in ,

„რაც უფრო იკვლევ კოსმოსს, მით უფრო გიყვარდება დედამიწა“ – ასტრობიოლოგი მარიკა ტარასაშვილი

„ძალიან საინტერესოა, რომ კაცობრიობის ისტორია, ალბათ, ზუსტად ისე დაიწყება მარსზე, ვაზთან ერთად, როგორც დედამიწაზე დაიწყო“. ეს კი, შესაძლოა, ქართველი ასტრობიოლოგის – მარიკა ტარასაშვილისა და მისი გუნდის დამსახურება იყოს. დღეს ვაპირებთ მის ბავშვობაზე, ზრდასრულობასა და გეგმებზე გიამბოთ. გიამბოთ მის დამოკიდებულებებზე სამყაროს მიმართ, მიღწევებზე, მიზნებზე, მოლოდინებსა და ხედვაზე, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს/დამკვიდრდეს ადამიანების ცივილიზაცია სხვა პლანეტებზე.

მარიკა ტარასაშვილმა საქართველოში ჯერ არარსებულ სფეროში – ასტრობიოლოგიაში საკუთარი თავი 7-8 წლის ასაკში მოიაზრა. ამას თვითონ ჰყვება, ისევე, როგორც იმას, თუ რამდენად დაეხმარა ადრეულ ასაკშივე, სამყაროს შესახებ წარმოდგენის ფორმირებაში, ასტრონომი ბაბუას კოსმოსური ბიბლიოთეკა. ეს მანამ იყო, სანამ 1998 წელს, NASA-ს  კონკურსში გაიმარჯვებდა, რის შემდეგაც, 10 წლის განმავლობაში, NASA-ს ახალგაზრდულ კონფერენციებში მიიღებდა მონაწილეობას. შემდეგ კი უკვე – სამეცნიერო კონფერენციებში, როგორც ასტრობიოლოგი საქართველოდან.

NASA-სთან კავშირზე, სამეცნიერო ნაშრომებზე, მარსის კოლონიზაციის მნიშვნელობაზე, მარსის კამერის პატენტზე, რომელიც საქართველოში არსებობს, ექსპერიმენტზე, რომელმაც დაამტკიცა, რომ მარსის გრუნტის „ნაყოფიერ მიწად“ გარდაქმნა შესაძლებელია, ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება იქცეს ვაზი ერთ-ერთ პირველ მცენარედ, რომელიც მარსზე გაიხარებს. მანამდე კი, დავიწყოთ ბავშვობით. 

მთაწმინდის პარკი, „ფუნიკულიორი“ – კარუსელი კოსმოსდრომი ბავშვებისთვის, თბილისი პლანეტარიუმთან. 1983 წ

„არ არის გასაკვირი, ლოგიკურია, თუ დავაკვირდებით ბიოგრაფიას, ჩემი მშობლებიც მეცნიერები არიან. მამა ფიზიკოსია, დედა – ქიმიკოსი. მამის მამა ასტრონომი იყო. არ მახსოვს ვინმეს  რაიმე განსაკუთრებული მიმართულება მოეცა და ეთქვა ჩემთვის, რა უნდა მესწავლა; თავისთავად მოვიდა ეს ინტერესი, მაგრამ ნამდვილად წიგნებიდან დაიწყო. ვკითხულობდი სხვადასხვა სახალისო სამეცნიერო ლიტერატურას. ყოველთვის ვიხრებოდი ბიოლოგიისკენ, ცხოველებისა და მცენარეების დიდი სიყვარულის გამო, მეორე ყველაზე დიდი ინტერესი იყო ასტრონომია. პატარა ტელესკოპი მქონდა სახლში და ვაკის პარკში მომყვებოდა მამა, ან დედა და ცას ვაკვირდებოდით“. 

M: როგორი იყო თქვენი პირველი შეხება ასტრობიოლოგიასთან?
დაახლოებით, 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა ბაბუას ბიბლიოთეკაში ერთი პატარა წიგნი  ვიპოვე, გავრიილ ტიხოვის ”ასტრობიოლოგია”. ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაწერილ წიგნში, ძალიან კარგი ენითა და ილუსტრაციებით იყო ეს მიმართულება წარმოჩენილი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, თუ რამდენად კარგად იყო ერთმანეთთან შერწყმული ეს ორი ჩემთვის საყვარელი საგანი – ბიოლოგია და ასტრონომია. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის მიმართულება, რომელიც მართლა მაინტერესებდა და ჩემს ცნობისმოყვარეობას ყოველმხრივ დააკმაყოფილებდა. არც მახსოვს პერიოდი, როცა რამე სხვა მაინტერესებდა.

M: თუმცა, ასტრობიოლოგიის მიმართულებით განათლების მიღება არათუ მაშინ, ახლაც არაა შესაძლებელი საქართველოში. თქვენ როგორ, ან სად შეძელით?
რადგან ასტრობიოლოგიის მიმართულება არ არსებობდა, ჩაბარების დროს დავდექი არჩევანის წინაშე – ბიოლოგია, ან ასტრონომია. ასტრონომია მაშინ იყო მათემატიკის ფაკულტეტი, ძალიან, ძალიან ბევრი მათემატიკით. უბრალოდ, არ ჩავთვალე, რომ ამდენი ვიცოდი და მივიჩნიე, რომ ჯობდა წავსულიყავი ბიოლოგიისკენ. კარგი არჩევანი იყო, რადგან ძალიან ძლიერი ფაკულტეტი ჰქონდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ბიოლოგიის მიმართულების დასრულების შემდეგ დავაკვირდი, რომ ჩვენთან, საქართველოში ასეთი რამ არის მიღებული: თუ რაღაცის დიპლომი არ გაქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არც შესაბამისი კომპეტენცია გაგაჩნია. ამიტომ დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ასტრონომიის ფაკულტეტიც დამემთავრებინა. უნივერსიტეტში გაკვირვებას იწვევდა ჩემი ეს სურვილი. „შენ ხომ ბიოლოგი ხარ, ასტრონომიაზე რა გინდა?“ – ასეც მეუბნებოდნენ, თუმცა კათედრის ხელმძღვანელთან, პროფ. შალვა საბაშვილთან და რექტორთან, პროფ. როინ მეტრეველთან ვიზიტის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ არაფერიც არ დაშავდებოდა, თუ ბიოლოგი ასტრონომიის მიმართულებით გამოცდის ჩაბარებას ვცდიდი. არ შემიძლია, არ აღვნიშნო არაჩვეულებრივი პედაგოგის, ბატონი სიმონ წერეთელის დიდი ღვაწლი, რომელიც ძალიან დამეხმარა თავისი მხარდაჭერით.

ჩავაბარე და ასტრონომიის მაგისტრი ვარ. მაგრამ დოქტორანტურისთვის ისევ ბიოლოგიას დავუბრუნდი და ყველაზე დიდ სირთულეებს სწორედ აქ წავაწყდი. ერთი ლექტორიდან მეორესთან მივდიოდი, რადგან ყველა მეუბნებოდა – „არ გვესმის ასტრობიოლოგია რა არის, არ ვიცით ასეთი მიმართულება საერთოდ“-ო… ერთ დღეს, როცა ლამის ხელები ჩამოვუშვი, შემთხვევით, დერეფანში შევხვდი პროფ. ნუგზარ ალექსიძეს, ერთად ველოდებოდით ლექტორს. ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ჟღერს, თუ წინააღმდეგი არ ხართ, მე ვიქნები თქვენი ხელმძღვანელიო. ძალიან დიდი ბედნიერება იყო, რომ ასეთი ადამიანი ვიპოვე, ალბათ ვერასოდეს გადავიხდი მის ვალს. დროთა განმავლობაში დავაკვირდი და ვნახე, რომ გამონაკლისი სულაც არ ვიყავი: ახალგაზრდების დახმარება და მათი გზაზე დაყენება ბატონი ნუგზარ ალექსიძის ცხოვრებისეული კრედო გახლავთ. და ეს იცის ყველა თაობის უნივერსიტეტელმა. შემდეგ მასთან დავრჩი კათედრაზე. დღეს ვარ ბიოლოგიის დოქტორი და ასტრონომიის მაგისტრი.

M: სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელიც ხართ. როგორ მოხვდით საგანმანათლებლო სფეროში, ან როგორ ახერხებთ პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას?
ჩვენს დროს, უნივერსიტეტში იყო პედაგოგიური პრაქტიკა, რომელიც იწყებოდა მესამე კურსიდან და ეს ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა დაიწყო, სადღაც, 1995 წლიდან. პირველად პრაქტიკაზე რომ წამიყვანეს, ძალიან მომეწონა ეს პროცესი და აქედან მოყოლებული ვარ სკოლაში. დაუჯერებელია, უკვე რამდენი წელი გავატარე სკოლაში: თავიდან 66-ე საჯარო სკოლაში ვასწავლიდი, შემდეგ დემირელში, ყველაზე დიდი დრო კი, დაახლოებით 15 წელი, ნიკოლოზ წერეთლის საერთაშორისო სკოლაში გავატარე, საუკეთესო სკოლაში, რომელიც ქემბრიჯის ცენტრია… კერძო სკოლებში მეტი აკადემიური თავისუფლებაა, ნაკლები ბიუროკრატია პლუს – მეტი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, ლაბორატორიების კუთხით. წელს გადავწყვიტე, რომ დავისვენო სკოლისგან, რადგან მოდის ძალიან ბევრი სამეცნიერო სამუშაო, ძალიან ბევრი პროექტი. ახლა საკვირაო სკოლა გვაქვს თსუ-ში და ასტრონომიის გაკვეთილებს ვატარებ. ასტრობიოლოგიის მიმართულება არ გვაქვს უნივერსიტეტში, თუმცა, ინტერესი ჩნდება ნელ-ნელა. დიდ დროს ვუთმობ „საქართველოს ასტრონომიის კლუბს“. ასევე, დავიწყე თანამშრომლობა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან.

M: NASA-სთან თქვენს თანამშრომლობაზე მომიყევით. როგორ დაიწყო, რას მოიცავს?
იყო ასეთი პერიოდი მაგისტრატურასა და ბიოლოგიის დოქტორანტურას შორის, როცა გარემოსდაცვით ორგანიზაციაში ვმოღვაწეობდი. შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამა BSEP სტამბოლში, ტრენინგ ცენტრში სტაჟირებისთვის არჩევდა ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდა სცოდნოდათ ბიოლოგია, მით უმეტეს – ზღვის ბიოლოგია, თან ინგლისური და თან ყოფილიყვნენ გარემოს დამცველები. რამდენიმე ადამიანი მოვხვდით ამ პროგრამაში. ორი წელი ვცხოვრობდი იქ და ვმუშაობდი BSEP-ის ამერიკულ ოფისში. ამ პერიოდის საქართველოსგან განსხვავებით (1998 წელი), იქ ინტერნეტი იყო ხელმისაწვდომი და გადავწყვიტე, NASA-ს პროგრამაში ჩართვა მეცადა. საინტერესო დამთხვევა იყო, რომ ზუსტად ამ წელს დააარსა NASA-მ ვირტუალური ასტრობიოლოგიური ინსტიტუტი და გამოაცხადა ახალგაზრდა ასტრობიოლოგების კონკურსი. უნდა დაგვეწერა ესსე, როგორ წარმოგვიდგენია ასტრობიოლოგია, როგორც მეცნიერება; როგორი უნდა იყოს ამ მიმართულების მიზნები, ამოცანები და მეთოდოლოგია. ესსე გავაგზავნე, მოეწონათ და გამომიგზავნეს NASA-ს ახალგაზრდა ასტრობიოლოგების ორგანიზაციის წევრობის ბარათი.

ახალგაზრდა ასტრობიოლოგების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და ტრენინგი, 2011, მონტანას უნივერსიტეტი, აშშ

2001 წელს პირველად წავედი AbGradCon-ზე (Astrobiology Graduate Conference), ზუსტად ჩემი ასაკის ხალხს შეეძლო მიეღო მონაწილეობა. ეს იყო არა მარტო კონფერენცია – თითოეული ღონისძიება მოიცავდა ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებსაც. ჩემი თემებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 10-ჯერ დამაფინანსეს, ანუ 10 წლის განმავლობაში მათი სახსრებით დავდიოდი NASA-ში. შემდეგ, როცა ახალგაზრდული კონფერენციებისთვის ასაკი აღარ მიწყობდა ხელს, გამომიგზავნეს გზამკვლევები სამეცნიერო კონფერენციისთვის. ასეთ 7 კონფერენციაზე ვარ ნამყოფი, აქედან 2-ზე, ბატონი ნუგზარ ალექსიძის და ჩემი დასწრების ინტერესი (თემიდან გამომდინარე), იმდენად დიდი იყო, რომ აშშ-მდე მგზავრობის ხარჯები ისევ აგვინაზღაურეს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ იქ მხოლოდ ჩვენი თემებით არასდროს მივდიოდით. ყველა კონფერენციის წინ ვსტუმრობდი ქართველ ფიზიკოსებს, ბიოლოგებს, ასტრონომებს, ქიმიკოსებს. ვთხოვდი მათ ნაშრომებს და ვუთანხმებდი, რომ ისინი საქართველოდან NASA-ს კონფერენციაზე წარმომეჩინა. ასე რომ, თითოეულ კონფერენციაზე არა ერთხელ, არამედ – რამდენჯერმე გამოვდიოდი.

ახალგაზრდა ასტრობიოლოგების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, 2012. მასაჩუსეთსის  ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აშშ

M: მარსით თქვენი დაინტერესება როგორ დაიწყო? როგორ შეძელით ამ ინტერესის სამეცნიერო ნაშრომებად გარდაქმნა?
მთვარე და მარსი , ამ სფეროში, ყველაზე რეალური და პრაქტიკულად განხორციელებადი მიმართულებებია. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მთვარისა და მარსის რეალური ათვისების ეპოქაში. ამიტომ, მთელი ჩემი ძალისხმევა მარსისკენ მივმართე.   როდესაც ასეთ სფეროში მოღვაწეობ, არ უნდა თქვა, რომ რაღაც არ გამოგივა. თუ არ გააკეთებ, ნამდვილად არ გამოგივა, ამიტომ, აუცილებლად უნდა სცადო. ნახევრად ხუმრობით, მე და ჩემმა ხელმძღვანელმა, ბატონმა ნუგზარმა გადავწყვიტეთ, რომ სამეცნიერო ფონდის ფარგლებში, მარსის კვლევაზე შეგვეტანა პროექტი. ახლა მრცხვენია, რადგან მაშინ ვფიქრობდი, რომ ფონდში მასხრად აგვიგდებდნენ, პირიქით კი მოხდა. თუმცა, თვითონ პროექტს სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ. დაახლოებით, 7 თვის შემდეგ მოვიდა უცხოელი ექსპერტების შეფასება. ერთ კომპონენტში 98-ით, ხოლო მეორე-ში 100 ქულით შეფასდა.

ეს ჩვენი ოცნების პროექტი იყო, რომელიც მარსთან და მის ათვისებასთან დაკავშირებულ ყველა ბიოლოგიურ პრობლემას ეხებოდა. იმას, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება წარმოიქმნას მარსის ათვისების დროს, და რომელი ამოცანების გადაჭრა შეუძლია ბიოლოგიას, ანუ როცა ადამიანები წავლენ მარსზე. დაწყებული პირველი ვიზიტებიდან, დამთავრებული გრუნტის თვისებებით. შეიძლება, თუ არა მარსზე მცენარის გაზრდა და ა.შ. ძირითადად, მარსის გრუნტის ბიორემედიაციაზე ვიყავით ორიენტირებული – როგორ მოვახერხოთ, რომ მარსის უნაყოფო გრუნტმა უზრუნველყოს მომავალი კოლონისტებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები მოსავალი, პლიუს საკითხი – შეიძლებოდა, თუ არა იქ ყოფილიყო რაიმე სახის სიცოცხლე. არათუ ადგილზე, არამედ დედამიწიდან გაგზავნილი ხომალდებით ჩატანილი რაიმე ტიპის შესაძლო სიცოცხლე (ადრე არ ასტერილებდნენ ხოლმე ხომალდებს გაგზავნამდე). ასე რომ, თუ მარსზე ოდესმე სიცოცხლეს აღმოვაჩენთ, შეიძლება ვერც მივხვდეთ, ადგილობრივია, თუ ჩატანილი. ეს საკითხები იყო განხილული. ამ პერიოდში 7 სტატია დავწერეთ ამ თემაზე და ისინი NASA-ს ჟურნალ Astrobiology Magazine-შია გამოქვეყნებული. 

პროფესორი ნუგზარ ალექსიძე და დოქტ. მარიკა ტარასაშვილი ასტრობიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ლიგ-სითი აშშ, 2010

„ამერიკელები ცოტა სხვანაირები არიან. იციან, რომ შეიძლება დღეს საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს და გაფინანსებენ, რადგან გჭირდება დახმარება. მენტალურად, მათ ახასიათებთ ძალიან საინტერესო რამ – სტერეოტიპებისგან არიან თავისუფალი. ისინი არ ფიქრობენ, რომ რაღაც ღარიბი ქვეყანა ხარ და მარსის კვლევას რა უნდა ასეთ ქვეყანაში, პირიქით – აქვთ იმის განცდა, რომ აქ, საქართველოში მიღებული სამეცნიერო დასკვნები ყურადსაღებია მათი მისიებისთვის. კონფერენციებზე კი წარმოჩენილი ვიყავით ქვეყანად, სადაც ასეთი მნიშვნელობის კვლევები ტარდება.

M: მიკროორგანიზმებს შეუძლიათ გამრავლება და გადარჩენა მარსზე – ამ პასუხამდე როგორ მიხვედით?
ის ქიმიკატები და მინერალები, რაც კოსმოსში, ან მარსზეა, არსებობს დედამიწაზეც, შესაბამისად, მარსის გრუნტის იმიტაციის გაკეთება დედამიწაზე შეგვიძლია. მეორე მხრივ, მარსის პირობების შესაქმნელად, ლაბორატორიაში კამერა გავაკეთეთ. იმდენად კარგი კამერა გამოვიდა, რომ პატენტი გვაქვს მასზეითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მარსის კამერა მსოფლიოში (ახლა უკეთესს ვამზადებთ). ექსპერიმენტის აღწერას რომ დავუბრუნდეთ, ავიღეთ ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები მიკროორგანიზმები, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოვიპოვეთ ძალიან ცხელ და ძალიან ცივ, ძალიან მჟავე და ძალიან ტუტე გარემოში, და მოვათავსეთ ისინი მარსის სიმულაციურ პირობებში. მაგალითად, მთამსვლელებს ჩამოჰქონდათ ხოლმე ჩვენთვის გარკვეული სახის ბაქტერიები, ის ნივთიერებები, რაც მარსის გრუნტშია. ოთხი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, სანამ ნაშრომი გამოქვეყნდებოდა. თუმცა, დღემდე იმ პირობებშია და ვაკვირდებით, გადარჩებიან, მუტაციას განიცდიან თუ ბიოქიმიურად როგორ გარდაქმნიან ამ გრუნტს და ა.შ.

პლანეტა მარსის პირობების საიმიტაციო კამერა მარსის იმიტაციურ გრუნტზე განთესილი მიკრობებით, თსუ

M: ბუნებრივია, თუ მარსზე კოლონია გვექნება, უნდა გვქონდეს მოსავალიც (თუ გვინდა, თვითმყოფადი კოლონია გვქონდეს). თქვენს ექსპერიმენტზე დაყრნობით, ცხადი გახდა, რომ ამ მიკროორგანიზმებს მარსის გრუნტის „ნაყოფიერ მიწად“ გარდაქმნა შეუძლიათ…
პირდაპირ, აბსოლუტურად შეუძლებელია მცენარის გახარება მარსის გრუნტში, მას სჭირდება მიკრობებით შეცვლა, უხსნადი კომპონენტების ხსნადად გარდაქმნა, რადგან საჭირო კომპონენტები ხსნადად თუ არ იქცა, იმ მინერალებს, მარილებს და სასარგებლო ნივთიერებებს, რაც მცენარეს სჭირდება, ვერ აითვისებს. ხსნად ფორმაში გრუნტის ელემენტების გადატანა შეუძლია მხოლოდ ამ ბაქტერიებს, რომლებიც გამოვავლინეთ. ჩვენ გავაკეთეთ ეს გრუნტის იმიტაცია ბაქტერიებით და დავთესეთ ლობიო და ხორბალი და გამოგვივიდა, გაიხარა ამ კულტურებმა.

