„ვიონ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მარიამ კოპაძემ ეს პოზიცია რამდენიმე დღის წინ დაიკავა. მან ჯერ „კაკასიის ბიზნეს სკოლა“ (ფინანსების მიმართულება), შემდეგ კი ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი (ფინანსების მიმართულება) დაამთავრა. სხვადასხვა დროს იყო „ვითიბი ბანკ საქართველოსა“ და „ლიბერთი ბანკის“ კორპორატიულ ანალიტიკოსი და ბიზნეს ანალიტიკოსი კომპანია „ბილაინში“.

მარიამ კოპაძე: „თავიდან, საკმაოდ, რეზისტენტული ვიყავი და მეგონა, მარკეტინგი „საჩემო“ საქმე არ იყო. თუმცა, ამ 7 წლის განმავლობაში იმდენად ღრმად მოხდა მარკეტინგის საფუძვლების და საინტერესო თეორიების თუ პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრირება ჩემში, რომ ხშირად ვნანობ, რატომ დავკარგე სტუდენტობის წლები ამ სიამოვნების გარეშე. „ვიონ საქართველოში“ მარკეტინგის დეპარტამენტი ერთგვარი ჰაბია, სადაც ხდება სტრატეგიის ფორმირება და არსებული იდეების, პროდუქტების თუ სერვისების გენერირება, ბაზრის ანალიზი, ფასდადება, მომგებიანობის გამოთვლა, ტექნიკური იმპლემენტაციის კონტროლი, სრული კომუნიკაციის დაგეგმვა, გაშვება. შემდგომი კი ამ შედეგების დეტალური ანალიზი. მარტივად რომ ვთქვათ, აქ თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ პროცესს ნებისმიერი იდეის დაბადებიდან მის დანერგვამდე.
რა სტრატეგიით აპირებთ მუშაობას?
„მომხმარებელი არის მთავარი ფიგურა, რომლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ერთნაირად უნდა ზრუნავდეს გაყიდვების თანამშრომელიც, ფინანსისტიც, დეველოპერიც და ნებისმიერი სხვა. მთელი „ვიონ ჯგუფის“ მასშტაბით და შესაბამისად, საქართველოში, ინვესტირების დაგეგმვისას პრიორიტეტი მომხმარებელთათვის დამატებითი ღირებულების შექმნაა (ე.წ. additional customer value), რადგან კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელი არის ყველაზე სწორად განხორციელებული ინვესტიცია. ძირითადი ტრენდი ინტერნეტ სივრცეა- მოთხოვნა არა მხოლოდ უშუალოდ სწრაფ ინტერნეტზე არამედ სხვადასხვა ინტერნეტ და ციფრულ სერვისებზე. დატა პაკეტები, როუმინგში ინტერნეტის მოხმარება, კომფორტული სელფ-სერვისი ვებ გვერდსა თუ აპლიკაციაში არის ის ძირითადი მიმართულებები რომლითაც თანამედროვე ტელეკომ ბაზარმა მომხმარებლის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.

რაც შეეხება თქვენს, როგორც კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძვანელის გეგმებს . . .
კომპანია ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე დგას. ციფრული სამყარო ძალიან მკაცრი და სწრაფად ცვალებადია, კლიენტი – კიდევ უფრო მომთხოვნი. უნდა შევძლოთ გავასწროთ დროს, შევცვალოთ ჩვენი ხედვები და გავაკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე აქამდე. „ვიონ საქართველოს“ მთავარი პრინციპებია პროდუქტების სიმარტივე, მომხმარებლის კმაყოფილება და ინტერნეტ ტექნოლოგიის ყველასთვის ხელმისაწვდომობა. მე-3 და მე-4 თაობის ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის შემდგომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ ციფრულ განვითარებაზე – მთელი ჩვენი ფოკუსი მიმართულია მობილური ინტერნეტის მომხმარებლების ზრდაზე და ინტერნეტ სერვისების შეთავაზებაზე. ვაპირებთ, რომ ამ მხრივ მუდმივად ინოვაციურები დავრჩეთ და პროდუქტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, მათში ყველა საჭირო ციფრული სერვისის კომბინირებით.