მომხმარებლისთვის თანამედროვე ციფრული გადაწყვეტების შეთავაზებითა და ინოვაციების დანერგვით, საქართველოს ბანკი ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიაა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, მათი მუდმივი გაუმჯობესება კი ფინანსური ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტია, რასაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო ადასტურებს, მათ შორის Global Finance-ის აღიარებაც.
სწრაფი, მარტივი და მოქნილი ციფრული პროდუქტების შექმნაში საქართველოს ბანკის IT ხარისხის მართვის ინჟინერი, მარიამ კუპრაძე აქტიურად არის ჩართული. როგორია ინოვაციური ციფრული პროდუქტების დანერგვის პროცესი და რა ღირებულებებს ქმნის ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდი, ამის შესახებ მარიამი ვრცლად გვესაუბრა:
რას გულისხმობს უშუალოდ თქვენი და თქვენი გუნდის საქმიანობა?
ჩემი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა ის სერვისები შექმნას, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიური გამოცდილების გაუმჯობესებას და გამარტივებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს საჭირო დროს, საჭირო ადგილას და რაც შეიძლება სწრაფად, საუკეთესო საბანკო გამოცდილება შევთავაზოთ. უშუალოდ ჩემი საქმიანობა ბანკის მრავალფეროვანი აპლიკაციის ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს. ჩემი მთავარი ამოცანა იმაში დარწმუნებაა, რომ მომხმარებლამდე ყოველთვის მაღალი სტანდარტის შესაბამის პროდუქტს მივიტანთ.
საქართველოს ბანკი გამორჩეული ტექნოლოგიური ბანკია საქართველოში – რა წვლილი შეაქვს თქვენს გუნდს ამ პროცესში?
კონკურენციისა და მუდმივად ცვალებადი გარემოს გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ახერხებს, რომ მარტივად ადაპტირდეს გამოწვევებთან და ინოვაციური სერვისები შექმნას. ამასთანავე, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების მიწოდებაა. როგორც ორგანიზაციისთვის, ისე თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მობილბანკის აპლიკაცია და ვფიქრობ, რომ მის გამართულად მუშაობაში მე და ჩემს გუნდს საკმაოდ დიდი წვლილი შეგვაქვს. ამ პროცესების წარმატებას კი არაერთი აღიარებაც მოწმობს, თუნდაც როგორიცაა Global Finance-ის ჯილდო საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის შექმნისთვის.
თქვენი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?
საკმაოდ რთულია რომელიმე განხორციელებული პროექტის გამორჩევა, თუმცა მაინც შემიძლია, გამოვყო ბიზნესნაკრები, რომელიც ნებისმიერი მეწარმისთვის ყველა საჭირო სერვისს აერთიანებს. მუშაობის პროცესში ბევრი გამოწვევა შეგვხვდა, ჩვენი გუნდი კი თითოეულ მათგანს წარმატებით გაუმკლავდა და შევძელით, რომ მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი ნაკრებები ინოვაციური და მარტივი გზით შეგვეთავაზებინა. ეს პროდუქტი მომხმარებელს ეხმარება, რესურსები რაც შეიძლება ეფექტურად მართოს და ხარჯების ოპტიმიზაციაც მოახდინოს. ასე რომ, მთავარი იდეა და ღირებულება, რომელიც თითოეული პროექტისა და ინიციატივის უკან დგას, არის მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება. ყველა ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენმა გუნდმა მომხმარებელს მარტივი, უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება შესთავაზოს.
თქვენი აზრით, რა არის თქვენი გუნდის მთავარი გამოწვევა და როგორ ახდენთ მასთან გამკლავებას?
ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა მუდმივად ცვალებადი გარემოებები და ახალ მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხის გაცემაა. გუნდურობა და მარტივად ადაპტაციის უნარი გვაძლევს შესაძლებლობას, ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ და ჩვენი მიზნები რეალობად ვაქციოთ. ამასთან ერთად, გამოვყოფდი გუნდში ეფექტური კომუნიკაციისა და პროექტებზე განსხვავებული ტექნოლოგიებისა თუ მიდგომების ადაპტაციის პრაქტიკას. კომუნიკაცია გვეხმარება, საუკეთესო შედეგი დავდოთ და მაღალი ხარისხის პროდუქტი შევქმნათ.
და ბოლოს, რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?
ვფიქრობ, მთავარი მოტივაცია მაინც ის სიყვარული და სიამოვნებაა, რომელსაც ჩემი საქმის შესრულებისას ვიღებ. ვცდილობ, ყოველთვის მივიღო გამოწვევები, შევისწავლო ახალი ტექნოლოგიები და მუდამ ახალ ეტაპებზე გადავიდე. მთავარი გაკვეთილი კი, რომელიც საქართველოს ბანკში ვისწავლე, არის ის, რომ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში წარმატების საფუძველი მუდმივი განვითარება და მოქნილობაა. ხოლო გუნდური მუშაობა და სხვადასხვა გამოწვევასთან სწრაფად გამკლავება მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნაში გადამწყვეტია.
[პარტნიორის კონტენტი]