in

„ჩემი მიზანი ფილოსოფიის, მუსიკის, ესთეტიკის, ეროტიკისა და ციფრული სამყაროს ოქროს კვეთის პოვნაა“ – მარიამ (ვივიენ) კაჭარავა

„1 ნოემბერი, დილის 6 საათი… ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, როცა ფოტოშოპი პირველად გავხსენი კოლაჟის შესაქმნელად. სტუდენტობის მეორე კურსზე, ახალგათენებულზე, გარეთ რომ გარდამტეხი ნოემბერი იყო, რაღაცამ იყვირა თავში, გულში, სულში, მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული, „პინტერესტის“ დონის კოლაჟი ავაწყვე მაგ დილით, თუმცა მას მერე არცერთი დღე და არცერთი წამი ამ საქმის გარეშე არ მიცხოვრია. ქრონოლოგია ასეთია: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი – კოლაჟები, სწავლა, კოლაჟები, სწავლა… თებერვალი – პირველი სამსახური (Socialsharks) არანაირი სტაჟირება, არანაირი ჯუნიორ დიზაინერობა, პირდაპირ სარეკლამოს საგიჟეთი და კომპანიები, რომლებსაც მეტი და მეტი უნდოდათ ციფრული სამყაროდან. თურმე, წამებში სწავლობ იმას, რაც წლებზე გქონდა გაწერილი. მარტი-აპრილი – ინტერვიუები ქართულ გამოცემებთან. ავლაპარაკდი და დავიწყე ახსნა, დაახლოებით, რა იყო კოლაჟის ხელოვნება, რატომ იყო და ვინ, რა მიზნით ქმნიდა მას. მთელი არსებით ვიცი, რომ ეს საქმე მიყვარს, არა უბრალოდ მიყვარს, რასაც ვაკეთებ, არამედ მიყვარს, რატომაც ვაკეთებ. სამყარო, რომელიც იდეურად სრულყოფილი, მაგრამ პრაქტიკულად, არასრულყოფილია, უკვე ერთი დიდი კოლაჟია, სადაც მე, მარკეტერის ხალხი, ბარსელონაში ჩემი მეზობლის კატა და იუპიტერის თანამგზავრი კომპოზიციურად სწორად გავნაწილდით. მე ვარ მარიამ კაჭარავა (ვივიენი) 21 წლის, გრაფიკული დიზაინერი და კოლაჟ არტისტი“. 

მანამდე კი, როგორც მარიამ გვიყვება, სულ პატარა ასაკიდან ხატავდა, რამაც ხელოვნების, ესთეტიკისა და ზოგადად, შრომის ფასი და სიყვარული ასწავლა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ, 10-მდე სხვადასხვა სტილი შეისწავლა – ზოგი ტექნიკურად, ზოგიც თეორიულად. ცოტათი რთული და ნაცრისფერი ბავშვობის გამო, თავად ჩამოუყალიბდა ყველაფრის შეცვლის, დეკონსტრუქციისა და გალამაზების უნარი, მხედველობაც კი, საბოლოოდ, დეკონსტრუქციული გაუხდა და დღემდე არ იცის, ერთი შეხედვით, სამყაროსა და ობიექტებს რა სისწრაფით ჭრის და კერავს.

2019 წელი, მარიამის ცხოვრებაში ბევრ კარგ ამბავს ინახავს…

ზაფხული – ამერიკელი გრაფიკული დიზაინერის, დევიდ კარსონის (David Carson) მეილი, მეგობრობა, რჩევები და მოტივაცია. მოწვევა ესპანეთიდან – Galeria Gaudi-ის კურატორობის შეთავაზება, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე Marbella-ში. მისივე კურატორობით, ოქტომბერში წავიდა, ასევე, თანამედროვე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა-გაყიდვაზე, ქალაქ ესენში, გერმანიაში. გერმანიიდან ნამუშევრები მადრიდში, Entre Dos Orillas Atlánticas-ს ფესტივალზე მოხვდა და მას შემდეგ, Galeria Gaudi-ის კურატორობის ქვეშ იმყოფება. შემდეგ იყო მუსიკალური ჯგუფები, მათი არტვორქები, მაგალითად, პაულო ფრეზუ მისი საყვარელი ჯაზმენი და მესაყვირეა და ნამუშევარი, რომელიც მისი ერთ-ერთი კომპოზიციის, Passalento-ს მიხედვით შეიქმნა, (“when fresu met water”), საბოლოოდ, მისი მენეჯერის მხრიდან, მარიამით დაინტერესების მიზეზი გახდა. ავსტრიული გამოცემა Capsulesbook-იც გამოჩნდა და მათთან 2021 წლის ნომერში მარიამის შეყვანის ამბავიც გაირკვა.

2020 წლის დასაწყისში, თავი Forbes Georgia-ს ერთ-ერთ გამარჯვებულად (ათეულის წევრად) აღმოაჩინა, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. მალევე გამოჩნდა ვარშავაში მდებარე Retroavangarda-ს გალერეაც, რომელმაც კოლაჟის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია მის მიერვე შექმნილ „ოქროს ხოჭოსთან“ ერთად. კორონას გამო, აპრილის 3-ში დაგეგმილი გამოფენა გაუქმდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, მათ მეგობარ არტისტად გაიღვიძა, გახდა „რეტროავანგარდას“ Gallery of friends-ის წევრი.

თან, გზადაგზა, Tbilisi Open Air დაბრენდა და სოც.მედიისთვის გაამზადა. ფესტივალი ვერ შედგა, თუმცა ერთკაციანი შრომა მაინც გამომზეურდა და როგორც ამბობს: „ალბათ, ყოველთვის ჩემი ყველაზე ძვირფასი ბრენდინგი იქნება, თავისი მნიშვნელობით“.  

სულ ახლახან კი, ერთ -ერთი ძალიან კარგი წამოწყების, art up-ის გამარჯვებულიც გახდა. ცოტა ხნის წინ, სამსახურიდან წამოვიდა, დღეს კი, Digital Bus-ის გრაფიკული დიზაინის კურსის ხელმძღვანელი და Tbilisi Pride-ის დიზაინერია. 

მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ კაჭარავასთან ინტერვიუს: 

M: მარიამ, გვიამბე შენზე…
ჩემზე მიყვარს, როცა ვყვები, მაგრამ კონკრეტულად, არ ვიცი, რაზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანია. დავიბადე ქალაქ ქუთაისში ახალი წლის ღამეს და პირველი სწორედ ამ ბუმბერაზი და დიდებული ქალაქის ბედნიერებით გაჟღენთილი ჰაერი ჩავისუნთქე, მაგრამ ძალიან მალე, 3 წელიწადში უკვე მთელი ოჯახი გადმოვედით თბილისში. ხატვა სწორედ აქ გადმოსვლისას დავიწყე, დედა დღემდე ინახავს ჩემს ნახატებს, რომლებიც ძალიან ბევრია. მარტივი არ აღმოჩნდა თბილისში ცხოვრების გაგრძელება, ამიტომ გზად ბევრი სირთულე მახსოვს, მახსოვს ისიც, რომ სწავლა ძალიან მიყვარდა და დიდი ოცნებები მქონდა. წლებთან ერთად ვსწავლობდი ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ვიზრდებოდი და უბრალოდ, ვსწავლობდი ცხოვრებას. ამ ზრდასთან ერთად, მძიმდებოდა და მეტად ხისტი ხდებოდა ჩემი თვალით დანახული სამყარო, რამაც მისი დეკონსტრუქციისკენ მიბიძგა.

ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე, თუმცა ვაღიარებ, არც ვიცოდი, რა იყო ეს და ვერც ძალიან მალე შევძელი ამის გაგება. ახლა მეოთხე კურსზე უნდა გადავდიოდე, თუმცა ბევრი მიზეზის გამო, პრიორიტეტებმა და დროის უქონლობამ, რაღაც პერიოდის წინ, ჩვენი გზები დროებით გაყარა.

