თიბისის ბრენდის ახალი თაობის მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – მარიამ მიქელაშვილი. მარიამი უკვე არაერთი წელია, თიბისის გუნდის წევრია. თავდაპირველად, კომპანიას ბრენდ მენეჯერის პოზიციით შეუერთდა და ახალი თაობის პროექტებში აქტიურად ჩაება. თიბისიმდე, სხვადასხვა სააგენტოში მუშაობდა. საქმიანობა ექაუნთ მენეჯერის პოზიციით დაიწყო, სადაც თიბისისთან ურთიერთობდა, როგორც დამკვეთთან.
„თიბისი ჩემი ყველაზე მსხვილი ექაუნთი იყო. ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა, ნათლად გამარკვია როგორც სააგენტოს, ისე მსხვილი კომპანიის მუშაობის სპეციფიკაში.“
შემდეგ, watergunz-ში კრეატიული სტრატეგია ებარა. სააგენტოში მარიამ მიქელაშვილის როლი მოიცავდა კრეატიულ კამპანიებზე, ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმებსა და ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობას:
„ამ პოზიციამ, ვფიქრობ, ყველაზე კარგად მასწავლა რას ნიშნავს რეალურად მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა, რადგან ერთდროულად სრულიად განსხვავებული ინდუსტრიების ყველანაირი მასშტაბის კამპანიებში ვიყავი ჩართული. ამ პერიოდიდან გამოვარჩევდი ჩემთვის ძალიან საყვარელ პროექტს “Sound of Indifference”, რომელმაც საქართველოს პირველი Clio-ს ჯილდო მოუტანა.“
შემდეგ, სააგენტოებიდან დამკვეთის მხარეს გადმოინაცვლა და დღეს, როგორც ახალი თაობის მიმართულების ბრენდის ლიდერი, ამ კუთხით, თიბისის ბრენდის განვითარებას ჩვენთან ერთად მიმოიხილავს.
M: როგორი იყო შენი მოგზაურობა სააგენტოდან დამკვეთის მხარეს გადმოსვლის შემდეგ, თიბისიში, ამ პოზიციამდე?
2021 წელს, როგორც ამ სფეროში ვამბობთ ხოლმე, უკვე კლიენტის მხარეს გადმოვედი და თიბისიში დავიწყე მუშაობა ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მარტივი და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ჩემთვის ყოველთვის ძალიან ახლო და საყვარელი ბრენდი იყო თიბისი. ამავე წელს, შევქმენით და ჩავუშვით ახალ თაობაზე ფოკუსირებული ბრენდი TBC Z, რომლის ქვეშ პლატფორმულად გავაერთიანეთ თიბისისთვის და GenZ-ისთვის რელევანტური „ფლეიგრაუნდები“, დავხვეწეთ და გავამრავალფეროვნეთ პროდუქტი, განვაახლეთ ბარათების დიზაინი, გავაძლიერეთ სეგმენტზე მორგებული შეთავაზებები, ინდუსტრიაში პირველებმა შევქმენით ე.წ. გამოწერის მოდელის ნაკრები, რომელიც საბანკო სერვისებთან და პროდუქტებთან ერთად მოიცავს ისეთ მუდმივ სარგებელს, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეო-გეიმინგ ტრანზაქციებზე ქეშბექი, როგორც ამ თაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შეთავაზება.
M: შენი ხედვით, როგორია თიბისის ამდროინდელი ბრენდ იდენტობა და ყველაზე მკაფიოდ რა გამოარჩევს კონკურენტებისგან?
თიბისის ბრენდს, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მისი ღირებულებები, human-centricity, მომხმარებელთან ურთიერთობისას დიალოგის რეჟიმში ყოფნა, დინამიკურობა და ცვლილებების მიმართ თავდაჯერებული მოქნილობა გამოარჩევს. 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, თიბისიმ საკმაოდ ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული ეტაპი გამოიარა და დღეს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი „ლავმარკია“ საქართველოში. განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულში, თიბისიმ ძალიან საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა, არაერთი თამამი ნაბიჯი გადადგა და ტენდენციების დამამკვიდრებელ ბრენდად იქცა. საკუთარი გამოცდილებიდან გამოვარჩევდი 2022 წლის მარტის პერიოდს, როდესაც Z სიმბოლომ მსოფლიო მასშტაბით რუსული აგრესიის მნიშვნელობა შეიძინა და, რის გამოც, ძალიან სათუთად და სიყვარულით შექმნილ ბრენდს, TBC Z-ის, ფაქტობრივად, ერთ დღეში შევუცვალეთ სახელი, რაზეც ძალიან უშუალოდ მოვუყევით ჩვენს მომხმარებლებს. იმის მიუხედავად, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ემოციურად საკმაოდ რთული იყო, ახალი თაობის რეაქციამ და მხარდაჭერამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი და დროული რეაგირებაა და რომ GenZ სწორედ ის თაობაა, რომელიც ყველაზე მეტად აფასებს ბრენდების მხრიდან ამ ტიპის ნაბიჯებს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებლის მხარდაჭერა რეალურ ციფრებშიც მკაფიოდ გამოჩნდა და სტანდარტულ პერიოდთან შედარებით, ახალი თაობისთვის შექმნილი პროდუქტების გაცემის მაჩვენებელი, დაახლოებით, სამჯერ გაიზარდა.
საბანკო სერვისების და პროდუქტების გარდა, თიბისის ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის რეალური, ხელშესახები ღირებულების შექმნა, რაც საქართველოში მრავალი სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობს. ბრენდის ფოკუსში მუდმივად ექცევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი მიმართულება, როგორიცაა განათლება, ხელოვნება, ტექნოლოგიები, ლიტერატურა, ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი თაობის მხარდაჭერა, სპორტი და სხვა. ბრენდისთვის ასევე ძალიან ძვირფასია ქართული მემკვიდრეობა და მისი გაცოცხლება ისე, რომ ის საინტერესო და აქტუალური იყოს თანამედროვე საზოგადოებისთვის და ახალი თაობისთვის. ამის მაგალითებია ქართული ქსოვილის პროექტი, ყველასთვის საყვარელი #წერექართულად და ა.შ.
M: როგორია, დღესდღეისობით, ახალი თაობის მოლოდინი და მოთხოვნა ბრენდების მიმართ და როგორია მათი მოლოდინის გამართლების თქვენეული სტრატეგია?
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. GenZ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თაობაა, რომელმაც ძალიან სწრაფად შეძლო და გლობალური მასშტაბით სრულიად შეცვალა ბრენდების საკომუნიკაციო ენა. ეს თაობა განსაკუთრებულად გონიერი, სხარტი და მრავალფეროვანია და შესაბამისი მოთხვონებიც აქვს ბრენდების მიმართ. მათთან კომუნიკაციისას, ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელი დაინტერესება, მათი მოსმენა, აზრების და ტკივილების გაზიარება, სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და ამ ყველაფრის ანალიზის კონკრეტულ ქმედებებში თარგმნა, რაც რეალურად ხელს შეუწყობს მათ და მათთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. GenZ-ისთვის ყველაზე ღირებულია რეალური შედეგის დანახვა, თუ როგორ ცვლიან და აუმჯობესებენ ბრენდები იმ გარემოს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ. ეს არის თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და იზრდება და რომლისთვისაც დამოუკიდებლობა ფუნდამენტური ღირებულებაა. ჩემი, როგორც ბრენდის ლიდერის მისია, სწორედ ახალი თაობის მხარდაჭერა, მათთან გულწრფელი დიალოგი, სწორი აქცენტების პოვნა, რეალური ღირებულების შექმნა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი