in

მარიამ თევზაძის ნამუშევრები მადრიდში Drawing Room-ის გამოფენაზე მოხვდა


სტატიაში წარმოდგენილი ნახატების მთავარი პერსონაჟი სწორედ მისი შემქმნელი — მარიამ თევზაძეა. ქართველი ხელოვანის ნამუშევრები მრავალ ემოციას ატარებს… პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, ხოლო მხატვრობას არა პროფესიად, არამედ საკუთარი პიროვნების ნაწილად მიიჩნევს. დღეიდან 27 თებერვლის ჩათვლით კი მარიამის ნამუშევრები მადრიდში Drawing Room-ის გამოფენაზე იქნება გამოფენილი. 

M: როდის მიხვდი რომ ხელოვნება შენი სფერო იყო?

ალბათ, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც თავს ამ სფეროში გამოცდის უფლება მივეცი და სამხატვრო აკადემიაში მედიახელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მძაფრად გავაანალიზე, რამდენად დიდი ლტოლვა და სიყვარული მაქვს მხატვრობის მიმართ.

M: როგორ უთავსებ გრაფიკულ დიზაინსა და მხატვრობას ერთმანეთს?

ვიფიქრე, საქმე, რომელსაც გავაკეთებდი, ხელოვნებასთან უნდა დამეკავშირებინა, დიზაინი კი ძალიან მაინტერესებდა. ამას გარდა, ჩავთვალე, რომ გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარიერა მას დავუკავშირე. რაც შეეხება მხატვრობას, პროფესიით მხატვარი არ გახლავართ. ბავშვობიდან ვხატავ და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არც განმიხილავს აზრი, რომ ამას პროფესიის სახელი დარქმეოდა, მხატვრობა ჩემი პიროვნების ნაწილივითაა. ამ ორი სფეროს შეთავსება მარტივია, რადგან მხატვრობა დიზაინში ძალიან მეხმარება, ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი კი დროა… ადამიანს ყველაფრის კეთება ხშირად არ შეუძლია. 

M:ახატების უმრავლესობაში კონკრეტული პერსონაჟები გვყავს გამოყენებული, რა მნიშვნელობას ანიჭებ პერსონიფიკაციას?

ხშირად გარკვეულ ემოციებსა თუ მოვლენებს ადამიანის სახით გამოვხატავ. არსებობს ასევე ერთი იდეა, რომელიც ყოველთვის ერთი კონკრეტული ადამიანის სახითაა წარმოდგენილი, ამიტომ, იგი ჩემს ნახატებში ხშირად მეორდება. ხანდახან საკუთარი თავის ისეთ ვარიანტს გამოვხატავ, რომლისკენაც მივისწრაფვი, შესაბამისად, იდეა საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტის წარმოჩენაა.

M: ხშირად მთავარი გმირი თავადვე ხარ, რატომ გადაწყვიტე ასე ან როგორია საკუთარი თავის ფურცელზე გადატანის პროცესი შენთვის?

ჩემი შემოქმედება ძირითადად ჩემს ფიქრებსა და განცდებს ასახავს. შესაბამისად, ნახატების მთავარი გმირიც მე ვარ. ალბათ, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ გამოხატვის თავისუფლება მინდოდა. მომწონს საკუთარი თავის ჩვენება ისე, როგორც ამას გონებაში განვიცდი და ვხედავ, ეს ყველაფერი ჩემი ნამდვილი სახის გაცნობასა და საკუთარი განცდების გააზრებაში მეხმარება. ვაღიარებ, რომ საინტერესო პროცესია და ამავდროულად, ძალიან ემოციურ და თერაპიულ ხასიათსაც ატარებს.

M: რა გრძნობას გადმოსცემ შენი ნამუშევრებით? 

ჩემი ნამუშევრები ძალიან ბევრ ემოციას გადმოსცემს და, რა თქმა უნდა, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განწყობით ვხატავდი მათ. ზოგიერთ მათგანში მარტოობაა ნაჩვენები, ზოგან რაიმეზე გამარჯვების, რაღაცის გადალახვის სურვილი… ხანდახან გადმოვცემ იმ განცდას, რომელიც დაკარგულ ადამიანს ეუფლება, ზოგან კი სულიერ კავშირებზე აქცენტებს შეხვდებით. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ჩემთვის ეს ემოციები დადებითია… 

M: რას ფიქრობ ზოგადად სიმბოლიკაზე და რამდენად იყენებ შენს ნამუშევრებში?

ვინაიდან მხატვრობაში ადამიანს სათქმელის გამოხატვა არა სიტყვებით, არამედ ფორმებით უწევს, ბუნებრივია, სიმბოლიკას ვერ გაექცევი. თითოეული ფორმა სიტყვის მაგივრობას წევს, საბოლოო ჯამში კი სიმბოლოების სისტემას, დაშიფრულ სათქმელს ნახატის სახით ვიღებთ. ამგვარად, გულახდილად საუბარი ჩემს განცდებზე ასე შეფარვით მიწევს.

M: მოგვიყევი, როგორ მოხვდი Drawing Room მადრიდის გამოფენაზე და ზოგადად, რისი საშუალებაა გამოფენა შენთვის?

Drawing Room-ში The Why Not Gallery-ს მეშვეობით მოვხვდი. გალერეამ სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. Drawing Room ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს და გამოფენა-გაყიდვას მართავს. აქ კი ჩემი 5 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნახატები ხალხმა ნახოს, რათა ფართო მასებს გადავცე ჩემი განცდები და მნახველში აღძრული ემოცია უკან მივიღო. გამოფენის გაკეთების სურვილიც, რა თქმა უნდა, მაქვს. გარკვეული რაოდენობის ნამუშევრების მოგროვება და შემდეგ დამთვალიერებლისთვის ჩვენება მინდა. რადგან ძველ ნახატებთან ემოციური კავშირი დავკარგე, არასწორად მიმაჩნია მათი გამოფენა და თავის გაცნობა იმით, რაც აღარ ვარ. 

M: როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი ამ სფეროში?

პირველ რიგში, ჩემთვის პროცესიდან სიამოვნების მიღება და იმის კეთებაა მნიშვნელოვანი, რაც მიყვარს. თუ ჩემი და მხატვრობის სიყვარული შენარჩუნდა, მუდმივად დავაყენებ თავს გამოწვევებს წინაშე, ვეცდები უფრო და უფრო დავიხვეწო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს…

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


ტვინის ნეირონების ერთი ჯგუფი მხოლოდ სიმღერაზე რეაგირებს — კვლევა

ფოტოებზე აღბეჭდილი წითელი მელიების თბილი ურთიერთობა