in

Marila — რაში მდგომარეობს ქართული ღვინის მარილის საიდუმლო?

Startauperi
Startauperi
  • საქართველოში ქვევრის ღვინის მარილი „მარილა“ იწარმოება.
  • კომპანიის დამფუძნებლის ვახტანგ ვათიაშვილის თქმით, ღვინის მარილით მხოლოდ საფრანგეთის ბორდოს რაიონია სახელგანთქმული, ახლა კი საქართველოც დაიმკვიდრებს სახელს.
  • ქართული ქვევრის ღვინის მარილი ექსპორტზე გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკაში გადის.

მარილა ერთად დავარგებულ უმაღლესი ხარისხის ქვევრის ღვინოსა და მარილს, ყოველგვარი დანამატების გარეშე, გვთავაზობს. თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანი ერთი წელიწადი და ცოტა უფრო მეტი იყო, რა დროც საიდუმლო რეცეპტის შემუშავებას დაეთმო. ყველაფერი კი საფრანგეთის ბორდოს რაიონიდან მეუღლისთვის საჩუქრად ჩამოტანილი ღვინის მარილით დაიწყო, რაც შემდგომ საქართველოში პროდუქტის არარსებობით გაგრძელდა… ამას რეცეპტების ინტერნეტში ძიების ექსპერიმენტებში გადაზრდა მოჰყვა და საბოლოოდ Marila — ქართული ქვევრის ღვინის მარილიც შეიქმნა. 

„როდესაც ღვინის მარილის დამზადება გადავწყვიტე, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მომეთავსებინა მარილი ღვინოში ისე, რომ არ გამდნარიყო, ამავდროულად, შეენარჩუნებინა ფერი და არომატები. დავიწყე მეთოდების ძებნა, მაგრამ ინტერნეტში საკმაოდ მწირი ინფორმაცია აღმოჩნდა ამის შესახებ და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არცერთმა მოცემულმა რეცეპტმა გაამართლა. შესაბამისად, მომიწია თავად ჩამეტარებინა ექსპერიმენტები და რამდენიმე თვეში, შევქმენი ჩემი საავტორო რეცეპტი, რომელსაც ყოველ ჯერზე ვხვეწავ. მარილას შექმნის მეთოდი საიდუმლოდაა დაცული საქპატენტში, როგორც ინტელექტუალური ნაშრომი. თუმცა, ყველაზე დიდ საიდუმლოს თამამად გაგიმხელთ: იმისათვის, რომ ღვინის მარილი იყოს უნაკლო, საჭიროა, გამოვიყენოთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ღვინო“, — გვეუბნება ვახტანგ ვათიაშვილი, მარილას რეცეპტის ავტორი და დამფუძნებელი. 

პროდუქტის შესახებ ცნობიერება მომხმარებლებში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, ამიტომ მარილას გუნდის წევრებს მისი გაცნობაც უწევთ მომხმარებლებისთვის. კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ვათიაშვილმა კი მარკეტერს ღვინის მარილი ასე გააცნო: არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ღვინის მოყვარულია თუ არა, ის, როგორც სანელებელი, სრულიად განსხვავებული და შეუცვლელია თავისი გემოთი, არომატებითა და თვისებებით

Marila ექსპორტზე პირველად გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გავიდა, სადაც კომპანიის წარმომადგენელმა წარმატებით შეძლო პროდუქტის წარდგენა დაინტერესებული პირებისთვის. დღეს კი უკვე ქართული ქვევრის ღვინის მარილი დიდ ბრიტანეთთან ერთად, ამერიკაშიც იყიდება — ეს ყველაფერი მარილამმხოლოდ 5 თანამშრომელთან ერთად მოახერხა! თუმცა რადგან პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება და მომავალში უფრო მეტ ქვეყანაში გეგმავენ მის ექსპორტზე გატანას, ამასთან, თვის ბოლოს შოურუმს, საწარმოსა და ოფისს ერთ სივრცეში ხსნიან, მათი გუნდიც გაიზრდება. 

როგორც ვახტანგი გვეუბნება, ღვინის მარილის შესახებ ბორდოში შედარებით მეტი ინფორმაცია აქვთ, რადგან იქ რამდენიმე შატო ამზადებს მას, ისიც სუნელების დამატებით. მარილაკი კლასიკურ არომატებს სთავაზობს მომხმარებლებს, სუნელების გარეშე, რასაც კონკურენტულ უპირატესობადაც მიიჩნევენ. უფრო ზუსტად, ორ სახეობას: საფერავსა და რქაწითელს. ამ ჩამონათვალს წელს გურული, რაჭული და იმერული ღვინოებიც დაემატება. კიდევ უფრო მოგვიანებით პიკანტური მარილას შექმნაც იგეგმება, რომელშიც სხვადასხვა ქართულ სუნელსა და გამშრალ მწვანილს შეხვდებით.

ქართული ქვევრის ღვინის მარილი პატარა გამჭვირვალე ბოთლებითაა წარმოდგენილი, ეტიკეტზე კი QR კოდია დატანილი, რომელზე გადასვლითაც ინგლისურ პრეზენტაციას გაეცნობით. ამგვარად, საქართველოდან საჩუქრად ყოველთვის თუ ღვინო მიგვქონდა, ახლა ღვინის მარილიც გვაქვს, რომელსაც პასპორტი, ხის ქვევრის საკიდი და ბრენდული ჩანთა მოჰყვება. მის შეძენას კი ონლაინ, მარილას ვებგვერდიდან, ველი სთორისა და ანტრეპრენერის ონლაინ მაღაზიებში შეძლებთ. ასევე, „8000 მოსავლის“ ყველა ფილიალში, „სასმურში“, რესტორან „მარგალიტასა“ და მაღაზია „ფიმფამფოში“. როგორც ვიგებთ, რამდენიმე ობიექტთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გაყიდვების არეალიც მალე გაფართოვდება… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„ცხოვრების ბრიფი“ — როგორ მივხვდეთ, რა გვინდა?

კარიერული განვითარების პროგრამა სმარტ აკადემიაში – როგორ ვეხმარებით სტუდენტებს დასაქმებაში?