in

მარი აგლაძე – #პირველისამსახური

19 წლის ვიყავი, რუმს თბილისში რომ დავიწყე მუშაობა, რეგისტრატორის პოზიციაზე. იმ დროისთვის, ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პირველ სამსახურში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, არ მქონდა გადაწყვეტილი სწავლის პარალელურად მუშაობა. ფლი-მარკეტზე ვიყავი, სადაც აჭარა ჯგუფის თანამშრომლების შერჩევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავიცანი და მუშაობის დაწყება შემომთავაზა. სამსახურით არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ჩემი ნომერი მაინც ჩაიწერეს და შემდეგ, დამიკავშირდნენ. მომერიდა უარის თქმა და გასაუბრებაზე მივედი. როგორც აღმოჩნდა, ორი ეტაპი ძალიან წარმატებით გავიარე და სასტუმროს გახსნისთანავე დავიწყე მუშაობა, 2014 წელს.

Holiday Inn-ში გაგვატარეს ტრენინგი და მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რუმს თბილისის მიმღების ძალიან კარგ გუნდში ვმუშაობდი. თავდაპირველად, ეს სფერო ჩემთვის ძალიან უცხო იყო. საწყის ეტაპზე, მეგონა, დაახლოებით 6 თვის მანძილზე ვიმუშავებდი ამ პოზიციაზე და თავს დავანებებდი, თუმცა იმდენად ჩამითრია, რომ 8 წელი გავიდა უკვე. ამ დროის მანძილზე, რამდენჯერმე შევიცვალე პოზიცია და ადგილმდებარეობა. 

საწყის ეტაპზე, სტუმრებთან კომუნიკაცია იყო დაბრკოლება. მიძნელდებოდა ბოლომდე გახსნა და დახარჯვა. თუმცა მერე თანდათან ამ ყველაფრით სიამოვნების მიღება დავიწყე და დღემდე ასეა. ამ სფეროში ამდენი ახალი ადამიანის გაცნობა ძალიან სასიამოვნოა. თვითონ სასტუმრომ დამანახა, რომ რუმსი არის ურთიერთობა, უშუალო და შინაურული კომუნიკაცია, რომელიც თავს სახლში აგრძნობინებს. ეს ნამდვილად იმაზე მეტია, ვიდრე მიღება და განთავსება. სტუმრისთვის პირველი ადამიანი ხარ, ვინც დაგირეკავს და გაგიზიარებს სურვილს თუ საჭიროებას.

მუდმივად მზად ვიყავი ყველაფრისთვის. არ მეზარებოდა არასდროს ზედმეტი საათები მუშაობა, იმაზე მეტი რომ გამეკეთებინა, ვიდრე სამუშაო საათები იყო. ერთგულების განცდა მქონდა საქმისადმი, კომპანიისადმი, სტუმრებისადმი. პასუხისმგებლობის დიდი შეგრძნება იყო და ზოგადად ეგ ჩემი ხასიათის ნაწილია, რომ ბოლომდე გავყვე ყველაფერს. ყველა გამოწვევისთვის მზად ვიყავი, ფაბრიკაში გადამიყვანეს – გადავედი. ყაზბეგში ვიყავი საჭირო – წავედი. ჩემთვის არასდროსაა დაბრკოლება რთული ან ზედმეტი. სულ მზად ვარ ყველაფრისთვის და მოქნილი ვარ ყველა ცვლილებისთვის. ახლა პარალელურად ბათუმის და ბაკურიანის სასტუმროებს ვიბარებ და საქართველოს კუთხეებში ვიმოძრავებ. ამ ეტაპზე საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე ვარ, კონკრეტულად რეგიონების მიმართულებით, თუმცა გენერალური მენეჯერის პოზიციასაც ვითავსებ.

მარი აგლაძე – Rooms Hotel-ის რეგიონული საოპერაციო დირექტორი.

საინტერესო პოდკასტი | როგორ შეიცვალა ფეხბურთი და მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წლიდან დღემდე?

რატომ არ შეიძლება ბავშვების დასამშვიდებლად მობილური მოწყობილობების გამოყენება? — კვლევა