in ,

„შეიძლება, ძალიან კარგ რამეს აკეთებ, მაგრამ იქნებ, კარგს აკეთებ მხოლოდ შენი გადმოსახედიდან“ – მარიამ ქობულაძე

ფრთხილად ვაღებ ოთახის კარს. ხელით მანიშნებენ შევიდე, თუმცა მაშინვე ვკარგავ მასპინძლების ყურადღებას. კარის გვერდით, სკამზე ვჯდები. მაგიდის გარშემო რამდენიმე ადამიანი ზის და კამათობენ. ერთი ამბობს, რომ ის ამას არ გამოიყენებს, რადგან ამდენი ფიქრი თუ დასჭირდა, სხვაგან მოძებნის და ეგაა. მეორე ამბობს რომ ეს მისი ბიზნესისთვის მოგებიანი არაა, მესამე ამბობს, რომ შეუძლებელია ამ ვადებში ამის შესრულება, რადგან ტექნიკურად რთული საქმეა და ტექნოლოგიაც არ გვაძლევს ამის საშუალებას. კიდევ ერთი მონაწილე ფინანსურ რისკებზე საუბრობს, მარიამი კი ამბობს, რომ ქუვეითელი ტურისტია და მისი ერთადერთი მიზანი ტურის მარტივად და სწრაფად დაგეგმვაა. შესაბამისად, რუკას უფრო დიდი ადგილი უნდა დაუთმონ.

მარიამი ისაა, ვინც შემოსვლის ნება დამრთო, მაგრამ ზუსტად ვიცი, ქუვეითელი არაა. უკვე ვხვდები, რომ ეს თამაშია და მე ამ თამაშში ვერაფერს ვამბობ, რადგან არაფერი ვიცი იმ კვლევაზე, რომელიც მარიამმა წინდაწინ, მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევისა და აღქმების შესასწავლად ჩაატარა.

მოგვიანებით ვიგებ, რომ UX და პროდუქტის დიზაინისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროცესს ვესწრები და უნდა შეიქმნას აპლიკაცია, რომელსაც ქუვეითელი ტურისტები მოგზაურობის დასაგეგმად გამოიყენებენ. უფრო მოგვიანებით კი ვიგებ, რომ კვლევის გზით, მარიამმა „ქუვეითელი ტურისტების ტვინში ჩაიხედა“, მაგრამ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მაინც საკმაოდ რთულია მათი პერსპექტივის გაშინაგნება და ხანდახან, მარტივი გადაწყვეტილებებისას „საკუთარ ჭკუაზე არ სიარული“. თუმცა, მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებულობა წმინდა რამეა და ეს ინტერვიუ კი ისეთი რამ, რაც ალბათ, აწი კი უნდა დავიწყო.

მარიამ ქობულაძე ჩემი რესპონდენტია და ამბობს, რომ მისი მრავალწლიანი არეულობა, განსხვავებულ სფეროებში ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა სწორედ ამ წერტილში – UX და პროდუქტის დიზაინში შემჭიდროვდა. „მგონია, რომ ახლა, იმიტომ ვგრძნობ თავს კარგად ამ ყველაფერში, რომ რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, კვლევის კეთების გამოცდილება, ვიზუალური დიზაინი და კომპიუტერული მეცნიერებები ერთად კარგად მუშაობს.“

ერთდროულად სწავლობდა სოციალურ და კომპიუტერულ მეცნიერებებს, სხვადასხვა უნივერსიტეტში. ხოლო მისთვის ძალა, რომელიც განსხვავებულ სფეროებში გაფანტულობას აორგანიზებს და ერთ კონკრეტულ პროექტზე კონცენტრირებას ხდის შესაძლებელს, პროცესიდან სიამოვნების მიღების უნარია.

კარიერის დასაწყისიც ძალიან ისეთი მქონდა, IT-შიც ვმუშაობდი, მარკეტინგშიც, ვეძებდი თითქოს სად ყოფნა მომწონდა. ინდიკატორი კი ის იყო, რომ რაღაც დროის შემდეგ, სიამოვნების მიღების ხარისხი თუ მივარდებოდა, ვხვდებოდი, რომ მაინცდამაინც ის არ იყო, რაც მინდოდა. მაგ პერიოდში კრიზისი მქონდა, რომ თითქოს ძალიან ბევრი რამე ვიცოდი, მაგრამ არ არსებობდა რაღაც, რაზეც ვიტყოდი, რომ კარგად ვიცი“.

