Google ახალი პროექტით მარჯნის რიფების გადარჩენას ისახავს მიზნად. მართალია, ამას საზღვაო ბიოლოგ სტივ სიმპსონთან და საზღვაო ეკოლოგ მერი შოდიპოსთან ერთად აკეთებს, მაგრამ მიზნის მისაღწევად ჩვენი, ბევრი ადამიანის დახმარება სჭირდება — ტექნოლოგიური გიგანტი მოხალისეებს მოუწოდებს, AI-ს გაწვრთნაში დაეხმარონ, რომელიც წყალქვეშა ცხოვრების ხმებს ამოიცნობს. მიზანი ამ ხმებით ოკეანეში მცხოვრები სახეობების პრობლემების გაგება და მათი გადაჭრაა.
დედამიწაზე არსებული მარჯნის რიფები კლიმატური ცვლილების, თევზაობისა და დაბინძურების გამო სწრაფი ტემპით იკლებს. ჩვენი სწრაფად ცვალებადი ატმოსფერო კი წყლის ტემპერატურის მატებას იწყებს, რაც მარჯნებს დაავადებების მიმართ მოწყვლადს ხდის. ხოლო CO2-ის დონის მატებამ ოკეანის მჟავიანობა შეიძლება გამოიწვიოს, რაც კვლავ ცუდად ზემოქმედებს მარჯნის რიფებზე.
ამგვარად, Google Arts & Culture-ის ახალ ექსპერიმენტს ერთი მარტივი თხოვნა აქვს: დაუთმეთ რამდენიმე წუთი წყლისა თუ მცენარეების ხმების შესწავლას და ახლად შეძენილი ცოდნა AI მოდელისთვის გამოიყენეთ. უბრალოდ ბრაუზერის ფანჯრის გახსნა იქნება საჭირო, წყალქვეშა ჩანაწერების მოსმენა და ღილაკზე დაჭერა, როცა იფიქრებთ, რომ ეს თევზის ხმაა. თუ ამ პროცესში საკმარისი ადამიანი ჩაერთვება, მონაცემები პროცესის ავტომატიზაციას დაეხმარება.
„მარჯნის რიფები გასაოცრად ხმაურიანი ადგილებია, მაგრამ სადაც დაზიანებულია ან ზედმეტ თევზაობას აქვს ადგილი, ისინი ზღვის მაცხოვრებლების არარსებობის გამო ჩუმი ხდება. ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრი ჩანაწერია და აი, სად გვჭირდება დახმარება. თქვენგან მიღებული მონაცემებით კომპიუტერებს თევზის ხმების ავტომატურად მოსმენა შეეძლება“, — აცხადებს სიმპსონი.
საინტერესოა ისიც, რომ პროექტის ფარგლებში 10 რიფის ჩანაწერი გააკეთეს, რაც მოიცავს ავსტრალიას, ინდონეზიას, ფილიპინებს, ამერიკას, პანამასა და შვედეთს. მსგავსად, საზღვაო ცხოვრების აღდგენაც კი შეიძლება მოახერხონ — კვლევის თანახმად, დაზიანებულ ადგილებში წყალქვეშა დინამიკების გამოყენებით ჯანსაღი რიფების ხმების გაჟღერება, დიდი ალბათობით, ახალ თევზებსა ან სხვა წყალქვეშ მცხოვრებ სახეობებს მოიზიდავს. სწორედ ამიტომ ჰქვია პროექტს Calling in Corals.
ბუნებრივია, ამ პროცესში ადამიანების ჩართვა, Google-ს მიზნის მიღწევაში დაეხმარება, თუმცა მეორე მხრივ, ეს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს…