in

„ომი გრძელდება, მათ ისევ ვჭირდებით“ — მარიამი, უკრაინელების მეგობარი სამეგრელოდან

საშა, საშკა, დიდი ალექსეი, ვლადი, ალიონა, ნიკოლაი, რუსლანა… მარიამს ყველას სახელი ახსოვს, ყველას ამბავი, ვინ რა და როგორი გზა გამოიარა საქართველოში ჩამოსვლამდე. ახსოვს ის შეგრძნება, როცა 12 წლის საშკას ხელით, სახატავი რვეულის ფურცელზე დაწერილმა სულ ერთმა სიტყვამ „дети“, ყელში ბურთი გაუჩხირა. საშკას და მის ოჯახს, როცა დაბომბილ ქალაქს ტოვებდნენ, სჯეროდათ, რომ თუკი მანქანაზე გაკეთებულ ამ წარწერას რუსი სამხედროები დაინახავდნენ, მათ ავტომობილს ცეცხლს არ გაუხსნიდნენ…

მარიამ სიჭინავა, სამოქალაქო აქტივისტი, სამეგრელოში, ზუგდიდში ცხოვრობს. ქალაქსა თუ სოფლებში მისი იმედი აქვთ. ჯერ კიდევ კოვიდ-პანდემიისას, მარიამმა და მისმა მეგობრებმა, არაერთ ოჯახს გაუწიეს დახმარება. ამიტომ, როცა სამეგრელოში უკრაინიდან წამოსული პირველი დევნილები გამოჩნდნენ, ადგილობრივებმა დასახმარებლად ისევ მარიამს მიმართეს.

პირველი დევნილები სამეგრელოში

უკრაინაში ომი დაახლოებით თვენახევრის დაწყებული იყო, როცა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში, დონეცკიდან წამოსული ოჯახი ჩავიდა. ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილი ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა, გარდა თავშესაფრისა, ოჯახს სხვა დახმარებაც სჭირდებოდა. ხობელებმა მარიამს მიაკითხეს:

გვთხოვეს, თუ შეგვეძლო, პირველადი საჭიროების ნივთებით დავხმარებოდით, იქნებოდა ეს სურსათი, მედიკამენტი თუ ტანსაცმელი. ამ ოჯახისთვის თანხის შეგროვება სოციალური ქსელის საშუალებით დავიწყეთ. ხალხმა ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, საკუთარი მარაგებიდან სურსათსაც კი უნაწილებდნენ“…

მალევე მარიამმა და მისმა მეგობრებმა, მოახერხეს და ცოლ-ქმარი ხობში, ერთ-ერთ კომპანიაში დაასაქმეს:

სოციალურ ქსელში დავწერეთ პოსტი, რომ ქალი გაყიდვების მენეჯერი იყო და სამსახურს ეძებდა. გამოგვეხმაურა ხობში, ბლოკის საამქროს ადმინისტრაცია და ცოლქმარი დაასაქმეს. ქმარი წარმოშობით ქართველი იყო — ჯერ კიდევ ბავშვი იყო, აფხაზეთის ომის შემდეგ, უკრაინაში რომ გადავიდა საცხოვრებლად. მას მერე, რაც პირველ ოჯახს დავეხმარეთ, ამ საქმეში ვარ ჩართული. ვინც იცის და შეხება ჰქონია ჩემთან, ან თუნდაც შორიდან მიცნობს, ყველამ იცის, რომ თუ ქალაქში ან რეგიონში ახალი ოჯახი ჩამოდის უკრაინიდან, მე უნდა შემატყობინონ და ასეც ხდება, მიკავშირდებიან, მეუბნებიან, რა სჭირდებათ, როგორ შეიძლება მათი დახმარება“…

მარიამი ამბობს, რომ სამეგრელოში უკრაინიდან სწორედ ის დევნილები ჩადიან, რომლებსაც ოჯახის წევრები ან სამეგრელოდან ჰყავდათ ან აფხაზეთიდან:

აფხაზეთიდან ძალიან ბევრი დევნილი გადასახლდა უკრაინაში და უკრაინამ ეს ხალხი გულით მიიღო. აუცილებელი იყო, რომ ჩვენც მიგვეღო ეს ადამიანები, ჩვენც დავხმარებოდით მათ სწორედ ისე, როგორ ისინი დაგვეხმარნენ ჩვენ თავის დროზე“.

ასე ჩავიდა სამეგრელოში შშმ ქალი, ალიონა, 7 წლის შვილთან ერთად. მისი ქმარი 7 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად, უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა ის უკრაინაში იბრძვის.

მარიამი და მისი მეგობრები ალიონასაც დაეხმარნენ:

გავიგეთ, რომ ალიონა ძალიან კარგად აცხობდა. „ბაიასბაზაზე ალიონას დაუთმეს საცხობი სივრცე, სადაც სააღდგომოდ პასკები მოამზადა. სოციალურ ქსელში გავავრცელეთ ინფორმაცია, ალიონას პასკების შესახებ და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ საბოლოოდ 560 პასკა გაიყიდა“.

სამეგრელოს გვერდში დგომის იმედად ჩავიდა ზუგდიდში 24 წლის მარიუპოლელი ფეხბურთელიც, რომელიც მისი ყოფილი თანაგუნდელის სახლში დაბინავდა:

ამ ბიჭს თავის ქალაქში ჰქონდა სავსე ცხოვრება, მის ფოტოებს რომ ვათვალიერებდით, თვალნათლივ დავინახეთ, როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრება ერთ წამში რუსულმა ტანკმა და ჭურვმა, გაანადგუროს. მარიუპოლის საფეხბურთო კლუბში თამაშობდა. სამეგრელოში კი იმიტომ ჩამოვიდა, რომ ზუგდიდელი მეგობარი ჰყავდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მარიუპოლში თამაშობდა ფეხბურთს და სწორედ მან დაუთმო საკუთარი სახლი ყოფილ გუნდელსა და მის ოჯახს. მოვახერხეთ, რომ ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში, მან ზუგდიდისოდიშშიდაიწყო თამაში. ცოტა ხნის წინ კი გერმანიაში გავაცილეთ“.

განსაკუთრებული ემოციით იხსენებს მარიამი საშას, რომელიც ერთი თვის წინ პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. საშას დედ-მამა საქართველოში დარჩნენ, ისინი მესტიაში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მუშაობენ:

საშა ჩემი ახლო მეგობარი გახდა. „ბაიასბაზაზე დავასაქმეთ, ფიტნესინსტრუქტორად. მეც სწორედ მასთან ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველო და განსაკუთრებით რეგიონები, ეკონომიკური სიმძლავრით ვერ გამოირჩევიან, საშამ პოლონეთში გადაწყვიტა წასვლა, რათა იქიდან დაეხმაროს საქართველოში დარჩენილ მშობლებს. საშა იყო ბოლო უკრაინელი, რომელიც ერთი თვის წინ გავაცილეთ სამეგრელოდან. ჯერჯერობით, დევნილების ახალი ნაკადი არ ჩამოსულა“.

მარიამის გაკვეთილები

ამ თვეებმა მარიამს ბევრი რამ ასწავლა. მათ შორის, სხვა თვალით დაანახა საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც — ადამიანები, რომლებიც მას ენდნენ:

ემპათიური და ემოციური რომ ვიყავი, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან სტრესული აღმოჩნდა. ეს არ არის მარტივი საქმე. გვგონია ხოლმე, რომ ამის გაკეთება ყველას შეუძლია, თუმცა ბევრს არ აქვს ამის რესურსი და, ალბათ, ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩენილიყო რეგიონში, ვინც ითავებდა უკრაინელი დევნილების დახმარების პროცესის ორგანიზებას. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ეს იყო და არის ყველაზე დიდი გამოცდილება. გარდა ამისა, ამ ერთმა წელმა დამიბრუნა ხალხის რწმენა. უამრავი ადამიანი გამოთქვამდა დახმარების სურვილს, ბოლო ლუკმას უყოფდნენ დევნილებს, საკუთარ მარაგებს უნაწილებდნენ. დავინახე, რომ ზუგდიდის მოსახლეობა მენდობა, თავის გაღებულ საკვებს, თუნდაც ერთ ლარს მანდობს და იციან, რომ ეს ყველაფერი დანიშნულებისამებრ დაიხარჯება. მეორე მხრივ, ამ ადამიანებმა მომცეს რწმენა უკეთესი დღის და იმის, რომ ჩვენს გარშემო კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველანაირი მერკანტილური მოტივების გარეშე სხვებს გაუწოდონ დახმარების ხელი“.