M: სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში გარკვევის სურვილი ბავშვობიდან გქონდა?
რაღაცას რომ გავიგებდი, რომ არსებობს, სულ მიჩნდებოდა სურვილი, რომ ის რაღაც მესწავლა. უფრო ტექნიკური რაღაცები მაინტერესებდა. კონსტრუქტორებით ვთამაშობდი და ძალიან მიყვარდა, მამაჩემს რომ მანქანის გაკეთებაში ვეხმარებოდი ხოლმე. 90-იანებში იყო ჩემი ბავშვობა. ახლა რომ ვიაზრებ ხოლმე, დიდად ვერ ვხვდები, რატომ მქონდა ის წარმოდგენა, რომ განათლება უნდა მიმეღო, მაშინ, როცა ვუყურებდი ჩემ გარშემო ადამიანებს, ვინც განათლებულები იყვნენ, მაგრამ პროფესიას, იმ პერიოდში, არავინ არაფერში იყენებდა. ისეთი პერიოდი იყო, რომ ცოტა დაცინვის ობიექტიც კი ხდებოდი, თუ კარგად სწავლობდი. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ნათლიაჩემმა მაჩუქა კომპიუტერი და წიგნი, რომელსაც ერქვა მოდელი+ალგორითმი=პროგრამას. მაშინ გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. შემდეგ ამას ჰქონდა გამოძახილი, რადგან კომპიუტერული მეცნიერებები დავამთავრე.

M: თუმცა, სოციალურ მეცნიერებებსაც სწავლობდი. ამას რა საფუძველი/მიზეზი ჰქონდა?
იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ მაინტერესებდა ხოლმე, ცოტა მიჭირდა არჩევანის გაკეთება. ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის სწავლა მომწონდა და იმ შეგრძნებას აჩენდა, რომ ჩემ გარშემო ხალხზე, საზოგადოებაზე უფრო მეტ რამეს ვიგებ და ცხოვრებისეულ ინტერესს უფრო მიკმაყოფილებდა, ვიდრე პროფესიად განვიხილავდი. ამიტომ, სამწლიანი სწავლის შემდეგ მივატოვე ეს მიმართულება.

რასაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე, არის ის, რომ ძალიან მომწონდა ინფორმაციის მიღება. მამაჩემი იყო ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რადგან ნებისმიერი კითხვით რომ მივდიოდი, ჰქონდა ხოლმე მაგ კითხვაზე პასუხი. მეგონა, რომ გავიზრდებოდი, ჩემი შვილი ჩემთან რამე კითხვით თუ მოვიდოდა, უნდა მქონოდა პასუხი, რომ არ შევრცხვენილიყავი. მგონი, ამის გამო, რაღაც გაუცნობიერებლად მქონდა სურვილი, რომ აუცილებლად ბევრი რამე უნდა მცოდნოდა“.

M: აქედან გამომდინარე, „არ ვიცის“, თქმა რამდენად პრობლემაა შენთვის?
ზოგადად არაა პრობლემა იმის თქმა, რომ არ ვიცი. არ მგონია, რომ ტეხავს. დღესდღეობით, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ თუ რაღაც გაინტერესებს შეგიძლია იცოდე, თუ მიიჩნევ, რომ იმ ძალისხმევად გიღირს, რომელიც ამ ცოდნაში უნდა ჩადო. თუ ისეთ რამეს ეხება ეგ „არ ვიცი“, რომელიც წესით უნდა ვიცოდე, ვიტყვი, რომ არ ვიცი, წავალ და გავიგებ.

M: რაზე შეგიძლია თქვა, რომ იცი? რა გამოცდილება გაქვს?
Front-end დეველოპმენტიც მიკეთებია, ვიზუალური დიზაინიც, მერე ვმუშაობდი მონაცემების ვიზუალიზაციებზე, რომელშიც ძალიან დამეხმარა სოციოლოგია, მონაცემების ანალიზი და ა.შ. დამეხმარა ფსიქოლოგიის ცოდნა, ვიზუალური კომუნიკაციის პრინციპების გათავისებაში. ხოლო UX-მდე მნიშვნელოვანი ეტაპი მონაცემების ვიზუალიზაციებზე მუშაობა მგონია, იმიტომ, რომ ეს არის თემა, სადაც რთული მონაცემებით მიღებული ტრენდები ადამიანებამდე უნდა მიიტანო მაქსიმალურად გასაგები ენით. მაგ პერიოდში ყველაზე მეტი მუშაობა მომიწია იმაზე, რომ შემძლებოდა დისტანცირება იმ ცოდნისაგან, რაც მქონდა კონკრეტულ თემაზე, შემეცვალა ჩემი სუბიექტური აღქმა და გადამერთო ის სხვა ადამიანებზე. აქედან წავედი UX-ისკენ, რომლის იდეაც მთლიანად ისაა, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება შექმნა.

