კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს მარილისა და ჟელატინის ინოვაციური მასალები, რომლებიც შეიგრძნობს ტემპერატურას, ტენიანობას, დაძაბულობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ოთახის ტემპერატურაზე “თვითგანკურნების” უნარი აქვს.
ცხადია, ეს რევოლუციური გარღვევაა რობოტიკის სფეროში, რადგან “თვითგანკურნებადი” მასალები ახალ საფეხურზე აიყვანს ინდუსტრიას. “რბილი სენსორების რობოტიკაში ჩართვა საშუალებას გვაძლევს, მეტი ინფორმაცია მივიღოთ მათგან. მაგალითად, ის თუ როგორ იღებს ტვინი კუნთებისგან სხეულზე ინფორმაციას”, — ამბობს დევიდ ჰარდმანი, კვლევის ავტორი და კემბრიჯის ინჟინერიის უნივერსიტეტის მეცნიერმა.
საგულისხმოა, რომ ეს ახალი მასალა სრულიად განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის ტექნოლოგიებისგან — მას თვითგანკურნებისთვის გაცხელება არ სჭირდება. ამასთან, ტექნოლოგიას შეეძლება, დამოუკიდებლად აღმოაჩინოს, როდის არის დაზიანებული და ადამიანის ჩარევის გარეშევე შეაკეთოს საკუთარი თავი.
სრულყოფილი შედეგის მისაღებად, მკვლევრებმა ნახშირბადის მელნის ნაცვლად ნატრიუმის ქლორიდის (მარილის) შემცველი სენსორები გამოიყენეს. ამრიგად, მასალები იაფი და ადვილი დასამზადებელია. თანაც, მსგავსი მატერიალი შედგება ადვილად მოსაპოვებელი, საკვებისთვის უსაფრთხო მასალებისგან.
“ეს ნამდვილად კარგი ტექნოლოგიაა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იაფი და მარტივია მისი დამზადება. ჟელატინისაგან მთლიანი რობოტის გაკეთება და სენსორების დაბეჭდვა შეგვიძლია”, — ამბობს კვლევის თანაავტორი დოქტორი თომას ჯორჯ-ტურუტელი.
ამ ეტაპზე მეცნიერები თვითგანკურნებადი მასალების გამოყენების სხვა ალტერნატივებსაც იკვლევენ — მათ შორისაა ხელოვნური კანი.