15
Nov
2018

მარიამ სიჭინავა: „რასაც გადმოვცემ, ჩემი ჰარმონიაა…“

15 Nov 2018

მარიამ სიჭინავა თვითნასწავლი ფოტოხელოვანია, რომელსაც სჯერა, რომ თვითაღმოჩენებით ბევრად უფრო საინტერესო და მარტივია საკუთარი ხელწერის, ანუ როგორც ფოტოგრაფები იტყოდნენ, ხედვის პოვნა. „იმდენად ჩემია, იმდენად ორგანულია, ვერავის გავლენის ქვეშ ვერ მოვექცევი…“

თუმცა, სანამ სამყაროს მისეული აღქმა ფერად, ოთხკუთხედ მატერიად გადაიქცეოდა და გოგონების ნაზ, ჰაეროვან, მშვიდ, ფილმის კადრივით, ნოსტალგიურ ფოტოებს ადამიანები მარიამ სიჭინავას სახელთან დააკავშირებდნენ, მანამდე, საკუთარი თავის აღმოჩენაში ერთი განსაკუთრებული საჩუქარი დაეხმარა.

8 წლის წინ, მეგობარმა, დღეს კი, უკვე მისმა მეუღლემ, კოტემ, რატომღაც, ფირიანი აპარატი აჩუქა. „რატომღაც“ იმიტომ, რომ ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი მანამდე არასდროს გამოუხატავს. უბრალოდ, უყვარდა ფილმები. 40-50-60-იანი წლების კინემატოგრაფია. ალბათ ამიტომ, კინოსავით ფოტოებსა და ვიდეონამუშევრებს ქმნის.

აპარატის გამოყენება არ იცოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველივე მცდელობაზე გაუმართლა. „იქიდან რამდენიმე ფოტო ჩემთვის დღემდე ძალიან საყვარელია. ძალიან გამიხარდა, ის ფერები რომ გამოვიდა, რომელიც მინდოდა. ზუსტად ის ეფექტი მივიღე, რომელსაც ჩემს საყვარელ ძველ ფილმებთან ვაკავშირებდი“.

კოტე – პირველი ფოტო

ჩვენს კითხვაზე, პირველმა აპარატმა გადაწყვიტა, თუ არა მისი ფოტოგრაფიული კარიერის დასაწყისი, ამბობს: „რა თქმა უნდა, კი. მე დღემდე ვერ ვშორდები ფირს. იმ პირველმა აპარატმა მასწავლა ყველაფერი. ის რომ ციფრული ყოფილიყო და არა – ფირიანი, იმ შედეგს არ მივიღებდი, რაც მინდოდა და ცოტა ხნით გავერთობოდი, ალბათ“. ფოტოგრაფიამ ჩაანაცვლა ტურიზმი, მედიამენეჯმენტი და „ალბათ, მაშინ რომ გავყოლოდი იმას, რაზეც ვსწალობდი, არ ვიცი, რა იქნებოდა. ძალიან ბევრ რამეს დავკარგავდი…“მარიამის ნამუშევრები ფემინური და რაც შეიძლება, ბუნებრივია. ფოტოებს, ძალიან ხშირად, გოგონების პორტრეტებს ჰაერზე, სიმწვანეში, სიყვითლეში… გაშლილ სივრცეში იღებს.„ჩემი ჰარმონიაა, რასაც გადმოვცემ. ძალიან მიყვარს ხოლმე პატარა გოგონების გადაღება იმიტომ, რომ სულ სხვა განწყობა მოაქვთ. თვალებში ნაპერწკლები უელავთ და მაინც, პატარა გოგოობის სიწმინდე სულ ეტყობათ ხოლმე“.ფირზე მუშაობა, მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის საინტერესოა იმიტომ, რომ მათ წინასწარ არ იციან, რა გამოვა. ფირის ფოტოგრაფიას ხომ მოლოდინის დიდი ეფექტი აქვს. თუმცა, მარიამის შემთხვევაში, ასე აღარ არის. „ძირითადად, ვიცი ხოლმე, რა გამოვა. კმაყოფილი ვარ, თუმცა, ნამუშევარი არასდროს არის საუკეთესო“. ალბათ, სწორედ პროფესიული უკმაყოფილებაა, რაც მას ძიებისკენ, აღმოჩენებისკენ მომართავს ხოლმე.
მარიამი კადრს მოძრაობაში ყინავს. ყოველთვის 24 კადრიან ფირს იყენებს, რაც ძალიან ცოტაა. „ერთი შანსი გაქვს და ის ერთი უნდა იყოს განსაკუთრებული“. როგორც გვიყვება, განწყობისთვის არაფერი სჭირდება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდელს კომფორტი შეუქმნას, „რომ მისგან ბუნებრივი ემოცია მივიღო. ის, რისი დაჭერაც მე მინდა“. ამოჩემებული მოდელები კი, თინა დალაქიშვილი, მარიშა ურუშაძე, დღეს უკვე, ხოსილიტა ხოსიტაშვილი არიან…

View this post on Instagram

🧚🏻‍♀️

A post shared by Mariam Sitchinava (@mariamsitchinava) on

ყველა პროექტს თავისი ისტორია, ძალიან სასიამოვნო მოგონებები, სირთულეები, ნერვიულობა და პასუხისმგებლობა აქვს. „მე არ შემიძლია ყოველდღე გადაღება. ვიცლები. იმდენად, რომ ცოტა ხანს უნდა შევისვენო ხოლმე“. 2 კვირა ან 1 თვე კი საკმარისია, „იმ საქმის კეთება, რომელიც ძალიან მიყვარს, განვაგრძო“.მარიამისთვის ჯილდოები ნაკლებმნიშვნელოვანია. 2012 წელს, მსოფლიოს 30 საუკეთესო ფოტოგრაფ ქალს შორის დასახელდა: „მიხარია. უბრალოდ, სასიამოვნოა“. თუმცა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ყიდულობს მის ფოტოებს. რა ტიპის ადამიანს მოსწონს, ვისი უნდა გახდეს მისი ნამუშევარი. მარიამის ძალიან ბევრი ფოტოა გაყიდული და მსურველები უცხოელი კოლექციონერები თუ ფოტომოყვარულები არიან. ფასი განისაზღვრება იმით, „რამდენად მიღირს, რომ ეს ფოტო ვინმესთან გავუშვა“.
Me in You“ და “Deep Moods“ მარიამ სიჭინავას ფოტოწიგნებია. მის ნამუშევრებს ცნობილი ჟურნალების გარეკანებსა თუ წიგნის ყდებზე აღმოვაჩენთ: New York Magazine, Tbilisi Street Style – Fashion blog, “The CUT”, Vaudeville & Burlesque, Spring – Summer Collection 2012, Urban Outfitters Around The World Project, My Green Bag, THE OPÉRA – Exclusive photoshoot, ERRR Magazine – Cover photo, exclusive feature, Tallulah & Hope, CHANEL Métiers d’Art, Mercedes-Benz Fashion, Gaggenau.

Nicole Warne for CHANEL

მარიამი ფიქრობს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ყველაფერი თავისით, ბუნებრივად მოხდა და მომავალშიც, ასევე, ბუნებრივად მიჰყვება დინებას, რაღაც ახლის, მისთვის ორგანულის ძიებით.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] Gal თვითნასწავლი ფოტოხელოვანის, მარიამ სიჭინავას ონლაინ მაღაზიაა, რომელსაც „მსოფლიოს […]