მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე სააგენტო Playmakers-ის გრაფიკოსი დიზაინერი მარიამ საშა გვიყვება.
როდესაც ვცდილობ ჩემ მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გავიხსენო, ორი გამორჩეული მომენტი მაგონდება, რომელმაც ჩემი პროფესიული ცხოვრების მიმართულება განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ შემთხვევაში ჩემი ქცევები პოლარულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ისინი თანაბრად მნიშვნელოვანი გამოდგა.
2016-17 წლებში, როდესაც ჯერ ისევ სტუდენტი ვიყავი, არც ჩემი გეზი იყო ნათელი და არც ის, თუ რა გამომივიდოდა კარგად, გადავწყვიტე ყველა საქმიან შემოთავაზებას დავთანხმებოდი. სწავლასთან ერთად, ვმუშაობდი სრულ და ნახევარგანაკვეთიან სამსახურში გრაფიკოს დიზაინერად, გავდიოდი ფონტინჟინერიის კურსს, ვიღებდი სხვადასხვა ტიპის შეკვეთებს, ვესწრებოდი ვორქშოფებს და შეიძლება ითქვას, ჩემი ენერგიის სრულ რესურსს ვხარჯავდი. ამან საშუალება მომცა გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა მიმართულებაში მეცადა თავი და ამ ინდუსტრიაში მომუშავე ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედროდი, რამაც ჩემი გამოცდილებაც გაამდიდრა და იმ პერიოდის ე.წ. „დაფარული პოტენციალის პლატო“ გამავლევინა. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე გეგმის ნაწილი არ ყოფილა და უფრო ინტუიტიური ქცევა იყო, ამან ჩემთვის ბევრი კარი გააღო და ექსპერიმენტული მუშაობების ნაყოფი მომავალში არაერთხელ დამხვდა წინ.
რამდენიმე წლის შემდეგ, ამ მოძრაობიდან გამოყოლილი ინერცია ჩემთვის ხელისშემშლელი გახდა. არჩევანის გაკეთება სულ მიჭირდა და ამ შემთხვევაშიც გამიძნელდა ვფოკუსირებულიყავი ჩემთვის ნამდვილად საინტერესო დავალებებზე, გამეფილტრა, თუ როგორ პროექტებზე მინდოდა დავხარჯულიყავი და რომელზე დამეზოგა დრო, რომ სხვა უნარების შეძენისთვის დამეთმო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ყველაზე დიდ გატაცებებს მუდმივად ვღალატობდი. ამის გამო გადავწყვიტე საერთოდ შემეწყვიტა მუშაობა და რამდენიმე თვით ყველა კომერციული საქმისთვის მეთქვა უარი. ამ პაუზამ საშუალება მომცა დამესვენა, გარე ბიძგებისგან გავთავისუფლებულიყავი და უკეთ გამეგო, შინაგანად საით მივისწრაფოდი, დამეხარისხებინა ჩემი და თავს მოხვეული აზრები.
როდესაც დრო გამითავისუფლდა, მისი შევსება დავიწყე მხოლოდ სახალისო საქმეებით და მათ შორის, მანამდე გვერდით გადადებული ჰობებით – ანიმაციით და ფონტის დიზაინით, განვავითარე ამმხრივ ჩემი შესაძლებლობები და უკვე ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების შემდეგ შევძელი, რომ ისინი ჩემს დიზაინერულ საქმიანობაში ჩამეინტეგრირებინა. ამან ჩემი ყოველდღიურობა ბევრად საინტერესო და სახალისო გახადა.
როგორც ჩემთვის აღმოჩნდა, ზოგჯერ გაჩერება, შესვენება და კურსის გასწორება, განვითარების ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც თავდადებითა და ენთუზიაზმით საქმის კეთება და ვისურვებდი, ყველამ მისცეს პერიოდულად საკუთარ თავს ამის საშუალება.
რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.