15
Dec
2019

მარიამ ქავჟარაძე: „კი არ ვიტყუები, სიმართლეს ოდნავ ვალამაზებ ხოლმე“

15 Dec 2019

-მარიამ, ვინ ხარ შენ? ვინ არის მარიამ ქავჟარაძე?
-დღეს, მე ვარ შემდგარი ადამიანი… ბედნიერი…

ბედნიერად ყოფნა ბავშვობისას ისწავლა. რადგან 90-იანების გარემომ, ადაპტირებად და ბევრი მოულოდნელობისთვის გახსნილ ადამიანად აქცია. რაღაცნაირად, იმ მოცემულობებიდან გამოსავალი, რომელიც არ მოსწონდა, საკუთარ წარმოსახვაშ იპოვა. იჯერებდა იმას, რაც მის ცხოვრებას გაამრავალფეროვნებდა და უფრო საინტერესოს გახდიდა. ხან პიტერ პენი იყო, ხანაც შეეძლო, სათამაშო ძაღლი ეზოში ჩაეყვანა და მას როგორც ცოცხალს, ისე მოქცეოდა.

თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო. ამ ოცნებებსა და წარმოსახვაში ვცხოვრობდი. წიგნს ვკითხულობდი თუ მულტფილმს ვუყურებდი, ამ პერსონაჟებთან ყოველთვის ვახდენდი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. დაძინებისას კი, მათს ამბებს ჩემებურ ინტერპრეტაციებს ვუკეთებდი ხოლმე, – მარიამ ქავჟარაძე.

მოზარდობის პერიოდში, ისეთ გარემოში უწევდა ყოფნა, სადაც ინდივიდუალიზმი თავხედობად ითარგმნებოდა. მით უფრო, რომ ადეკვატური თვითშეფასება ორგანული არ იყო მისთვის და სჭირდებოდა ვინმე, ვინც მას ამ კუთხით რჩევას მისცემდა, გამოსავალი ისევ ნამდვილი თუ გამოგონილი ამბების პერსონაჟებთან იპოვა და მათი გამოცდილების გაზიარებით, საკუთარ თავსაც უშველა. იპოვა ძალა, რომლითაც საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა.

ბავშვობაში ზღაპრების ავტორი, დღეს, Buyers-ის დამფუძნებელია და პატარაობისას საკუთარი თავისთვის მინიჭებულ როლი სამსახურში ასე აირეკლება: „მე ვსაუბრობ და ჩემს ტვინში გაფილტრულ იდეებს გუნდის წევრებს ვუზიარებ. ჩემთვის ეს არის კომფორტული სამუშაო გარემო“. იმდენად სჯერა ხოლმე იმის, რასაც ამბობს, ერთი შეხედვით, რაც უნდა ფანტასმაგორულ ჟანრს მოჰგავდეს მისი ნათქვამი, საბოლოოდ, მაინც სრულდება იმიტომ, რომ „სიმართლეს ოდნავ ვალამაზებ ხოლმე“. 

შეულამაზებელი წარსული კი ასეთია: 4 წლის ბალერინამ ფეხი რომ იღრძო, მოზარდობის ასაკში კი, საკუთარ ოცნებებში თავი უკვე მსახიობად წარმოიდგინა, მშობლების სურვილმა – უფრო პრაგმატული კარიერული გეგმები ჰქონოდა – თავი მარკეტინგის სფეროში ამოაყოფინა. სწორედ ეს სფერო გახდა ოქროს შუალედი, პროფესიული არჩევანი საკუთარ ინტერესებსა და სხვების სურვილს მორგებოდა.

21 წლიდან დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება. იტალიიდან დაბრუნებულმა, იქ ფსიქოლოგიის კურსებს რომ გადიოდა, მარტო ცხოვრება იგემა რა, ცალკე გადასვლა გადაწყვიტა. და ეს სურვილი, ოსტატურად, საკმაოდ ძლიერი არგუმენტით შეფუთა – „სწავლაზე კონცენტრაცია მჭირდებაო“, – განაცხადა ოჯახში. პლუს, უკვე სამსახურიც ჰქონდა და ისე გამოვიდა, რომ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

სანამ პროფესიულ საქმიანობას შეუდგებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილ ბავშვებს ინგლისურთან ერთად, ტრავმასთან გამკლავებას სხვადასხვა თამაშით ასწავლიდა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ კი, ჯერ მარკეტინგულ კომპანიაში ექაუნთ მენეჯერად, შემდეგ კი, გემბლინგის სფეროში, მარკეტინგის გუნდში ამოყო თავი.

„აჭარაბეთში“ ოთხნი ვიყავით. ონლაინ ბეთინგი, ფაქტობრივად, არ არსებობდა და პირველებმა ჩვენ ჩავუშვით. აზარტული თამაშები, მაინცდამაინც, ჩემი საყვარელი სფერო არ იყო, მაგრამ სამსახურში  იმდენად კარგი ატმოსფერო მქონდა, რომ იმაზე, რაც არ მომწონდა, ნაკლებად მეფიქრებოდა.

