6
Nov
2018

მარიამ შარანგიას “გზა სამყაროს შესაცვლელად…”

6 Nov 2018

რა არის ინოვაციური ტექნოლოგიები? რისი შექმნა ან შეცვლა არის შესაძლებელი მათი  საშუალებით?ეს კითხვები მარიამ შარანგიას ჯერ კიდევ მეათე კლასში გაუჩნდა და მათზე პასუხების ძიება დაიწყო. შემდეგ,  ბიზნესის მენეჯმენტის შესწავლა გადაწყვიტა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს პასუხის მოძებნაში დაეხმარებოდა. დღეს იგი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სტრატეგიულ პროექტებს უძღვება და თვლის, რომ სამყაროს შეცვლაში წვლილის შესატანად, ინოვაციური ტექნოლოგიები საუკეთესო გზაა.

 

თბილისის ევროპული სკოლის დამთავრების შემდეგ, მარიამ შარანგიამ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში გააგრძელა სწავლა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის მიმართულებით. მის პირველ ინოვაციასაც იქ ჩაეყარა საფუძველი. სტარტაპი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის შემცირებას ეხებოდა, საერთაშორისო აქსელერატორის Mass Challenge ფინალისტი გახდა და ინვესტორისგან დაფინანსებაც მიიღო. შესაძლებლობა გაუჩნდა დიდ ბრიტანეთში ჰქონოდა სამსახური, მაგრამ მარიამ შარანგიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. დღეს იგი, თვალებანთებულ ახალგაზრდებს ეხმარება გზის გაკვალვაში, თუმცა, კვლავ იმაზე ფიქრობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ისევ საკუთარ სტარტაპს შექმნის.

რა როლი აქვთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ოცდამეერთე საუკუნეში? როგორ შეუძლიათ ინოვატორებს ყოველდღიურობის შეცვლა? რას მოუტანენ ისინი ბიზნესს? როგორ იქმნება ინოვაციური პროექტები? – ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს მარიამ შარანგია, POPXSpotlight-ის პანელურ დისკუსიაზე, განიხილავს

M: რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ თქვენი აზრი გვაინტერესებს:  რა საჭიროა ინოვაცია?

ჩემთვის, ინოვაცია ის აუცილებელი ინგრედიენტია, რომელიც ნებისმიერი ბიზნესის არა მხოლოდ განვითარებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არამედ არსებობისთვის. ბიზნესის თვალსაზრისით, ინოვაცია არსებული სტატუსკვოს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაა, რაც ახლებური პროდუქტების, ბრენდებისა და ბიზნესმოდელების შექმნის საშუალებას იძლევა. ინოვაციისადმი მიმღებლობა არის მზაობა პერსონალური და ორგანიზაციული წარმატებისთვის.

M: გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან…

მეათე კლასში ვიყავი, ევროპულ სკოლაში, ბიზნესმენეჯმენტისა და პროგრამირების სწავლა რომ დავიწყე. კურსი სიმულაციურ დავალებებს მოიცავდა. უნდა შეგვექმნა საკუთარი კომპანია, ინოვაციური პროდუქტით, გაგვეზარდა გაყიდვები, დაგვეგეგმა მარკეტინგიჯგუფური პროექტები გვქონდა. ამ ამბის მთელი ხიბლი ის იყო, რომ პროცესში პრაქტიკულად იყავი ჩართული და თავად შეგეძლო პროექტის მართვა.  სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები მაინტერესებდა.

M: თქვენი პირველი სტარტაპი, ლონდონში იყო. ეს როგორ მოხდა?  

პირველი სამსახური ლონდონში დავიწყე. მესამე კურსზე ვიყავი, როცა, სწავლის პარალელურად, სტარტაპზე Vieni დავიწყე მუშაობა. სტარტაპის იდეა ერთობლივი მოხმარების მოდელს ეყრდნობოდა. უნიკალური ალგორითმის მეშვეობით, ჩარტერული ავტობუსი სტუდენტებისთვის ერთი ქალაქიდან მეორეში ყველაზე დაბალ ფასად გადაადგილებას უზრუნველყოფდა. რაც უფრო სავსე იყო ავტობუსი, მით უფრო დაბალი იყო ფასი მგზავრისთვის, ეს იყო ორმხრივი მოგებიანი პოზიცია. ამ სტარტაპის მეშვეობით, დაფინანსება მივიღეთ ინვესტორისგან და აქსელერატორის Mass Challenge ფინალისტები გავხდით.

მე მარკეტინგული სტრატეგია და გაყიდვები მებარა, თუმცა სტარტაპში ძალიან რთულია, მხოლოდ ერთი როლი გქონდეს და მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებდე, შესაბამისად, თამამად ვიტყვი, რომ იქ მუშაობის პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო. ყოველდღიურად ვგრძნობდი განვითარებას, ვხედავდი ახალ გამოწვევებს, ვხვდებოდი საინტერესო, თვალებანთებულ დამწყებ ახალგაზრდებს, რომელთაგანაც ჩვენს მენტორებზე ნაკლებს არ ვსწავლობდი.

