7
ივნ
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი მარიამ მურადაშვილი

7 ივნ 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

მარიამ მურადაშვილი, “ჯეპრა”, გრაფიკული დიზაინერი: “მოგიყვებით ჩემი პირველი შეხების წერტილზე გრაფიკასთან, რომელიც დიდწილად სამომავლო პროფესიის არჩევაში დამეხმარა.

2007 წლის ზამთარი იქნებოდა, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაშინ სტენსილი ახალი ხილი იყო. გადავწყვიტე ჩემი იმდროინდელი საყვარელი ფილმის (Donnie Darko) გმირის სტენსილი დამეხატა. პირველი ცდა კატასტროფით დასრულდა, პირდაპირ საკანცელარიო ფურცელზე ამოვჭერი დარკოს პორტრეტი, დიდის ამბით გავედი დასახატად და საღებავის გასხმისთანავე ფურცელი ხელში შემადნა, კედელზეც გაურკვეველი ლაქა გამოისახა.

არ დავნებდი, მყარ მასალაზე ამოვჭერი დონი დარკო და ფრენკიც მივაყოლე. რატომღაც, გადავწყვიტე სკოლის გალავანზე მეცადა ბედი და წარმატებასაც მივაღწიე, ხატვის პროცესში კი მომაძახა ვიღაცამ – სატანისტიო, მაგრამ ეგ ფაქტი არ მანაღვლებდა, თვითკმაყოფილებას ვიყავი მიცემული.

მეორე დღეს, სკოლაში მისულს კედლის ის ნაწილი სადაც დავხატე ჩამონგრეული დამხვდა, ვერ გავარკვიე მანქანა ავარდა ტროტუარზე და მან შეიწირა ჩემი ნამუშევრები თუ იმ გამოძახილის ავტორმა, მაგრამ ის კედელი დღემდე ჩამონგრეულია და იქ განისვენებს ჩემი #პირველინამუშევარი.

გარკვეული ხნის შემდეგ ფოტოშოფში ავითვისე და ფილმებიდან კადრებს ვამუშავებდი სტენსილებისთვის.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, არაფორმალური სამაგისტრო კურსის გავლის შემდეგ, ჯეპრაში დავიწყე მუშაობა, სწორედ აქ ავიღე პირველი საპასუხისმგებლო შეკვეთა, ავტომობილების “გამკოპწიავებელი” ახალშობილი ბრენდისთვის ლოგო და კორპორატიული სტილის სახელმძღვანელო უნდა შემექმნა.

ბევრი ვიშრომე თუ ბევრი ვიწვალე შედეგი დაიდო და პროექტი შედგა.”

განხილვა