საბოლოოდ, ძალიან დიდი გამოცდილება რომ დააგროვა და აზარტული თამაშების სფეროდან გამოაღწია, „ლაბორატორია ჩემი სახლის“ სახელით განაგრძო სამიანობა, მარკეტინგის დირექტორის სტატუსით. ზუსტად იმ ინდუსტრიაში, ასე ძალიან რომ აინტერესებდა – ავეჯი და ინტერიერის დიზაინი.

მერე უკვე დროც მომწიფდა, რომ რაღაც საკუთარი შეექმნა. საქართველოში ისეთი ონლაინ მაღაზიის არარსებობამ, „ინსტაგრამზე“ ხშირად რომ აწყდებოდა ხოლმე, Buyers-ის შექმნა გადააწყვეტინა, 2016 წელს. „ბაიერსი“ უნდა ყოფილიყო დოგმებისგან თავისუფალი და ადაპტური ბრენდი, რომელიც საჭიროების მიხედვით, ბაზრის მოთხოვნებს გაითვალისწინებდა და თანამედროვე გამოწვევების შესაბამის სერვისს შესთავაზებდა აუდიტორიას. მაგალითად, „ბაიერსი“ იყო პირველი ონლაინ ქართული მაღაზია, ვებგვერდზევე ჩაშენებული გადახდის სისტემით. აქ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ყველა ქართული პროდუქტი ისე, რომ მაგალითად, „ბაიერსს“ მსოფლიოს რუკაზე ერთ-ერთი საუკეთესო კონცეპტ სთორის ტიტული რგებოდა.

მთავარი კი მაინც მომხმარებელი იყო, უნდა ჩამოყალიბებულიყო საზოგადოება, რომელიც ბრენდის ღირებულებებს გაიზიარებდა.

დღეს, მარიამი საკუთარი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს სწორედ Buyers-ს უთმობს, მისი შემოქმედებითი ენერგიის სხვებისთვის გაზიარების საშუალებად დიდი ხანია, რომ იქცა.

„ბაიერსი“ ჩემი პატარა სამყაროა. თითოეული ნივთი, რაც კატალოგში იქნება, მინდა, ჩემთვის რაღაცას ნიშნავდეს. მინდა, ადამიანებამდე ზუსტად ის შეგრძნებები მივიტანო, მე რომ მოგზაურობისას აღმოვაჩენ ხოლმე.

მარიამ ქავჟარაძე Spotlight 2019-ის სპიკერია და Buyers-ის გამოწვევებსა თუ ერთიანობის მისეულ განსაზღვრებაზე სწორედ მარკეტინგული ღონისძიების სცენიდან მოგვიყვება… თუმცა, მანამდე:

მარიამ, როგორ უნდა შევძლოთ საკუთარი საქმის დაწყება?
იმისთვის, რომ შენი საკუთარი რაღაც შექმნა, აუცილებლად უნდა გამოიარო სხვადასხვა სამსახური. და რაც უფრო მალე გაიაზრებ, რომ „სხვისთვის კი არ მუშაობ“, არამედ შენს საქმეს, სახელსა და გამოცდილებას ემსახურები, მით მალე შეძლებ თანამშრომლიდან კომპანიის დამფუძნებლის სტატუსზე გადასვლას.

შთაგონებას რა გაძლევს?
ინსტაგრამი და მოგზაურობა. თუმცა, პირველ რიგში, მოგზაურობა. ალბათ, ვერცერთ ჟურნალსა თუ წიგნში ვერ ამოვიკითხავ იმას, რაც ჩემთვის მოგზაურობის გამოცდილებას მოაქვს. უკან დაბრუნებული სხვა ადამიანი ვხდები ხოლმე, მსოფლმხედველობა მეცვლება.

მარტო გიყვარს მოგზაურობა?
გააჩნია, სად მივდივარ… არის ადგილები, სადაც ბევრნი უნდა წახვიდეთ, არის ადგილები, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა წახვიდე… ხანდახან მარტოც საჭიროა.

გამორჩეული ქალაქები?
ჩემთვის ნიუ იორკი და პარიზია აღმოჩენების ქალაქები. ყოველ ჩასვლაზე თითოეულს სხვადასხვა ასპექტში ვხედავ და შევიგრძნობ და მაინც მგონია, რომ ჯერ კიდევ ვერ ამოვწურე. ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო ეს ორი ქალაქია.

ვისურვებდი, რომ…
მინდა, ეს სიყვარული, რაც მაქვს, ყოველთვის ასეთი ძლიერი იყოს…

მეორე არის ჩემი სურვილი, რომ როგორც პროფესიონალი იმდენად ჩამოვყალიბდე, რომ თავის დამკვიდრება ნებისმიერ ქვეყანში შევძლო.

საით გაგიწევია?
მე ვარ ერთი უგეგმო ადამიანი. ქაოსი არის რაღაცნაირად ჩემი. არ მიყვარს გაწერილად ცხოვრება და დინებას მივყვები ხოლმე, რომელსაც თან რაღაც მიმართულებაც აქვს.

როგორ ვიყოთ ბედნიერები?
მე მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ… და რაც მთავარია, თავდაჯერებული ვარ. ამაზე კი, ძალიან ბევრი ვიმუშავე.

განხილვა