მარიამ კაპანაძის ანიმაცია “მიტოვებული სოფელი” უკვე მეორედ სტუმრობს იაპონიას. თუმცა ახლა მისი ჩვენება ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ფილმი შერჩეულია სექციაში – “ანიმაცია, რომელიც შეგრძნებებს ამძაფრებს”.
პირველად, ფილმმა, 23 ნოემბერს, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე NEW CHITOSE, იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მოიპოვა და ასეთი შეფასება მიიღო: – “საინტერესო ფილმია, აქ ვერ მიხვდებით, დროის რა მონაკვეთში ხდება მოქმედება. მაგალითად, ეს შესაძლოა, იყოს ერთ კვირიანი ან 200 წლიანი დროის მონაკვეთი”.
„მიტოვებული სოფელი“ – რეჟისორ მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციური ფილმია რომელიც კინოსტუდია „კვალი XXI“-ს და კინოცენტრი “ქართული ფილმი-აფხაზეთის” ბაზაზე შეიქმნა, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ანიმაციის წარმოების კონკურსის გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტია.
იაპონიაში წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, ქართული ანიმაციური ფილმი„ სლოვენიაში, ლიუბლიანას ცნობილ საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე „ANIMATEKA“-ზე იყო მიწვეული, ახლა კი ფილმს ისევ იაპონია მასპინძლობს. “ეს ნადვილად სასიხარულო მოვლენაა, რადგან მიტოვებული სოფელი არის პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში იქნება ნაჩვენები” – ამბობს მარიამ კაპანაძე.