მანამდე, ვებდიზაინის კეთება დავიწყე (12 თუ 13 წლის წინ). ამ დროს ინტერაქციაში ნაკლებად შედიოდა მომხმარებელი. დღეს, ციფრულმა სამყარომ ძალიან ბევრი ყოველდღიური საქმე ჩაგვინაცვლა. ადრე თუ ბანკში მივდიოდით რომ ფული გადაგვეხადა, ახლა ამას ვაკეთებთ ტელეფონით. ეს ციფრული პროდუქტები თუ მაქსიმალურად მორგებული არ არიან იმაზე, რომ მართლა დრო და ენერგია დაგვიზოგონ, მაშინ უაზრობა გამოდის მისი გამოყენება. ამან გამოიწვია ის, რომ შეიქმნა პროფესია UX დიზაინერი, რომლის მოვალეობაცაა მაქსიმალურად იკვლიოს თავისი მომხმარებელი, იყოს ემპათიური, გაიგოს რა სცენარში და როგორ გამოიყენებდნენ ამ პროდუქტს, რომ მაქსიმალურად ისეთი გამოცდილება შესთავაზოს, როგორიც მათთვის იქნება ბუნებრივი, ზედმეტ ძალისხმევასა და დაფიქრებას არ მოითხოვს.

M: თვითონ UX დიზაინერისთვის, რა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და დაფიქრებას? შენს შემთხვევაში, თუ გახსენდება გარდამტეხი მომენტი, რომელმაც შენი საქმისადმი დამოკიდებულების უკეთესობისკენ შეცვლა შეძლო?
იყო ერთი პროექტი, რომელსაც NDI-სთვის ვასრულებდით და ძალიან მომეწონა თავიდანვე იდეა. ვთქვი მე გავაკეთებ მეთქი, სიხარულით ვიმუშავე, სული და გული ჩავდე, უახლესი ტრენდებით გავაკეთე. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი ვერ გაეშვა, იმიტომ, რომ არ იყო იმათზე მორგებული, ვისთვისაც უნდა ყოფილიყო და აქ მივხვდი, რომ შეიძლება, ძალიან კარგ რამეს აკეთებ, მაგრამ იქნებ, კარგს აკეთებ მხოლოდ შენი გადმოსახედიდან და იქნებ, ეს „კარგი“ ძალიან სუბიექტურია. ეს კონკრეტული პროდუქტი მოეწონებოდა ყველას, ვისაც მოსწონს ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ არა ლამარა ბებიას, რომელსაც მოუნდება ნახოს მისი ხმა დაიკარგა, თუ არა არჩევნებზე. აი, მანდ ვიგრძენი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ერთი მხრიდან არ უყურო რაღაცებს.

კიდევ მგონია, რომ მონაცემთა ვიზუალიზაციებზე მუშაობა იყო ძალიან გარდამტეხი. პირველები ვიყავით, ვინც  ამ კუთხით დაიწყო მუშაობა, მაგრამ პირველობა არ იყო აქ მთავარი, მთავარი იყო ის, რომ არ გვყავდა დამკვეთი. ჩვენ ვსხდებოდით და ვფიქრობდით, თუ რა იყო ხალხისთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა. ვიძიებდით მონაცემებს, ვაანალიზებდით და შემდეგ ვაკეთებდით ვიზუალიზაციებს. მტკივნეულ სოციალურ თემებზე ვმუშაობდით და იყო შეგრძნება, რომ მართლა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. მგონია, რომ ამის შემდეგ, ძალიან პრეტენზიული გავხდი ჩემს პროფესიაში, ბევრად უფრო ამეწია მოთხოვნილებები და რაღაცის კეთებისგან სიამოვნება რომ მივიღო, ბევრად მეტია საჭირო. ეგ ალბათ იმაზე აისახა, რომ თუ მივიჩნევ, რომ კონკრეტული პროექტი ჩემთვის საინტერესო არ იქნება, იმაზე არ ვთანხმდები ხოლმე.

