24
Jan
2019

მარიო ვარგას ლიოსა თბილისს ეწვევა

24 Jan 2019

5 დღის განმავლობაში, სექტემბრის თვეში, თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ცნობილი ნობელიანტი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა. ეს მწერლისთვის პირველი ვიზიტია კავკასიაში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრა არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებსა და მთარგმნელებთან, ასევე – ქართველ მკითხველსა და სტუდენტებთან.

 

როგორც წიგნის ცენტრში ამბობენ, ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი წიგნის “საუბარი კათედრალში” პრეზენტაცია, რომელიც ამჟამად ქართულად თარგმნის პროცესშია. მწერალმა იგი 1969 წელს დაწერა. წიგნი შეეხება 1950-იან წლებში, პერუში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას.

აღნიშნული ვიზიტი “ინტელექტისა” და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მხარდაჭერით ხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარიო ვარგას ლიოსა თბილისს ცოლთან ერთად ეწვევა.

განხილვა