M: და შემდეგ, ალბათ, დაიწყო პროექტი, რომელიც მარსზე ქართული ვაზის გაშენებას ისახავს მიზნად. როგორ მოხდა ეს?
როცა ვამბობთ, რომ ვაზს გავაშენებთ მარსზე, ცხადია, იგულისხმება, რომ მას გავაშენებთ მარსის სადგუზე, და არა გარეთ, პლანეტაზე, სადაც ეს მცენარე თავისი შესაძლებლობების ზღვარზე გაიხარებს. დამიკავშირდა ტუსია ღარიბაშვილი და მითხრა – ჰქონდათ ასეთი მოსაზრება, რომ მარსზე შეიძლება გავაშენოთ ვაზი და იქ დავწუროთ ქართული ღვინო – გენიალურ იდეად მომეჩვენა. რომ დავფიქრდი, ამ მცენარეს გრუნტში აქვს ძალიან მცირე ფესვები, მას უფრო საჰაერო ფესვები აქვს და ასევე, დიდი ფოთლები, რომლებიც ფოტოსინთეზს კარგად აწარმოებენ და, მაშასადამე, ასტრონავრების გამონასუნთქ  ნახშირორჟანგსაც კარგად ცვლიან ჟანგბადით. გარდა ამისა, ყურძენი შეიცავს ძალიან ბევრ ისეთ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს რადიაციისგან დაზიანებული უჯრედების აღდგენას. მასში არის დიდი რაოდენობით გლუკოზა, სხვა შაქრები, რესვერატროლი – ე.წ. „რადიაციის ფარი“, ფლავონოიდები, E ვიტამინი და ა.შ. ღვინოს რომ ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ყურძნისგან ბევრი სახის საკვების დამზადება შეიძლება, ეს დიდი ხანია ცნობილია. ვაზი კი ისეთი მცენარეა, რომელიც გარდა საკვებისა და ჟანგბადის დიდი რაოდენობით წარმოებას შეძლებს, იოლად გაძლებს ასეთ მკაცრ პირობებში. ამიტომ, დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობას.

ვაზის 4 ჯიში, რომელიც მთვარე/მარსის იმიტაციური სათბურის პირობებში იზრდება. SpaceFarms

M: რამდენად რეალურია, რომ ეს ნამდვილად მოხდეს, ანუ ქართული ჯიშის ვაზი იყოს ერთ-ერთი პირველი მცენარე, რომელიც მარსზე გაიხარებს? რა გზაა პროექტის შესასრულებლად გასავლელი?
სამეცნიერო კვლევებით საბოლოოდ თუ დადასტურდება ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, NASA-ც დაინტერესდება და ევროპის კოსმოსური სააგენტოც. ახლა ჩვენ გვინდა შევამოწმოთ დახურულ სისტემაში რამდენად ეფექტურია ვაზი, როგორც ფოტომასინთეზირებელი მცენარე. ასე გავიგებთ, ჩვენ რა პრივილეგიები გვაქვს, კვლევებიდან გამომდინარე.

არის პროგრამები, რომლებიც გვთავაზობენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საკვლევი ნიმუშის გაგზავნას. უნდა დაიწეროს მოცულობითი და რთული პროექტი, მიუთითებ, რომ ცდა არის ჩასატარებელი მიკროგრავიტაციაში, ჟანგბადის ნაკლებობაზე, ულტრაიისფერ დასხივებაზე და ისინი ამას აკეთებენ. ჩვენი – საქართველოს კოსმოსური კვლევითი სააგენტოს პირველი ნაბიჯი იქნება ზუსტად ეს. ჩვენ შევფუთავთ ამ ყველაფერს, ცალკე ბაქტერიებს, ცალკე ვაზის ნაზრდს, გავაგზავნით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და საქართველოს სახელით ჩატარდება ცდები. წელიწადში ერთხელ ცხადდება პროგრამა, დიდი რიგია, განსაკუთრებით ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან მიღებული განაცხადების გამო; თუმცა, NASA-ში არა ყურის მოკვრით, არამედ პირადად გვიცნობენ, იციან, თუ რა კვლევები ჩაგვიტარებია, ამიტომ, არა მგონია ნაკლები პრივილეგიები მოგვანიჭონ. მე ბევრი ტრენინგი გავიარე და ვიცი, თუ როგორ უნდა დაიწეროს ასეთი პროექტები. სხვათა შორის, სერიოზულად ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემდეგ, ექსპერიმენტზე განაცხადი, მთვარის ათვისების ფარგლებშიც შევიტანოთ (ეს პროგრამა 2024 წლიდან ცხადდება). 

2014 წელი, NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტში სტაჟირებაზე, მაუნთინ-ვიუ, აშშ

M: თქვენი, როგორც პედაგოგის და თქვენი, როგორც მეცნიერის მიზანი რა არის? შეიძლება, რაღაც კონკრეტული გეგმა არ გქონდეთ, მაგრამ რას ჩათვლიდით, ამ ბევრი რამის შემდეგ, კიდევ უფრო დიდ მიღწევად თქვენთვის?
ჩემი, როგორც პედაგოგის მიზანი არის, რომ ბავშვებს შეუყვარდეთ მეცნიერება. როცა ეუბნები, რომ მჟავას დავასხათ ტუტე და ის განეიტრალდება – როგორ უნდა წარმოიდგინოს ეს ბავშვმა თუ არასოდეს უნახავს? მიზანი არის, რომ მეცნიერების გაკვეთილი უნდა იყოს საერთოდ სხვა რამ. საერთოდ გაკვეთილი უნდა იყოს სხვა რამ. ბავშვმა არ უნდა თქვას, „ოხ როდის დავამთავრებ ამ ოხერ სკოლას“ და „აუ, ყელში ამოვიდა“. შესაცვლელია ეს ყველაფერი, არ უნდა იყოს განათლება თავს მოხვეული. მაგალითად, არიან ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ამ ტექნიკური საგნების ინტერესი, მაგრამ გადასარევად კითხულობენ ლექსებს. რატომ უნდა დააძალო მათ ფიზიკის განტოლების ამოხსნა? პროფილირებული სწავლების მომხრე ვარ. მერვე კლასამდე უნდა გაიგონ ყველაფერი რას ნიშნავს და შემდეგ უნდა წავიდნენ სასურველი მიმართულებით. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე მიმართულება არაა საჭირო. უბრალოდ, იმდენად გაიზარდა თითოეული მიმართულება, რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის ერთად სწავლა. ჩემმა თაობამ გაიარა ყველაფერი ცოტ-ცოტა და საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ არ იცოდი არაფერი. 

სამეცნიერომ, ან პედაგოგიურმა მოღვაწეობამ უნდა მოგანიჭოს ბედნიერება. შენ თუ მეცნიერი ხარ და უბედური ხარ იმით, რომ მეცნიერი ხარ, შენ თუ მასწავლებელი ხარ და უბედური ხარ იმით, რომ მასწავლებელი ხარ, მომავალი თაობაც ასეთი უბედური იქნება. დღეს მეცნიერებამ კაცობრიობას მისცა ყველაფერი, რაც საჭიროა ადამიანის კომფორტისთვის. ახლა მთავარია, ადამიანი როგორ მოიხმარს ამას ყველაფერს და ეს უნდა დაიწყოს სკოლიდან.

ხოლო როგორც მეცნიერის მიზანი არის გავაკეთო ის, რაც შემიძლია. რაღაც ღირებული დავტოვო. უკან რომ მოვიხედავ არ ვთქვა რომ, საერთოდ რისთვის ვარსებობდი. რაც შემეძლო გავაკეთე. თუ რაღაც რაც არ გამომივიდა, არ გამომივიდა. ადამიანები ვართ.

ასტრონომიის გაკვეთილი თსუ-ში. @IPEC

M: ისევ მარსს რომ დავუბრუნდეთ, ბოლო დროს საზოგადოების დიდი ინტერესი აქვს მარსის კოლონიზაციის საკითხს. რა პრობლემები, ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ, უზუსტობებია თქვენთვის, როგორც ასტრობიოლოგისთვის, ფართოდ გავრცელებულ აღქმებში, რომელი მარსსა და მასზე დედამიწისეული სიცოცხლის გავრცელებას უკავშირდება?
როდესაც მარსის ათვისებაზე ვიწყებთ საუბარს, ძალიან ხშირად წარმოუდგენიათ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე დამთავრდება და უნდა გადავიდეთ მარსზე. ეს არის სრული აბსურდი, ეს ისეთმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომელსაც სიტყვით, შეიძლება, უყვარს დედამიწა, მაგრამ ვერც წარმოუდგენია რამდენად ძვირფასი და იდეალური პლანეტაა ის. სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაც უფრო იკვლევ კოსმოსს, მით უფრო გიყვარდება დედამიწა და მით უფრო ხვდები, რომ უნიკალურია ეს პლანეტა. მარსის კოლონიზაცია არ არის საფუძველი დედამიწაზე სიცოცხლის შეწყვეტისთვის და მთლიანად მარსზე გადაბარგებისთვის. სიცოცხლე, მით უმეტეს, დედამიწაზე, იმდენად კარგი რამ არის, რომ ის უნდა გავრცელდეს მარსზეც და ყველა დაუსახლებელ პლანეტაზე, სადაც ეს შესაძლებელია. შეიძლება წავიდეს საკუთარი ევოლუციის გზით, მაგრამ სიცოცხლე უნდა გავრცელდეს. ამის საპირისპირო მოსაზრება კი გავს იმას, რომ კოლუმბი ან ამერიკო ვესპუჩი არ უნდა ჩამსხდარიყვნენ გემში და არ უნდა წასულიყვნენ სხვა კონტინენტის, ან თუნდაც სხვა სავაჭრო გზების საპოვნელად.

M: თუმცა, ხშირად ამ მოსაზრებას საფუძვლად აპოკალიპტური ნარატივები უდევს. ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მარსი ადამიანის სახეობის გადარჩენის გზაა…
აპოკალიპსში ხშირად დედამიწის დაღუპვას გულისხმობენ. ის პერიოდი, როცა იღუპება დედამიწა, ანუ მილიარდობით წლის მერე, იღუპება მარსიც. აქ სხვა რაღაცაშია საქმე – ყველა შემთხვევისთვის, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა იცოდე, როგორ დასახლდე სხვა პლანეტაზე, გაიქცე სხვა პლანეტაზე, გადაარჩინო დედამიწისეული სიცოცხლე, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რამე გლობალური კატასტროფა. ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ეს არასოდეს მომხდარა, როცა ეს მოხდა ბევრჯერ. ყველაზე უფრო ცნობილი კასტა ამ კუთხით იყვნენ დინოზავრები. ე.წ. გლობალური გადაშენება და კოსმოსური ფაქტორებიდან გლობალური გადაშენება უკვე 5-ჯერ იყო დედამიწაზე. არის ამის გეოლოგიური ჩანაწერები, როცა სიცოცხლის 98% ლამის გაქრა. იყო ზეახალი ვარსკვლავის ანთება ძალიან ახლოს, როცა ოკეანეები ადუღდა და მიკრობების გარდა არაფერი დარჩენილა; იყო ვულკანების ამოფრქვევის ხანა, როდესაც ხმელეთზე ყველაფერი განადგურდა, ასევე, დედამიწის მაგნიტური ველის რევერსია, როცა მაგნიტური ველი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, გაქრა და ამით მთელი სიცოცხლე მოისპო. ჟანგვითი ეპოქების ჩანაწერებს კი ჩვენს მთიან ქვეყანაში მრავლად შევამჩნევთ – წითელი ზოლები მთებზე, რომლებსაც ნაცრისფერი ქანები ცვლის. ეს ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფისა და შემდეგ კლების გეოლოგიური ჩანაწერია და მან ბევრი ცოცხალი არსების  გადაშენება რამდენჯერმე გამოიწვია.

მარსის სიმულაციური სასტარტო კოლონია ჩინეთში, ქ. განსუ. @Story Instutue

ასე რომ, მარსი – ეს არის სასტარტო პლანეტა, საიდანაც ჩვენ კოსმოსის ათვისებას ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ არც არასდროს მოგვიწევს სრულად დედამიწიდან წასვლა, რადგან მარტო ბიოლოგიური კვლევები არ ამიმდინარეობს აქ. არის კვლევები სივრცის გამრუდებაზე, არის ატომური კოლაიდერი, სადაც სწავლობენ სამყაროს სტრუქტურას. თუკი მზეს, მილიარდობით წლის შემდეგ, აფეთქება ელის, ჩემთვის ძალიან კარგი მომენტი იქნებოდა, რომ მოგვეფიქრებინა ისეთი საშუალება, რითაც ჩვენი შთამომავლები შეძლებდნენ სივრცის გამრუდებას და ჩვენი ლამაზი დედამიწიანად სხვა ვარსკვლავთან გადავბარგდებოდით. ვერ ვიტყვით, რომ ეს არ არის შესაძლებელი. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ მზეს რამე დაემუქრება. თუნდაც, მარსიც თან წავიყოლოთ… მაშინ მარსიც გამწვანებული იქნება.

M: და მარსის გამწვანებაში, ალბათ, თქვენი წვლილიც იქნება…
თუ ისე წარიმართა ყველაფერი, როგორც ვფიქრობთ, დიახ.

ავტორი: ხატია თორდუა

მარკეტინგის ევოლუცია – “პროდუქტიდან – მომხმარებლამდე, მომხმარებლიდან – ადამიანის გულამდე”

Thai Box – „უნიკალური ტაილანდური რესტორანი თბილისში“