M: როგორ მიხვედი კოლაჟის ხელოვნებამდე? რა გახდა შენი ხელოვნების ამ მიმართულებით დაინტერესების წინაპირობა? 
კოლაჟამდე იყო მინიმალისტური ილუსტრაციები, აბსტრაქციები, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში ვხატავდი.
კოლაჟი ჩემთვის ერთი დიდი არტისტული კოლაბორაციაა: ფოტოგრაფებთან, მხატვრებთან, ბუნებასთან, ადამიანებთან, ობიექტებთან, მათემატიკასთან, თითქმის ყველაფერს მოიცავს, ყველაფერს ეხება, თითქოს ფაზლს აწყობ, იმ სურათისას, რომელიც ჯერ არავის უნახავს.

კავშირი ჩემს ცხოვრებასა და კოლაჟის ხელოვნებასთან საკმაოდ ახლოა, მე მჯერა და ღრმად მწამს კავშირების… მჯერა, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთის განუყოფელი და ხშირად დაკარგული ნაწილია, ყველაფერი მეტაფორაა და ყველაფერი აბსტრაქციაა. ამიტომ, არ ვიცი იმაზე დიდი ბედნიერება, როცა საკუთარი იდეოლოგიით მუშაობ. როცა შეგიძლია, ემოციას სახე და ფორმა მისცე, ან ობიექტი, რომელიც ღრმად არის ადამიანის გონებაში მისი ვიზუალით გამჯდარი, სრულიად შეცვალო და ახალი მნიშვნელობა აჩუქო. მოჰყვე ამბავს, რომელიც არავის მოუსმენია, გადმოსცე ადამიანის შინაგანი სამყარო უამრავი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დეტალით.

https://www.instagram.com/p/CCWcYvuH7L-/

M: როგორც თავადვე ჰყვები, 2019 წელი შენთვის ბევრ საინტერესო ამბავს იტევს… როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ხელოვანისთვის წარმატება? ესაა აღიარება, თუ პირველ რიგში, თვითკმაყოფილება? თუ?
რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.. როგორც არტისტი, პირველ რიგში, თვითკმაყოფილებისკენ ვიხრები. როცა ვგრძნობ, რომ ვიზუალურად ვქმნი იმას, რაც ჩემში დაიბადა, ერთგვარი სიამოვნებისა და შვების გრძნობა მეუფლება, თუმცა აღიარება ეს პასუხია სამყაროსი, ეს შექებაა პატარა ბავშვისთვის და „ანაზღაურებაა“ გაწეული დროისთვის.

M: რაც შეეხება ვივიენს? როდის დაიწყო მარიამ კაჭარავამ ვივიენის სახელით ცხოვრება?
ვივიენი, ჩემს შემოქმედებამდე ბევრად უფრო ადრე არსებობდა. დაახლოებით, 4 წლის წინ დავიწყე წიგნის წერა, ვივიენი სწორედ მაშინ გაჩნდა ჩემს გონებაში. ეს იყო გოგო, რომელსაც მენტალური პრობლემები ჰქონდა და რომელსაც მთელი სამყაროს ბნელი მხარე ჰქონდა ნანახი. რთულია, წერო ასეთ თემებზე მხოლოდ ფანტაზიით, მაშინ როცა ჯერ მხოლოდ 17  წლის ხარ და ამიტომ გადავწყვიტე, საინტერესო და უცნაური ცხოვრება, რომელიც მინდოდა მისთვის შემექმნა, პირველ რიგში, თავად მენახა და თავად გამევლო. ამიტომ, ვივიენად გრაფიკულ დიზაინამდე ვიქეცი, ეს სახელი პირად მოტივაციას მაძლევდა, რომ ჩემი ცხოვრების წერა გამეგრძელებინა და გამეხედა სარკის მეორე მხარეს.

