პირველი სამსახური თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე, მაშინ 22 წლის ვიყავი. გენეტიკური ეკოლოგიის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში ეძებდნენ თანამშრომლებს. მე, როგორც „წითელდიპლომიანი“ ახალბედა გენეტიკოსი, უნივერსიტეტის რეკომენდაციით მოვხვდი ამ სამსახურში და დავიწყე მუშაობა მეცნიერ-მუშაკად.
ამავე ცენტრში პარალელურად ვიყავი რედაქტორის ასისტენტი ინგლისურენოვან ჟურნალში „The Geogian Journal of Genetic Ecology”, ასევე ვიყავი ასისტენტი ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში. ვეხმარებოდი უფროს ლაბორანტებს სამეცნიერო-კვლევითი ცდების ჩატარებაში. პარალელურად ვასწორებდი ტიპოგრაფიულ შეცდომებს პერსონალურ კომპიუტერში (ასეთი კომპიუტერები მაშინ თითზე ჩამოსათვლელი იყო).
ყველაზე მტკივნეული დაბრკოლება უშუქობა იყო. დილით სამსახურში მოსულს, დენი რომ გათიშული დაგხვდება, ავტოკლავი გამორთული და ცდა გაფუჭებული. თან ვერაფრით რომ ვერ უშველი და ყველაფერს იწყებ თავიდან და ისევ და ისევ…
მალე გავიაზრე, რომ გარე ფაქტორებით გამოწვეულ დაბრკოლებებს მე დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდი და ახალი შესაძლებლობების ძიება დავიწყე. ასე მოვხვდი ჯეოსელში და ვფიქრობ, რომ არანაკლებ საინტერესო საქმეს შევეჭიდე. მარიკა ლორია – ჯეოსელის მარკეტინგის დირექტორი.