in

მარიამ კვანტალიანი თებერვლიდან Amazon-ის გუნდს შეუერთდება

მარიამ კვანტალიანი თებერვლიდან Amazon-ის გუნდს შეუერთდება. იგი სიეტლში, ამაზონის სათავო ოფისში, WorldWide Operations დეპარტამენტში, ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყებს მუშაობას. მარიამის გზა საქართველოდან ამერიკამდე საკმაოდ გრძელი და საინტერესოა. ის ამერიკაში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული ფულბრაიტის პროგრამით მოხვდა. თუ ვინ არის დღეს მარიამ კვანტალიანი, როგორ მოვიდა აქამდე და რა ელის მას სამომავლოდ, ყველაფერ ამაზე თავად გვესაუბრა:

bog
bog-mob

M: ვინ არის მარიამ კვანტალიანი პროფესიით და რა სფეროში მოღვაწეობს ის დღეს?

განათლება ბიზნესის მართვისა და ფინანსების მიმართულებით მაქვს მიღებული – თავდაპირველად საქართველოში, მოგვიანებით კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი პროფესია აერთიანებს ორ მიმართულებას – ფინანსურ ანალიზსა და მონაცემთა მეცნიერებას. ამჟამად ვმუშაობ უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე კომპანია „Superior Plus Energy Services”-ში, ნიუ-იორკის შტატში. თებერვლიდან Amazon-ის გუნდს შევუერთდები სათავო ოფისში, სიეტლში, როგორც ფინანსური ანალიტიკოსი.

M: როგორია მარიამ კვანტალიანის გზა საქართველოდან ამერიკამდე?

საქართველოდან ამერიკამდე გზა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო. საბაკალავრო პროგრამა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დავიწყე მუშაობა დელოიტში ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე. ამ პერიოდში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და დავიწყე ფიქრი სამაგისტრო პროგრამაზე.

საზღვარგარეთ განათლების მიღების სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც 2012 წელს ჩემი დის გამოსაშვებ ცერემონიას დავესწარი ოქსფორდის უნივერსიტეტში. ამ პერიოდიდან უკვე დავიწყე შესაძლო გზების ძიება ჩემი სურვილის განსახორციელებლად. ვინაიდან, ბიზნესის სფეროში MBA პროგრამაზე დაფინანსების მიღება საკმაოდ რთულია და ძალიან დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული, ამერიკა საკმაოდ შორეულ ოცნებად მეჩვენებოდა. ფულბრაიტის პროგრამის შესახებ პირველად 2016 წელს გავიგე და გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად საქართველოს ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით ერთი კანდიდატი სრულად ფინანსდებოდა MBA –ს მიმართულებით, გადავწყვიტე 2017 წელს აუცილებლად მეცადა ბედი.

იმ დროისთვის 23 წლის ვიყავი. MBA-ის მიმართულებით ჩემი კონკურენტები ძალიან ძლიერი კანდიდატები იყვნენ და მხოლოდ ერთი ადგილი იყო ვაკანტური, შესაბამისად, არ მიფიქრია, რომ დიდი შანსები მქონდა. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დატვირთული ვიყავი, გადავწყვიტე, ბოლომდე ჩამედო ჩემი რესურსი და ძალისხმევა. შესარჩევი პროცესი თითქმის 1 წელი გრძელდებოდა, რაც საკმაოდ სტრესული და შრომატევადი იყო. ეს მოიცავდა ვრცელი აპლიკაციის შევსებას, ფულბრაიტის კომისიასთან ინტერვიუს, საკვალიფიკაციო გამოცდებსა და უნივერსიტეტებთან ინტერვიუებს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მონდომებასთან ერთად დიდი როლი რწმენამ ითამაშა. საბოლოოდ, 2017 წლის აგვისტოში წამოვედი ამერიკაში, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიანტი.

M: როგორი გამოცდილება იყო შენთვის Syracuse University-ში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა? რაში დაგეხმარა ეს უნივერსიტეტი, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?

სირაკუსის უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესითა და პროფესორებით, ასევე სკოლაში არსებული მზრუნველი გარემოთი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ბიზნესის სკოლის რექტორის, პროფესორებისა და მენტორისგან, რომლებთანაც დღემდე მაქვს მიმოწერა. MBA პროგრამა ორი კონცენტრაციით, ფინანსებითა და ბიზნეს ანალიტიკით, დავამთავრე. ეს ზუსტად ის კომბინაციაა, რომელსაც ჩემს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში ვიყენებ.

