in

მარიამ მენთეშაშვილი – Leavingstone-ის ბიზნეს ანთროპოლოგი

დღევანდელ სამყაროში აღნიშნული პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია

ანთროპოლოგია ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასების შესახებ მეცნიერებაა. კლასიკური გაგებით, იგი ადამიანის ფიზიკური ტიპის ვარიაციებს იკვლევს დროსა და სივრცეში. თუმცა დღევანდელ სამყაროში ანთროპოლოგიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი, განსხვავებული და შეიძლება ითქვას, უჩვეულო ტერმინიც დამკვიდრდა – “ბიზნესის ანთროპოლოგია”. სწორედ ამ პოზიციას იკავებს მარიამ მენთეშაშვილი კომპანიაში Leavingstone.

მარიამ მენთეშაშვილის პიროვნება შეგვიძლია, რამდენიმე პროფესიული იდენტობის ჭრილში განვიხილოთ. ეს იდენტობები ქრონოლოგიურად რომ დავაწყოთ, ასეთ სიას მივიღებთ – “რეკლამშიკი”, სოციო-კულტურული ანთროპოლოგი და დამწყები ფოტოგრაფი. “სინამდვილეში ყველა იდენტობა ერთსა და იმავე ცნობისმოყვარეობის წერტილებამდე დადის, შევხედო სამყაროს სხვა ადამიანების პერსპექტივიდან და შემეძლოს აღვიქვა რას გრძნობენ სხვა ადამიანები. მგონია, რომ რეკლამაშიც, ანთროპოლოგიაშიც და ფოტოგრაფიაშიც ამ უნარის განვითარებაზე მუშაობ ადამიანი” – აღნიშნავს მარიამი. 

M: გვესაუბრე ლივინგსტონის გამოცდილებაზე – როგორ გახდი ბიზნეს ანთროპოლოგი და კონკრეტულად რა გევალება ამ პოზიციაზე მუშაობისას?

ლივინგსტონთან დიდხნიანი იდეოლოგიური მეგობრობა მაკავშირებს. წარსულში ლივინგსტონში კრეატიული კამპანიების მართვითაც ვიყავი დაკავებული. ამ კამპანიების უმეტესობა არანორმალურ ექსპერიმენტებს და საკუთარი შესაძლებლობებისთვის გადაბიჯებას მოითხოვდა, რაც ფრიად საინტერესო პროცესი იყო. შემდეგ ლონდონში გოლდსმიტსის უნივერსიტეტში ვისწავლე და ჩემი იდენტობების კატალოგს ანთროპოლოგობა შემოემატა. ლივინგსტონთან მეორედ სწორედ ამ იდენტობით გადავიკვეთე. ჩემი საქმიანობის მიზანია, ერთი მხრივ, ლივინგსტონის პოზიციონირება და კომუნიკაციები და, მეორე მხრივ, შიგნით სააგენტოში მიმდინარე პროცესები ჰოლისტურ თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან. ბრიტანეთში, სკანდინავიის ქვეყნებსა და ამერიკაში უკვე ბევრი ანთროპოლოგიური consulting agency არსებობს. ისინი ბიზნესებს ქცევის სწორი მიმართულებით განვითარებაში, ინსაითების გენერირებასა და ამ ინსაითების სიღრმისეულად გაცნობიერებაში ეხმარებიან.

M: რა სირთულეებს აწყდები ამ ამპლუაში და როგორ გავითარებს ეს გამოცდილება პროფესიულად?

სიტყვა “სირთულეები” დიდად არ მომწონს… რთულად მეჩვენება ის, რისი გაკეთებაც მაშინებს და რისი გაკეთებაც მაშინებს ზუსტად ის არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება. ამიტომ, ვცდილობ ამ სიტყვას დიდი ძალაუფლება არ მივანიჭო. პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ქართულ პრაქტიკაში ბიზნეს ანთროპოლოგია შედარებით უცხოა და ხშირად კოგნიტურ დისონანსებს იწვევს. შესაბამისად, ხშირად განვმარტავ რას გულისხმობს და საერთოდ რაში შეიძლება დაგჭირდეთ ანთროპოლოგი სააგენტოში ან ნებისმიერ კომპანიაში. ხშირად ხდება, რომ ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ხდება სააგენტოში და რა გზით უნდა სააგენტოს, განვითარება სხვადასხვა ადამიანების გონებაში იხარშება. ანთროპოლოგი კი ამ ორ მდგომარეობას შორის სწორად შერჩეული ინფორმაციის გამტარია. ამ მიზანს ანთროპოლოგი ორი კვლევითი საშუალებით ემსახურება: ორგანიზაციული ეთნოგრაფიით და participant observation კვლევის მეთოდის გამოყენებით.

M: პარალელურ გამოცდილებაზეც ვისაუბროთ – როგორც ვიცით, თინდერზეც მუშაობ…

Tinder-ზე უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობ. ლონდონში ცხოვრებისას გადავიკვეთე იქაურ ქონთენთის ლოკალიზაციის სააგენტოსთან ქოფირაითერის ამპლუაში და ამ სააგენტომ დამაკავშირა თინდერთან. კომპანიის ახალი გლობალური სტრატეგია ყველა ქვეყანაში ლოკალური ქონთენთით და გეოგრაფიულ არეალზე მორგებული ციფრული პროდუქტით შესვლას გულისხმობს და შესაბამისად აქტიურად ეძებდნენ ქოფირაითერებს. გარკვეული დროის შემდეგ, თინდერის ლოს-ანჯელესის ოფისთან მქონდა გასაუბრება – სწორედ მას შემდეგ ვმონაწილეობ ქართულ ბაზარზე ამ ბრენდის, პროდუქტის საკომუნიკაციო ენის ჩამოყალიბებაში და საქართველოში Gen Z-ის “დეითინგ კულტურის” სწორად გაგებაში. როგორც ანთროპოლოგსაც ამ პროცესებზე დაკვირვება ძალიან მაინტერესებს.

Toyota-ს პოსტერები, რომელიც Tokyo 2020-სთვის შეიქმნა!

როგორ შევთანხმდეთ უფროსებთან დისტანციურ მუშაობაზე?