ომი გრძელდება

უკრაინაში ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტია გასული. ემოციები ცხრება, განცდები ნელდება, შესაბამისად, იკლებს იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც ომის პირველ თვეებში, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში. თუმცა მარიამისთვის ომი უკრაინაში და ომს გამოქცეული ადამიანების დახმარება ისევ ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც პირველ დღეებში:

სოციალურ ქსელებსა და მედიაში იმ დოზით აღარ შუქდება ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ადამიანების ემოციურ ფონს, მედიიდან, სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაცია კიდევ უფრო ამძაფრებდა. თუმცა ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ დღესაც შეიძლება გამორბის ბავშვი უკრაინის რომელიმე ქალაქიდან, რომელსაც მანქანის შუშაზე თავისივე ხელით აქვს მიწერილი ერთი სიტყვა — „дети“. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არ არის ლაპარაკი მეომრებზე, აქ არის ლაპარაკი რიგით მოქალაქეებზე და რაც მთავარია, მცირეწლოვან ბავშვებზე, რომლებსაც უწევთ ძალიან დიდი სტრესის, ტანჯვის გამოვლა, როდესაც ისინი თავიანთ სახლებს ტოვებენ. ადამიანები თითქოს შევეჩვიეთ ამ ტრაგედიებს, ვიცით, რომ ეს ომი არ დასრულდება მალე და ადამიანების ნაწილმა, რომლებიც თავიდან ამ ყველაფერში აქტიურად მონაწილეობდნენ, სცადეს, დამატებითი სტრესი და ემოციები აერიდებინათ საკუთარი ფსიქიკისთვის და თითქოს მოწყდნენ ამ პროცესებს, შეიძლება ერთი მხრივ, ეს გასაგებიცაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ომი გრძელდება, ბავშვები და ქალები ისევ იხოცებიან, ქალაქები ისევ ნადგურდება“…

ამ ერთი წლის განმავლობაში, მარიამმა და მისმა მეგობრებმა სამეგრელოში უკრაინიდან დევნილი 10-მდე ადამიანი დაასაქმეს და სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს 20-მდე ოჯახს.

მარიამი ბედნიერია იმითაც, რომ სამეგრელოში ჩასულმა უკრაინელებმა დაინახეს, რომ ისინი სწორედ იქ აღმოჩნდნენ, სადაც მათ არავინ ეტყოდა დახმარებაზე უარს:

ქუჩაში რომ ვსეირნობდით ხოლმე უკრაინელებთან ერთად, როცა ვათვალიერებინებდით ქალაქს, შემხვედრები ხმამაღლა გვესალმებოდნენდიდება უკრაინას“, ქალაქი გადაჭრელებული იყო უკრაინის დროშებით, სოლიდარობის წარწერებით, ახლაც ასეა. ეს დროშები, ეს წარწერები, ქალაქს ისევ შემორჩა. როდესაც ჩამოდიან უკრაინელები და ამ ყველაფერს ხედავენ, მათთვის ეს ნიშანია, რომ ისინი სწორ ქალაქში ჩამოვიდნენ, სწორ ადგილას მოხვდნენ“…

dopomoga.ge

[პარტნიორის კონტენტი]

Big tech თუ ტორტი? რა თქმა უნდა, ტორტი! – Spotlight Tech 2023

ილონ მასკმა Twitter-ის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა!