2025 წლის კანის ფესტივალმა დიდებულად ჩაიარა. ვერცხლიც წამოვიღეთ და ისტორიაში პირველად კანის სცენიდან ქართველი სპიკერებსაც მოვუსმინეთ თემით Creative Fighters: World War for Values. დასწრების ფუფუნება რადგან ყველას არ ჰქონია, დიდი ინტერესი არსებობს კადრებს მიღმა არსებული ამბების მიმართ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ფესტივალის ქართველ დამსწრეებთან გვესაუბრა და თქვენთვის მათი შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა, გაგვეგო, რა გამოვტოვეთ კანში არყოფნით, ადგილზე, სადაც მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრია იკრიბება…
ამაზე მარკეტერს თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი მარიამ მიქელაშვილი უყვება:
„წლევანდელი კანის ლომების ფესტივალი ბევრი თვალსაზრისით იყო საინტერესო. ჩემთვის, ყველაზე შთამაგონებელი დიდ სცენაზე გამარჯვებული ქეისების ნახვა და მათი ავტორების ემოციების ცოცხალ პროცესში ყურება იყო. ვფიქრობ, ზუსტად ეს თანაგანცდაა ყველაზე საინტერესო კანში, როდესაც ხედავ და უსმენ ადამიანებს, რომლებმაც იმ მომენტში, შენ თვალწინ განიცადეს ის, რაზეც, ალბათ, დიდი ხანი ოცნებობდნენ — დაფასება და აღიარება მსოფლიოს ყველაზე დიდ შემოქმედებით სცენაზე.
სპიკერებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა Tor Myhren, Apple-ის მარკეტინგული კომუნიკაციების VP, რომელმაც წლევანდელი ფესტივალი უშუალო საუბრით, პრაქტიკული რჩევებით და გამორჩეული ქეისების გაზიარებით გახსნა. Apple ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდია, რომლის პროდუქტის და ბრენდის განვითარების ჰარმონია ერთგვარი ბენჩმარკია მარკეტერებისთვის. ამ საუბრიდან, მთავარი, რაც დამამახსოვრდა, არის, რომ ძალიან პატარა, თითქოს უმნიშვნელო მიგნებებია ზუსტად ის, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად გვჭირდება და გვეხმარება ცხოვრების უკეთ მორგებაში. დამამახსოვრდა shot on iPhone, რომელმაც არაერთი ჯილდო მოიპოვა და, რომელიც, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ დიდი შთაგონების წყაროა ადამიანებისთვის. დაუვიწყარი იყო Jimmy Fallon-ის გამოსვლაც, რომელიც ზუსტად ისეთი იყო სცენაზეც, როგორიც მის Tonight Show-შია.
შარშანდელი გამოცდილებით, წელს განსაკუთრებით ველოდი ბრენდების ფიზიკურ აქტივაციებს თავიანთ სივრცეებში. შარშან, მახსოვს, პინტერესტის სივრცემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა — დაუზარებლად ვიდექით სიცხეში დიდ რიგებში, რომ სხვადასხვა აქტივობაში ჩავრთულიყავით — საკუთარი ხელით შეგვექმნა ნაიკის, ლეგოს, ქროქსის და სხვა ბრენდების პროდუქტები. თუმცა, წლევანდელი აქტივაციები არ გამოდგა ბუნებრივად ისეთი ინტერაქციული, როგორი მოლოდინიც მქონდა. ყველაზე მეტად, Meta-ს სანაპიროზე Reels-ის სივრცეს გამოვარჩევდი.
ფესტივალის ბოლო დღეს, ახალგაზრდა ლომების შეჯიბრების გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დიზაინის კატეგორიაში პირველად მოვიპოვეთ ვერცხლი. ამავე დღეს, მოვისმინეთ ვატო ქავთარაძის და სალომე ასათიანის საუბარი შემოქმედ მებრძოლებზე — საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და მის გავლენაზე (არამარტო) შემოქმედებით ინდუსტრიის კონტექსტში. კანის სცენაზე საკუთარი ქვეყნის რეალობის ასე დამიწებულად შეხსენება ძალიან ემოციური და გულში ჩამწვდომი გამოდგა. 1-კვირიანი დატვირთული, აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ფოკუსირებული თემების მოსმენის შემდეგ, ვატოს და სალომეს გამოსვლა ერთგვარი reality-check იყო, რომელმაც, შეგრძნების დონეზე, მთელი სიმძაფრით დაგვაბრუნა საქართველოში იქ მჯდომი აუდიტორია.
მთავარი, რაც კანიდან წამომყვა, არის განცდა, რომ ხარ ზუსტად იქ, სადაც შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე დიდი ძვრები ხდება, რომლებიც მომდევნო წლების ტრენდების და ძირითადი მიმართულებების შინაარსს განსაზღვრავს. ეს განცდა კი ყოველთვის პოულობს გზას შენში, რომ ყოველდღიურ რუტინაშიც იყო იმ დიდი ძვრების მონაწილე, რომლებიც, თუნდაც ლოკალურად, ახალ შესაძლებლობებს და მოვლენებს ქმნის. ალბათ, ზუსტად ეს განცდაა ის, რასაც კანის ლომებზე დასწრების გამოცდილება უფრო ახლოდან გაცნობს და კიდევ უფრო მეტად გაყვარებს“.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი