშევარია. „აქამდე ანიმაციასთან შეხება არ მქონია. უკვე 7 წელია ჩრდილების თეატრში ვარ და სწორედ ჩრდილების ხელოვნების დაუფლებისას გადავდგი ანიმაციისკენ პირველი ნაბიჯები.“ – ამბობს მარიამი.

ანიმაციის შესაქმნელად კაწვრის ტექნიკა გამოიყენეს, რაც საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს და საერთო ჯამში, ფილმი 3 წლის განმავლობაში იქმნებოდა. აღსანიშნია, რომ ანიმატორმა – ელენე მურჯიკნელმა კაწვრის ტექნიკის ცოდნა ჯგუფის სხვა წევრებს გაუზიარა. რის შემდეგაც, სოფლის პეიზაჟის სურათებს ანიმატორები აცოცხლებდნენ…

აღსანიშნავია, რომ ფილმის იდეურ მხარეზე მრავალი მოსაზრება ითქვა… ზოგიერთისთვის მიტოვებული სოფელი სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს დღევანდელ რეალობას – ხალხისგან დაცლილი სოფლები, რომლებიც უჩვენოდ ნელ-ნელა კარგავს სიცოცხლეს. თუმცა მარიამ კაპანაძე ანიმაციის ძირითად იდეას ასე განმარტავს – „ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია, რომელიც ადამიანის მეტაფორას წარმოადგენს. ადამიანის, რომელმაც დაივიწყა სამყაროს შექმნის გრძნობა – სიყვარული… ეს არის უსიყვარულობის შედეგად განადგურებამდე მისული ჩვენი სამყარო.“

„გრძნობადავიწყებული“ ადამიანის შინაგანი სამყარო, ანიმაციის მეშვეობით, გარეთ არის გამოტანილი. თითქოს ემოციები, შეგრძნებები და განცდები ვიზუალურ ეფექტებად იქცა.

„მიტოვებული სოფლის გარდაცვლილი სურათი…“ – ასე უწოდებს ავტორი ფილმს. „ფილმში არ ხდება კადრების მონაცვლეობა. მაყურებელი მხოლოდ ერთ ხედს ხედავს. ფილმის დინამიკა მხოლოდ მის შიგნით არსებული გრადაციებით იქმნება.“

საინტერესო სიმბოლიკა აქვს ფილმის გახმოვანებასაც, სადაც ორგვარი ხმაა გამოყენებული. ერთი მათგანი იდეურად გამოხატავს წარსულის გამოძახილს… წარსულის, რომელშიც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა კი მუდმივად ბრუნდება აწმყოში… ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილი. მეორე ხმა კი არსებულ რეალობაზე, სოფლის მდუმარე და ტრაგიკულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტირებას.

თანაც, ჩვენ ვერ ვხვდებით, ანიმაციაში „მოქმედება“ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გრძელდება, თუ რამდენიმე წელი. აქ ერთი დღის მოცემულობა განზოგადებულია და ალბათ, დროის ინტერვალიც ჩვენს შინაგან განწყობილებაზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაყურებლებმა „მიტოვებული სოფელი“ დიდ ეკრანებზე იხილონ. ალბათ ხვდებით, რამდენად დიდი მნიშვნელობა, გავლენა და ეფექტი აქვს დიდ ეკრანზე წარმოდგენილ გამოსახულებას. სამწუხაროდ, ეს ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მაგრამ, იმედია, მალე დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას… მანამდე კი გვიწევს, მივიღოთ არსებული მოცემულობა და მოვერგოთ მას.“

და მაინც, რას ემსახურება ეს ანიმაცია…?

„ჩემი მიზანი იყო, ადამიანებს გახსენებოდათ ის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც დაავიწყდათ… სიყვარულის გრძნობა, მეგობრობა, ურთიერთობები და ა.შ. ხშირად ამ ფილმს მედიტაციასაც ვუწოდებ. როდესაც მას უყურებ, ერთგვარი გარდასახვა ხდება ანიმაციურ სურათსა და ადამიანს შორის.“

სამწუხაროდ, მარიამმა, მხატვარმა – ირაკლი ტოკლიკაშვილმა და პროდიუსერმა – მარიამ კანდელაკმა, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოახერხეს იაპონიაში, ანიმაციის მსოფლიო პრემიერაზე დასწრება. „ძალიან მწყდება გული, რომ ეს ასე მოხდა, რადგან სიმბოლური იყო მსოფლიო პრემიერის იაპონიაში ჩატარება. მართალია, პეიზაჟის, კადრის ინსპირაცია იმერეთში მოგზაურობისას მივიღე, მაგრამ სტილისტურად ძალიან ჰგავს უშუალოდ იაპონიის ხელოვნებას.“

იაპონიის შემდეგ ფილმს სლოვენიაში, ანიმაციური ფილმების ფესტივალზეც უმასპინძლეს. რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა სულ რამდენიმე თვეში ასეთი წარმატება და როგორც ჩანს, „მიტოვებულ სოფელს“ საინტერესო საფესტივალო ცხოვრება ელის.

ავტორი: ქეთია ბელქანია


ინტერნეტ ბულინგის გამო, „არსენალის“ მეკარემ Twitter-ის ანგარიში გააუქმა

მძიმე ტექნიკის მართვა მსუბუქად – BIZON.GE-ის ახალი ფუნქციები ახალი გამოწვევების საპასუხოდ