M: რა არის შენი მთავარი პროფესიული მიზანი?
მთავარი პროფესიული მიზანი ფილოსოფიის, მუსიკის, ესთეტიკის, ეროტიკისა და ციფრული სამყაროს ოქროს კვეთის პოვნას უკავშირდება, რაც მართალია, არც ისე იოლია. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მოუთმენელი ვარ და დღევანდელ საქმეს გუშინ ვაკეთებ და არა ხვალ, მაინც, ეს ის წერტილია, რომლისკენაც მომიწევს ძალიან ნელა და ფრთხილად სიარული. კომერციულ ჭრილში კი, ალბათ, მინიმალისზმისკენ წავალ და ამისთვის ჯერ ფუნდამენტებსა და ამ სფეროს შექმნის მთავარი იდეის დეკონსტრუქციას დავუბრუნდები.

M: 21 წლის და კიდევ უფრო დიდ ასაკშიც, ბევრი უსვამს ხოლმე საკუთარ თავს კითხვას: „იქ ვარ, სადაც მინდა, ვიყო?“ შენს შემთხვევაში, როგორი იყო გაცნობიერების მომენტი? როგორ იპოვე მიზანი?
იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან ვხატავდი, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი საერთოდ სხვა მიმართულებას, ქიმიას დავუთმე და მეგონა, ეს ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა და რაც სამომავლოდაც მენდომებოდა. საკმაოდ კარგად ვსწავლობდი და გაგრძელებას სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავდი. მახსოვს, მამამ მირჩია, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და ეს უცნაური იყო, არასდროს არ მიოცნებია სამხატვრო აკადემიაზე ისე, როგორც თეთრ ხალათზე ვოცნებობდი. თუმცა ნიშნების მჯერა, მამასთან დიალოგიც სწორედ ასეთი ნიშანი იყო.

დღეს, 21 წლის ასაკში, ვიცი, რომ გავრბივარ, თავისუფლებისკენ და ვიცი, რომ ეს სწორი მიმართულებაა და ამ გარბენის სტარტი, პირველ კოლაჟთან ერთად დაიწყო.

როგორ ვიპოვოთ, რა არის ჩვენი? ან როგორ ვიპოვე მე? ყველაფერი აქაც თავისუფლებისკენ მიდის, მჯერა, რომ ყოველთვის იცი, რა გინდა, უბრალოდ, არ იცნობ საკუთარ თავს. საკუთარი თავის იდეასთან ერთად ვიბადებით, იდეა კი, თავისთავად, თავისუფლებაა, რომელსაც შეცნობა, შეგრძნება და გაანალიზება სჭირდება, საბოლოოდ კი, იპოვი წერტილს, რომლისკენაც დაუსრულებლად შეძლებდი ბედნიერად სვლას.

https://www.instagram.com/p/CC0ZZ_1hPfZ/

M: ეთანხმები, თუ არა მოსაზრებას, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა დააფიქსირო შენი ამ სამყაროში არსებობა და არ ელოდო, როდის შეგამჩნევენ… როგორია შენი დამოკიდებულება ამ საკითხზე და ამ კუთხით, რა გამოცდილება გაქვს?
საკუთარი თავის დაფიქსირება? მომწონს და მახარებს, მახარებს ჩემი შემოქმედების გამო. 
ვცდილობ ხოლმე, ნაკლებად ვიყო ჩრდილში იმიტომ, რომ თემები, რომლებზეც ვმუშაობ, ვიზუალები, რომლებითაც საუბარს ვცდილობ, მინდა, ადამიანებამდე მივიდეს, მათთან დაამყაროს კომუნიკაცია. ზოგადად, ხელოვნება ბუნებით ძალიან ეგოცენტრულია და ყველა, ვისაც მასთან ახლო შეხება აქვს, მასში იძირება და რა თქმა უნდა, ეს კარგი კუთხით. 

და მაინც, საკუთარი თავის დაფიქსირება? ადრე ბევრად უფრო საჭიროდ მიმაჩნდა, რადგან ახალი ვიყავი ამ სფეროში და ყოველთვის, როცა უცხო სახლში შედიხარ კარზე აკაკუნებ და თუ ძალიან გეჩქარება შესვლა, კაკუნს არ წყვეტ. 

Virgin Galactic-მა ზებგერითი თვითმფრინავის დიზაინი წარადგინა

გოგონებს, ვირუსული ვიდეოდან, ჩოგბურთს როჯერ ფედერერი ეთამაშება