ვფიქრობ, რომ მაგისტრატურამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს ორი წელი სავსე იყო ბევრი საინტერესო გამოწვევით, შესაძლებლობითა და ცხოვრებისეული გაკვეთილით. ასევე, მქონდა საშუალება, გამეცნო საინტერესო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაგვეზიარებინა ერთმანეთის კულტურა. სტუდენტურ ცხოვრებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. სწავლის პარალელურად ორი სტუდენტური კლუბის ბორდის წევრი, ასევე ე.წ „Teaching Assistant” და ბოლო სემესტრში „Research Assistant“-იც ვიყავი.

უნივერსიტეტში დაგროვილმა გამოცდილებამ და შეძენილმა უნარებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს როგორც კარიერულ, ისე პიროვნულ განვითარებაში. რომ არა საქართველოს ბანკი და ფულბრაიტის პროგრამა, ეს შესაძლებლობა ნამდვილად არ მექნებოდა და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მათ.

M: როგორ მოხვდი Amazon-ში, გვიამბე დეტალურად.. 

ამაზონთან აპლიკაციის სტანდარტული პროცესი გავიარე, თუმცა თვითონ კომპანიასთან დაკავშირება მეტნაკლებად არასტანდარტულად მოხდა.

დავიწყებ იქიდან, რომ მაგისტრატურის ბოლო სემესტრში აქტიურად ვეძებდი სამსახურს. პროცესი საკმაოდ რთული იყო და ბევრი უარის შემდეგ დედლაინამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მივიღე შემოთავაზება ჩემს ამჟამინდელ პოზიციაზე, რომელზეც გასული წლის ზაფხულიდან ვმუშაობ. იმდენად კმაყოფილი ვიყავი არსებული გარემოთი, რომ სამსახურის შეცვლაზე არ ვფიქრობდი. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ამაზონის რეკრუტერი LinkedIn-ის საშუალებით დამიკავშირდა და დამინიშნა პირველი გასაუბრება ფინანსურ მენეჯერთან. გასაუბრებისთვის შეძლებისდაგვარად მოვემზადე, თუმცა, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა და უარი მივიღე. ამ უარმა დიდი მოტივაცია მომცა, არ დავნებებულიყავი და გავაგზავნე აპლიკაციები ამაზონის სხვა პოზიციებზე. საბედნიეროდ, ოქტომბერში ამაზონის Worldwide Operation-ის გუნდიდან დამიკავშირდნენ. მქონდა ორი სატელეფონო ინტერვიუ, რომელთა წარმატებით გადალახვის შემდეგაც მიმიწვიეს ამაზონის სათავო ოფისში „On-site Interview”-ზე. ეს ბოლო ეტაპი საკმაოდ ინტენსიური იყო, რომელიც ხუთ ინტერვიუს მოიცავდა.

ზოგადად, ამაზონის ინტერვიუ განსხვავებულია იმით, რომ ამოწმებენ, კანდიდატები რამდენად აკმაყოფილებენ ამაზონის ლიდერობის 14 ძირითად პრინციპს. შესაბამისად, აუცილებელია პასუხები ასახავდეს რეალურ ბიზნეს ქეისებს პირადი გამოცდილებიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაუბრებისთვის მზადების პროცესში ძალიან დამეხმარნენ ამაზონის ქართველი თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, იქ მუშაობენ – პავლე მგელაძე, გიორგი შარაბიძე და ხატია ჭითაშვილი.

ამ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მალევე მივიღე შემოთავაზება ამაზონისგან Outbound Network -ის გუნდში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

M: რა პოზიციაზე უნდა იმუშაო ამაზონში? 

17 თებერვლიდან დავიწყებ ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობას WorldWide Operations დეპარტამენტში, კერძოდ Outbound Network-ის გუნდში. ეს გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ოპერაციებთან, ფინანსებთან და ლოჯისტიკასთან, რათა მართოს ამაზონის მომხმარებლებისთვის პროდუქტების სწრაფი და ზუსტი მიწოდების პროცესი. ჩემი მოვალეობა იქნება განვავითარო მექანიზმები და ფინანსური მოდელები, რომლებიც სხვადასხვა პროექტისთვის ეფექტური ფინანსური ანალიზის საშუალებას მოგვცემს და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება მენეჯერებს.

აქვე მინდა აღვნიშნო – საინტერესოდ დაემთხვა ისიც, რომ ამაზონს ივნისიდან შემოუერთდება ჩემი უახლოესი მეგობარი ლაკო გრიგალაშვილი, რომელიც ასევე ფულბრაიტის სტიპენდიანტი და სირაკუსის უნივერსიტეტის სტუდენტია.

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ საინტერესოდ დატვირთული სამუშაო პროცესი მექნება და მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ახალ უნარებს შევიძენ.

23 წლიანი პაუზის შემდეგ, Porsche-მ სუპერთასისთვის რეკლამა გადაიღო

„შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი’’ და იურიდიული კომპანია „ბი ეს ეიჩ’’-ი თანამშრომლობას იწყებს