in

მარიამ კოპაძე: „ჩემს თავს სწორედ ამიტომ ვხედავ „სილქნეტში“

ვიონი საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ კოპაძესილქნეტის“ გუნდს შეუერთდა. უფრო ზუსტად, კომერციული დირექტორის მოადგილე გახდა, პროდუქტების განვითარებისა და ანალიტიკის დარგში. ჩვენ მარიამის მოტივაციით დავინტერესდით, მისთვის რა ფაქტორებმა განაპირობა კარიერული ცვლილების აუცილებლობა:

M: მარიამ, პერსონალური წესი თუ გაქვს, რის მიხედვითაც წყვეტ, რომ დროა, სამსახური შეიცვალო? მაგალითად, McCann Worldgroup-ის კრეატიული დირექტორი, ანდრეს ვერგარა ამბობს, რომ 3 წელზე მეტხანს ერთ კომპანიაში არ უნდა გაჩერდე… ეთანხმები, თუ არა?
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას რომ 3 წელზე მეტი ერთ კომპანიაში არ უნდა იყო. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მიზანშეწონილი, თუ ეს 3 წელი სულ ერთსა და იმავე რაღაცას აკეთებ და ხვდები, რომ ვერ იზრდები. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მთავარია, სამსახურში მისვლა ყოველ დილას გიხაროდეს და კომპანიის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდე, თუ ეს შეგრძნებები აღარ გაქვს, ე.ი. კომპანიასთან ბმა დაკარგე და ახლის ძიების დროა.

M: მოგვიყევი შენსა და „ბილაინის“ ურთიერთობაზე… რამდენ ხანს და რატომ იყო საინტერესო ის საქმე, რომელსაც ამ ბრენდის სახელით ემსახურებოდი?
8 წელია, რაც ტელეკომში ვმუშაობ. ძალიან ცვალებადი და დინამიკურია ეს სფერო. მსოფლიოს ინოვაციური პროგრესი და ტექნოლოგიები ერთმანეთისგან განუყოფელია და უწყვეტად ვითარდება. მომხმარებელიც ძალიან მგრძნობიარე და მომთხოვნია ამ ცვლილებების მიმართ. კომუნიკაცია ადამიანების ცხოვრების ყოველდღიური საჭიროებაა და მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია არსებობა. ოპერატორმა ყურადღება თუ მოადუნე, უკვე რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩა. მომხმარებელი კი ამას გრძნობს და მაშინვე ეძებს სხვას: უფრო კომფორტულს, უფრო ფუნქციურსა და უფრო ახალს.

კონკურენცია სატელეკომუნიკაციო სფეროში და კერძოდ, მობილურ სექტორში მძაფრია იმით, რომ სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება, გამორჩეული იყო იმ პირობებში, როცა ძირითადი მოთხოვნა ინტერნეტსა და მასზე დაფუძნებულ პროდუქტებზეა. ხმოვანი მომსახურება აქტუალური აღარ არის და სულ უფრო და უფრო იშლება მადიფერენცირებელი ზღვარი, რისთვისაც მომხმარებელი აგირჩევდა შენ და არა სხვას. გამოწვევა საკმაოდ დიდია, თუმცა, ჩემი გადასახედიდან, საინტერესო და აზარტულიც. რთული ამოცანაა, ამ ვითარებაში პასუხისმგებელი იყო ისეთი გამორჩეული სერვისების შექმნაზე, რის გამოც მომხმარებელი აგირჩევს. სწორედ რთული გამოწვევები მაძლევს ხოლმე ყოველთვის მოტივაციას, უფრო მეტი ვაკეთო. ამიტომ, „ბილაინში“ ძალიან საინტერესო 8 წელი გავატარე. ვისწავლე, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, მოინდომო და ცადო.

M: რა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამოც, „სილქნეტში“ გადასვლაზე დათანხმდი?
„ბილაინმა“, როგორც ახალმა კომპანიამ, ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად მზარდი ქსელითა და ბაზრის წილით, შეძლო, თავისი ნიშა ეპოვა ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიც „მაგთი“ და „ჯეოსელია“. თუმცა, ორივე კომპანია, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, გარდაიქმნა და დღეს აღარც ერთი აღარ გვევლინება ცალკე მობილურ ოპერატორად.ესეც სწორედ იმ გარდაუვალი გლობალური ტრენდის ნაწილია, რაც სრული სატელეკომუნიკაციო სერვისების შეთავაზებას გულისხმობს: ეს არის მობილური ტელევიზიასთან, ფიქსირებულ ინტერნეტსა და ტელეფონთან ერთად. ყოველივე ამის ერთობლიობა, ეგრეთ წოდებული quad play, ძალიან საინტერესო და მრავალმხრივია. აქ სხვა გამოწვევებია – იყო კონკურენტუნარიანი და მრავალმხრივი პროდუქტები შექმნა, ყველა სეგმენტის მოთხოვნები გაითვალისწინო და თითოეულ მათგანს მასზე მორგებული სერვისები მიაწოდო, რომელიც ყველა სატელეკომუნიკაციო საშუალებას გააერთიანებს და ამავდროულად, მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება მრავალფეროვნებით, ფასითა და მოხმარების სიმარტივით.

ეს ფაქტორები, რაც ახასიათებს კონვერგენტულ კომპანიას, ჩემთვის შემდგომი გამოწვევებისა და ინტერესის სფერო გახდა. „სილქნეტი“ კი სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც დღეისათვის, პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ ბევრი ახალი და საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე გამოიტანოს ბაზარზე, ყველა მიმართულებით აქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც მუდმივად სიახლეებს ეძებს და დღეს ჩემს თავს სწორედ ამიტომ ვხედავ ამ კომპანიაში, რომელსაც დიდი მიზნები და მომავლის შესაძლებლობები აქვს.

#სადანროგორ: ღონისძიებები 30 მაისი – 5 ივნისი

რობოტი დამლაგებლები, რომლებიც იატაკს მტვერსასრუტითა და ტილოთი წმენდენ