M: როგორც ვიცი, ბოლოს თიბისი ფეის აპლიკაციაზე იმუშავე…
არიან კომპანიები, რომლებსაც გახნილი დამოკიდებულება აქვთ სიახლეებისადმი და საქმის სწორად კეთებისადმი, თიბისი ფეი ასეთია. ჩემთვის ძალიან საყვარელი პროექტი იყო, რადგან UX-ისკენ რომ წავედი, თიბისი ფეიში ამაზე ბოლომდე გამომყვნენ. მქონდა საშუალება კვლევაც მეკეთებინა და შემესრულებინა ყველაფერი, რაც საჭიროდ მიმაჩნდა. ძალიან პატივს ვცემ მათ ამის გამო და ვაფასებ. პრინციპში, ეს ის პროექტიცაა, რომელმაც ჩემი პროფესიული ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. 2016 წლიდან ვიყავი ფრილანსერი და არ მინდოდა არსად კონკრეტულად მუშაობა, მაგრამ.. ბუნევრივად მოიტანა როცა UX-ისა და ფროდაქთ დიზაინის კუთხით მუშაობ, შეუძლებელია იმუშაო მარტო, რადგან ძალიან ბევრი აზრი გჭირდება. მიყვარს ფრილანსერობა, მაგრამ ამჟამმინდელი პროფესიიდან გამომდინარე, მგონია არაწორია. შეუძლებელია მარტომ შეიმუშავო კარგი პროდუქტის კონცეფცია, ვინაიდან ბევრი განსხვავებული კომპეტენცია/ხედვა გჭირდება ამ საქმეში და გუნდი გეხმარება ამ ყველაფერში გაერკვე. ამან ბუნებრივად მოიტანა ის, რომ თიბისი ფეის დავთანხმდი, რომ აღარ ვყოფილიყავი ფრილანსერი. ხოლო თიბისი ფეის პროექტს რომ მოვრჩი, აღმოვჩნდი თიბისიში. ხოლო, აპლიკაცია, რომელიც თიბისი ფეისთვის შევქმენით, უკვე ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უყურებ, როგორ იყენებენ მომხმარებლები შენ მიერ მათთვის დაგეგმილ და შექმნილ პროდუქტს და განსაკუთრებით, როცა რაღაცის სიმარტივით აღფრთოვანებას გამოხატავენ. მართალია, არსებობს გამოთქმა Great UX is Seamless UX, მაგრამ ზოგიერთი დაკვირვებული მომხმარებელი ყოველთვის ამჩნევს ასეთ რაღაცებს, თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რამხელა შრომა ჩადო გუნდმა იმაში, რომ ეს სიმარტივე მისთვის შეექმნა. ასეთ დროს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ ხოლმე.

პროფესიული წარმატება მგონია ის, როცა აკეთებ რაღაცას, რისგანაც სიამოვნების მიღება შეგიძლია, პლუს, ეს რაღაცა სხვებისთვისაც გამოსადეგია და პლუს ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ცხოვრებაში გქონდეს ის, რაც სიამოვნების მიღების უნარს გინარჩუნებს“.

მარიამი ახლა მანქანის საჭესთან ზის და როგორც ყოველთვის, ცდილობს ოპტიმალური გზა იპოვოს. ეს მისი, როგორც მხოლოდ მძღოლის თვისება როდია. ოპტიმალური გადაწყვეტილებები, თვითანალიზი, რაღაცების აწონ-დაწონვა, ბალანსი მისი ყოველდღიურობა და პროფესიული, თუ პირადი ცხოვრების ნაწილია. „სამყაროში ყველაფერი ბალანსდება და რადიკალიზმი ძალიან არ მომწონს“, – ამბობს ის და პირადი გამოცდილებით იმასაც დასძენს, რომ ბალანსის პოვნა ცნობისმოყვარეობის, ან გამოცდილებისადმი ღიაობის კუთხითაც საჭიროა, რადგან ერთი მხრივ, ცნობისმოყვარეობას შეუძლია გაჩერების საშუალება არ მოგცეს და განგავითაროს, მეორე მხრივ კი დაგფანტოს და ვერ გაერკვიო, ზუსტად რა არის ის სფერო, რომელსაც შეგიძლია მყარად ჩაეჭიდო. მარიამმა ეს სფერო დიდი არეულობიდან გამოაცალკევა. ახლა UX და პროდუქტის დიზაინის კუთხით მუშაობს, აპირებს Tbilisi School of Communication-ში UX ასწავლოს და ამბობს, რომ არასდროს დაეზარება იმ ცოდნის გაზიარება, რომელიც ამ სფეროებში დააგროვა.

ავტორი: ხატია თორდუა

„ნამდვილი მარგალიტი, რომლის მშვენიერებაც კვდება“ – აფხაზეთი ენდი შვეცის ობიექტივში

სუპერპროდუქტიული ადამიანების 6 ჩვევა