სტარტაპი ვეღარ განვითარდა და დაარსებიდან, წელიწადნახევრის შემდეგ დაიხურა. ყველაზე რთული ალბათ იმ შეცდომების აღიარება იყო, რომელიც მისი განვითარების დროს დავუშვით, თუმცა დაგვრჩა ძალიან დიდი გამოცდილება, საინტერესო კონტაქტები და კარგად გავითავისეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.

M: როგორ გეხმარებათ ეს გამოცდილება ამჟამინდელ საქმიანობაში?

ყოველდღიურად მაქვს შეხება სტარტაპებთან, რომლებიც დღეს ყველაზე ინოვაციურ პროექტებზე მუშაობენ. მათი მიზნები, საჭიროებები, და შედეგები ყოველდღიურად, ზოგჯერ, ყოველ საათს იცვლება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არსებული პროექტების განახლებაახლების დაგეგმვა. ისეთების, რომელთა ანალოგი არ არსებობს, თუმცა გარემო პირობებიდან გამომდინარე, არსებობს მათი საჭიროება. საერთაშორისო პროექტები კი, ზუსტად უნდა ერგებოდეს ქართულ რეალობას. თითოეული ამ სახის პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია ინოვაციური მიდგომები გქონდეს  და სიახლისთვის მუდმივი მზაობა. ჩემი ყოველდღიურობა მრავალფეროვანია და არ ემსგავსება რუტინულ სამსახურეობრივ საქმიანობას.

ვფიქრობ, ჩემი პირველი სტარტაპი ძალიან მეხმარება დღევანდელ პროექტებში. იმაში, რომ მათ მხოლოდ ერთი მხრიდან არ ვუყურო და იმ საჭიროებებზე ვიფიქრო, რომლებიც საკუთარ სტარტაპზე მქონდა მუშაობისას მქონდა.

მეორე მხრივ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უკეთ ვახერხებ პროექტების დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას. თუმცა ვთვლი, რომ ყოველთვის შეიძლება საკუთარი საქმე უკეთ აკეთო, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა.

M: ყველაზე მეტად, რომელ სფეროებში ხედავთ ინოვაციური ტექნოლოგიების საჭიროებას საქართველოში?

ჩემს ამჟამინდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, სახელმწიფო სექტორს ყველაზე მეტად სჭირდება ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ბევრი უწყებაა, სადაც, ინოვაციური სერვისების ინტეგრირების შემთხვევაში, ნაკლები ბიუროკრატია იქნებოდა და სტრუქტურაც უფრო მოქნილი და სწრაფად ოპერირებადი გახდებოდა.

ამერიკაში იყო მსგავსი ინიციატივა, რომელსაც ერქვასტარტაპი თეთრ სახლში,  სადაც პროგრამისტების და პროექტმენეჯერების გუნდი სახელმწიფო სექტორის კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობდა. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს სახელმწიფო სექტორის მუშაობას, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ინოვატორებს ცვლილების და წარმატების მონაწილეებად აქცევს.

M: როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე არიან ახალგაზრდა ქართველი ინოვატორები?

ქართველი ინოვატორების ყველაზე დიდი პრობლემა, ვფიქრობ, ინერტულობაა. ინოვაციის ფართო ასპარეზზე გასატანად, მუდმივი აქტიურობა და განვითარებაა აუცილებელი. ინოვატორები მოლოდინის რეჟიმში არ უნდა იყვნენ. საკუთარი ინოვაციის სწრაფი დანერგვისა და კომერციალიზაციისთვის უნდა იბრძოლონ.

M: გვიამბეთ POPXSpotlight-ზე თქვენი გამოსვლის შესახებ…

POPXSpotlight-ის პანელურ დისკუსიაზე, რამდენიმე სტუმართან ერთად, ინოვაციის განვითარებაში სახელმწიფო და კერძო სექტორის როლზე ვისაუბრებთ. მე პანელის მოდერატორი ვიქნები და ვფიქრობ, მოვახერხეთ, პანელში ისეთი სტუმრები გვყოლოდა, რომლებიც მსმენელს მარტივად და გასაგებად აუხსნიდნენ ინოვაციების და ტექნოლოგიების როლს ოცდამეერთე საუკუნეში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანელში იქნებიან როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მსმენელს დაეხმარებიან მრავალმხრივი წარმოდგენა შეექმნას იმ გამოწვევებზე რომელთა მოგვარებაც აუცილებელია ინოვაციების ფასილიტაციისთვის.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა