in

მარიამ მებურიშვილი – #პირველისამსახური

მარიამ მებურიშვილი

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუდმივად ვცდილობდი სტაჟირების  სხვადასხვა პროგრამებში მიმეღო მონაწილეობა. ძირითად აქცენტს პრაქტიკულ გამოცდილებაზე ვაკეთებდი. საერთაშორისო ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებს ვსწავლობდი, თუმცა მოვლენების თეორიულ ჭრილში ანალიზი ნაკლებად იყო ჩემი გატაცება. დღესაც ხშირად აღვნიშნავ, რომ პრაქტიკასა და რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩემი პირველი სამსახური სწორედ საერთაშორისო ურთიერთობებსა და ჩემთვის დღემდე ძალიან საინტერესო თემას, ადამიანებთან კომუნიკაციას ეხებოდა.

უნივერსიტეტის ბოლო წელს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სტაჟირების გასაუბრებაზე მივედი. უნდა ვაღიარო, რომ მათგან უკუკავშირს არ ველოდი, თუმცა იმ საღამოსვე დამირეკეს და სტაჟირების ნაცვლად, უკვე რეალური სამსახური შემომთავაზეს. სტუდენტისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საგარეო ურთიერთობებს სწავლობს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას შორიდან ეცნობა და აკვირდება, ეს სამსახური თვითრეალიზების საუკეთესო გზა იყო. გარდა იმისა, რომ საგარეო ურთიერთობებში მიმდინარე მოვლენების აქტიური მონაწილე ვიყავი,  ჩემი ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან პირისპირ შეხვედრები და მათთან კომუნიკაცია იყო, რაც ჩემს პროფესიულ განვითარებაში ძალიან გამომადგა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვა მიმართულებით გავაგრძელე ჩემი საქმიანობა, პარლამენტში გატარებული წლები ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო. ხშირად ვცდილობ იქ მიღებული გამოცდილება დავუკავშირო ჩემს დღევანდელ საქმიანობას.

პირველი დაბრკოლება, უფრო გამოწვევას დავარქმევდი, საერთაშორისო ურთიერთობებიდან ადამიანური რესურსების მართვის სფეროში გადასვლა გახლდათ. განსხვავებულ კორპორაციულ გარემოში მუშაობა, სადაც ადამიანური ურთიერთობები გამარტივებული და ნაკლებად ოფიციალურია, ხოლო პროცესები ბევრად დაჩქარებული – საწყის ეტაპზე, ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო. ორჯერ მქონდა „პირველი სამსახურის“ გამოცდილება, ორ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ სფეროში. თუმცა, ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაცია, ორივე სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია და პირადად მე, ძალიან დამეხმარა.   ინტერკულტურული კომუნიკაციები, უცხო გარემოში ადვილად ადაპტირება და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, დღევანდელ საქმიანობაში ძალიან მიწყობს ხელს, მარტივად გავუგო სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს. სწორედ ამ გამოცდილებით, ახლა უკვე „მეამაში“, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, კომფორტულ სამუშაო გარემოს ვქმნით და ხელს ვუწყობთ მათ პროფესიულ განვითარებას.

მარიამ მებურიშვილი – „მეამას“ ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი

როგორ იქცა კარაქი „ლურპაკი“ დანიის სიმბოლოდ?

YouTube პოდკასტების განყოფილების დამატებას გეგმავს